“100 ლექსის ქვეყანა” “ბავშვობაწართმეული თაობის” თვალით

“ამ წიგნში ქართველ პოეტთა ახალი თაობის ლექსებია შესული. არცერთი მათგანი არ არის ოცდაათ წელზე მეტის… ეს არის წინა თაობისგან სრულიად განსხვავებული გამოცდილების მქონე თაობა: რაც ჩვენ ახალგაზრდობისას მხოლოდ წიგნებში (ძველ-ძველ წიგნებში) წაგვეკითხა, მას თავს დაატყდა. ეს არის თაობა, რომელსაც სიყმაწვილეშივე შინ მიუვარდნენ ომები და კვლავაც ელის მათ”… ასე იწყება გამომცელობა “ინტელექტის” 100 ლექსის სერიით გამოცემული ახალგაზრდა პოეტების კრებულის შესავალი წერილი, რომელიც ბატონ ლევან ბრეგაძეს ეკუთვნის… ჩემთვის მოულოდნელობა იყო, რომ კრებულში შესულ ოცდაცამეტივე ავტორს ეს ტკივილი გაგვაერთიანებდა, მაგრამ ასე მოხდა…

“ბავშვობაწართმეული თაობის” (როგორც ბატონმა ლევანმა გვიწოდა) ამ კრებულში იშვიათად თუ წააწყდებით სიყვარულის თემას ან ლექსებს ფერად-ფერად ოცნებებზე… და მატარებელზე თუ გაქვთ ლექსებიო? მაშინვე გაჩნდა ეს შეკითვა (არ მახსოვს პირველად ვინ დაინტერესდა), როდესაც გამომცემლობას ერთი ძალიან საინტერესო იდეა დაებადა, თავი მოეყარა კრებულში შესული ავტორებისთვის და ყველანი ერთად “ლიტერატურული ექსპრესით” ბათუმისკენ გაემგზავრებინა. მე ვერ გავიხსენე საკუთარი ლექსი მატარებელზე, სხვებმაც უარის ნიშნად თავი გააქნიეს, მაგრამ თავში მაშინვე გიორგი ზანგურის ერთი ძალიან ლამაზი ლექსის სტრიქონებმა გამიელვეს ჩვენივე კრებულიდან (გიორგი იმ დღეს მიზეზთა გამო ვერ შემოგვიერთდა):
“დუდუნ, დუდუნ, დუდუნ, დუდუნ, დუდუნით,
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი.
ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეში,
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში…”
თუმცა კუპე შემდეგ იყო, უკანა გზაზე, მანამდე კი დღის მატარებელი – თბილისი-ბათუმის პირველი ვაგონი. ავედით თერთმეტი ე.წ. “ბავშვობაწართმეული” პოეტი, მეთორმეტე – გიორგი შალამბერიძე მოგვიანებით ქუთაისში შემოგვიერთდა (დანარჩენ ოცდაერთ ავტორს სხვადასხვა საპატიო მიზეზი აღმოაჩნდა წამოუსვლელობისთვის), ასევე გამომცემლობა “ინტელექტის” პიარტექნოლოგიების საუკეთესო და უპირატესი წარმმართველი, “მხედართმთავარი” მარიკა ბაკურაძე (“მხედართმთავრის” ტიტული, ცოტა მოგვიანებით, ყველამ ერთხმად მივანიჭეთ, ამ ტიტულის გასამართლებლად ყველა საჭირო თვისების აღმოჩენის გამო. ჩვენმა პატარა მეგობარმა ლაზარემ კი, რომელიც ლიტერატორ დედასთან ერთად საგანგებოდ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად დაგვემგზავრა, მარიკა კიდევ უფრო დააწინაურა თავის წარმოსახვაში და დროდადრო როგორც დირექტორს, ისე მოიკითხავდა ხოლმე) და პროფესორი თამარ, იგივე თამარელა წოწორია, რომელიც ძალიან გაოცებული დარჩა, როდესაც არსებული შემადგენლობიდან “პოეზიის მეფედ”, არც მეტი არც ნაკლები, ჩვენს ექსპრესს დამგზავრებული “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი დათო აბრამიშვილი ავირჩიეთ, რაც საბოლოოდ იმით გამართლდა, რომ პოეტებს შორის რომ დაგვეწყო “მეფის” ძებნა, წარმოუდგენელი დავით დასრულდებოდა ყველაფერი.
ვაგონში ავედით თუ არა, ნუკრი ბერეთელმა და პაატა შამუგიამ აუცილებელი საჭიროების ნივთებივით წამოღებულ კონიაკის ბოთლებს მაშინვე თავი მოხადეს. ალბათ სახლიდან გამოსვლამდე რომ წარმოიდგინეს, მთელი გზა მატარებლის შემთხვევითი მგზავრებისთვის თავისი ლექსები უნდა ეკითხათ, კიდევ უფრო დარწმუნდნენ ამ “საჭირო ნივთის” განსაკუთრებულ მნიშვნელობაში.

