კადრი (ისტიკლალის ქუჩის მუსიკოსი)

ჩემი შეყვარებული მუსიკოსია,

მე იშვიათად ლექსებს ვწერ მისთვის

და ზოგჯერ ჩემთვის.

ჩემი შეყვარებული მუსლიმანია,

მე – ქრისტიანი.

ერთმანეთს პირველად  სტამბოლში შევხვდით

და აქვე დავრჩით,

და უკვე ერთად.

ჩემი მუსიკოსი შეყვარებული

ისტიკლალზე უკრავს ყოველდღე,

მე კი დავივლი შეკრებილ ხალხს და

ღიმილით მისთვის ხურდებს ვაგროვებ.

ღიმილით, რადგან უკვე ვიცი ამ საღამოსაც

ერთად ყოფნისთვის რამეს კი არ მოვიმიზეზებთ,

უბრალოდ ვისხდებით სადმე მშვიდ და ღია კაფეში,

დავლევთ რახს და ან სულ უბრალოდ შევჭამთ დონდურმას.

ახლა კი, როცა დღის ბოლოა და მე და ჩემი

მუსიკოსი შეყვარებული თავს ვუყრით ხურდებს,

ვითვლით და ვფიქრობთ, რაში როგორ გავანაწილოთ,

მისი ალაჰი ჩემს ღმერთთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს.

DSCN8207

Leave a comment