მართლაც სულაც არ აღმოჩნდა ადვილი დილის 8 საათზე სადგურში მოსული მგზავრები, რომელთა უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, ხანგრძლივი მგზავრობის დროს გემრიელ გამოძინებას გეგმავდა, იძულებული გაგეხადა უარი ეთქვათ თავიანთ გეგმებზე. თუმცა ვაგონის სხვადასხვა მხარეს ჩართულმა ტელეკამერებმა ერთგვარად ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა და მგზავრები იძულების წესით გამოაფხიზლა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არც ჩვენი პოეტობა ჩააგდეს რამედ და არც ტელეკამერები, მშვიდად წაიფარეს თბილი ქურთუკები და ჩვენი ლექსების კითხვის ფონზე გემრიელად წაუძინეს. გული არ გვტკენია, ისედაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ წარმოუდგენელია მატარებლის შემთხვევითი მგზავრების სრული შემადგენლობა პოეზიას მოწყურებული ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული. ერთი-ორი ადამიანის დაინტერესებული სახის დანახვა და ამაზე ცოტა მეტი ადამიანის ტაში, უკვე გამარჯვება იყო.
ამის პარალელურად გაიშალა სუფრა, რის გარეშეც ალბათ წარმოუდგენელიც კი იქნებოდა თორმეტი პოეტის ერთად მგზავრობა, და მართალია, სამოვარი და ცხელი ჩაი არ გვქონია, მაგრამ არც დიდი გაჩერებების დროს შემომატებული პროდუქტებით გამდიდრებული სუფრის ირგვლივ აღმოჩნდა ურიგო ლიტერატურაზე და ზოგადად ხელოვნებაზე საუბარი, თუმცა ხელოვნება არ ყოფილა ერთადერთი საკამათო საკითხი. ამ დისკუსიების უცვლელი მონაწილეები გიორგი კეკელიძე, ირაკლი კაკაბაძე, პაატა შამუგია და თამარელა წოწორია იყვნენ. დანარჩენები კი დროგამოშვებით უკანა სავარძლებზე გადაინაცვლებდნენ და ზოგი განმარტოებას და ზოგი უფრო ვიწრო წრეში დისკუსიებს ამჯობინებდა. შიგადაშიგ თბილისიდან გვიკავშირდებოდნენ ჩვენი კრებულის შემდგენლები, ზვიად კვარაცხელია და მაია კუდავა და დაწვრილებით გვეკითხებოდნენ მგაზვრობის დეტალებს.

გიო არაბულს ფანჯრიდან ჰქონდა თავი გაყოფილი და შეიძლება ლიანდაგების ხმაურში თავისი ახალი ლექსისთვის მეტაფორებსაც კი არჩევდა, სანდრო ლორთქიფანიძემ კი ყურსასმენები გაიკეთა და დროებით, ჩვენთვის უცნობი მუსიკის მოსმენა ამჯობინა კამათში ჩაბმას, მუსიკაც ხომ ერთგვარი შთაგონების წყაროა.
თუმცა ეს დროებითი დაქსაქსულობა მალევე აღკვეთა “მხედართმთავარმა” მარიკამ, რომელმაც ისეთი წინადადება წამოაყენა, მის ტიტულს იქვე მიემატა “მტანჯველის” და “მწვალებელის” ტიტულები. დასხედით ერთად და აქვე, ამ წუთას საერთო ლექსი დაწერეთო. დიდხანს ვაპროტესტეთ, ასე “შეკვეთით” ლექსის დაწერა ვის გაუგიაო, მაგრამ მხედართმთავარი რისი მხედარმთავარი იქნებოდა, ყველა თავის ნებას არ დავემორჩილებინეთ და უშედეგო გაბრძოლების შემდეგ პირველი ნაბიჯი გიორგი კეკელიძემ გადადგა, რომელმაც ისეთი არა გიორგი კეკელიძისეული ფრაზა დაწერა, რომ მთელი ლექსი ასევე წარიმართა და ბოლოს, როცა ჩვენი ექსპრომტი ხმამაღლა წავიკითხეთ, ძალიან შეგვშურდა ნუკრი ბერეთელის სიმტკიცის, რომელიც ბოლომდე თავის სიტყვაზე დარჩა და კატეგორიული უარი თქვა ჩვენი ლექსი საკუთარი ფრაზითაც გაემდიდრებინა. მაშინ ნინო სადღობელაშვილის ასევე მატარებელში დაწერილი იუმორისტული ლექსი ერთგვარ გამართლებად გვექცა ყველას:
“რადგან თქმულა, ძნელიაო
თან ლექსი, თან ანცობა,
ლექსს უხდება,
როგორც ამ გზას,
შინაგანი გავრცობა”.

ალბათ ნინოსთვისაც მოულოდნელობაა, რომ მისი ამ ლექსის ერთადერთი ეგზემპლარი ჩემი საწერი მაგიდის ერთ-ერთ უჯრაში ძალიან სათუთად ინახება.
შემდეგ ზღვაც გამოჩნდა და ბათუმისკენ მგზავრობაც უფრო მალე, უფრო მხიარულად, უფრო აქტიურად და ნაკლები დაღლილობით დასრულდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ჩასვლისთანავე ყველანი “100 ლექსის” წიგნების შეკვრებით დავიხუნძლეთ და ასე გავემართეთ “ლიტერატურული კაფისკენ”, იქ უკვე ტრადიციული პოეზიის საღამო და ბათუმელ მკითხველთან შეხვედრა გველოდა, მაგრამ მანამდე ერთი საათი გვქონდა დრო და მცირე წახემსების შემდეგ მაშინვე ზღვის სანაპიროს მივაშურეთ, მონატრებულ ტალღებს ყველა ჩვენ-ჩვენს ენაზე გავესაუბრეთ, ჩვენთვის გამორჩეული კენჭები გადავუგდეთ და ჩვენ-ჩვენი სურვილები გავაყოლეთ. შემდეგ მარიკას სატელეფონო ზარიც გაისმა და ყველანი აჩქარებული ნაბიჯით ისევ “ლიტერატურული კაფისკენ” გავემართეთ.

საღამომ კარგად ჩაიარა, ბათუმელმა პოეტებმა ბელა ქებურიამ და ვახტანგ ღლონტმა, ჩვენმა ბათუმელმა ახალგაზრდა პოეტმა და არაპოეტმა მეგობრებმა და მრავლად შეკრებილმა პოეზიის მოყვარულებმა გვიმასპინძლეს. შეკრებილი მსმენელის წინაშე ჩვენი წარდგენა ქალბატონმა თამარელამ იკისრა.
საღამოს შემდეგ დაგვრჩა რამდენიმე ძალიან ძვირფასი საათი მონატრებულ ბათუმელ მეგობრებთან ერთად გასატარებლად და მონატრებულ ზღვასთან კიდევ ერთხელ გამოსალაპარაკებლად.
გზა თბილისისკენ და ზემოთ უკვე ნახსენები კუპე არანაკლებ მხიარული აღმოჩნდა, მიზეზი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, მოახლოებული 12 საათი და ნინო ნადირაძის დაბადების დღე. სალომე ბენიძე ძალიან გონებამახვილი აღმოჩნდა, როდესაც მგზავრობის წინ შემთხვევით შეძენილი კექსი, დაბადების დღის ტორტად შემოგვთავაზა, შემდეგ კი დიდი ფიქრის შემდეგ უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილებს, უფრო მეტად გონებამახვილმა გიო არაბულმა კექსში სანთლების ნაცვლად ასანთის ღერების ჩარჭობა შემოგვთავაზა და ასეთი ორიგინალური ტორტით აღტაცებულები, გაბრწყინებული სახით შევედით 12 საათზე ნინოს კუპეში. ერთად შეკრების და ხმაურის მიზეზი ისევ მოგვეცა. მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და პოეტების ნაწილმა ნელ-ნელა თავიანთ კუპეებში გადაინაცვალა. თუმცა მე, ნინო ნადირაძე, ნინო ნეკერიშვილი, გიორგი არაბული, ნუკრი ბერეთელი, სანდრო ლორთქიფანიძე და სალომე ბენიძე კვლავაც მარიკას დიდი ძალისხმევით კიდევ დიდხანს ვისხედით კუპეში და “100 ლექსის” კრებულში შესულ თუ არშესულ საყვარელ ლექსებს ხმამაღლა ვკითხულობდით. შიგადაშიგ კი გამოსაფხიზლებლად ვთამაშობდით ყველაფერს, რაც კი ბავშვობაში საყვარელი გასართობი გვქონია, თუმცაღა “ომობანა” და ზევით აწეული ცერით და წინ გამოშვერილი საჩვენებელი თითით ერთმანეთის კვალში დევნა, არავის მოსვლია აზრად.
დილით წამოშლილი მგზავრების მეზობელი კუპეებიდან გაგონილმა რამდენიმე უკმაყოფილო ფრაზამ გვამცნო, რომ ხმაურიანი პოეტების გვერდით ძილი არც თუ ისე სასიამოვნო ყოფილა.

ამაზეც, რა თქმა უნდა, გულიანად გაგვეცინა.
ბაქანზე დავდგი თუ არა ფეხი, მაშინვე მივხვდი, რომ განვლილი 24 საათიც იმ სხვა 24 საათების თაროზე შემოვდე, რომელიც არც ისე ბევრი გვაქვს ხოლმე მარაგში და რომელიც ასე აღემატება ბევრ უარაფრო კვირასა თუ თვეს. და როდესაც სადგურის წინ დეკემბრის დილის სუსხით შეციებულები დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ყველა ჩვენი გზით წავედით, ისევ გიორგი ზანგურის ლექსის სტრიქონებმა გამიელვა თავში:
“რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაც,
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც.
ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია.”

“ლიტერატურული გაზეთი”

2009 წელი

Image

ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოში (ანუ როგორ გამომყვა პეპი საქართველოში)

რამდენად იშვიათი და გამორჩეული შემთხვევაც არ უნდა იყოს, შვედეთის მწერალთა კავშირი და შვედეთის ინსტიტუტი ქართველი საბავშვო მწერლებითა და ილუსტრატორებით დაინტერესდა. 2009 წლის მარტში თბილისში ჰელენა ბერგენდალი (შვედ მხატვართა გაერთიანების მმართველობითი საბჭოს წევრი) და მარი ოსკარსონი (შვედეთის მწერალთა კავშირის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექციის თავმჯდომარე) ჩამოვიდნენ საგანგებოდ საქართველოში საბავშვო ლიტერატურის სფეროში ჩართული ადამიანების გასაცნობად.

მე “ელფის” გამომცემლობიდან დამირეკეს და შემომთავაზეს შევხვედროდი შვედეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს მეტად საინტერესო პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ზუსტად ვერც მივხვდი პროექტი რას გულისხმობდა, მაგრამ მაინც ულაპარაკოდ დავთანხმდი. ჩემი და ჰელენას შეხვედრა წიგნის სახლის ლიტერატურულ კაფეში შედგა, დაახლოებით 40 წუთს ვისაუბრეთ. მე ჩემს საქმიანობაზე ვუყვებოდი, ვუხსნიდი, რომ მწერლობა საქართველოში ძალიან არამომგებიანი საქმიანობაა, მაგრამ მაინც ჯიუტად მინდოდა შევჭიდებოდი ამ საქმეს, რადგან წერა ჩემთვის ყველაფერია. მგონი ამ ბოლო ფრაზამ ჩემი ბედი გადაწყვიტა კიდეც… შვედები იმ საღამოს უკვე სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ჰელენამ მითხრა, რომ უამრავ მწერალსა და ილუსტრატორს შეხვდა და ჩვენი შეხვედრა უკანასკნელი იყო. ჩაიწერა საფოსტო მისამართი და ასე დავშორდით ერთმანეთს.

გავიდა რამდენიმე თვე და ის იყო ყველაფერი თავისთავად დავიწყებას მიეცა, რომ მეილზე ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო წერილი მივიღე. იმ წუთიდან პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გავხდი სხვა ქართველ და შვედ მწერლებთან და ილუსტრატორებთან ერთად. აი, ისინიც: სანდრო ასათიანი, ნანა კაციაშვილი, მაკა მიქელაძე, სოფიო კინწურაშვილი, გვანცა ჯობავა, რუსუდან ყიფიანი, ანა ჰოგლუნდი, ანდერს ვესტბერგი, ვივეკა შოგრენი, მატიას დანიელსონი, ლილიან ედვალი, კაისა გორდანი.

შემოდგომაზე შვედების დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. ორი დღის განმავლობაში თოჯინების მუზეუმში ძალიან საინტერესო სემინარები მიმდინარეობდა.

ქართველების მხრიდან ამ პროექტის თანადგომა და მხარდაჭერა “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელებმა, მარიამ წიკლაურმა და ირმა მალაციძემ ითავეს.

ორდღიანი სემინარების შემდეგ ქართულ-შვედური პროექტის ორი ხელმძღვანელი მარი და ჰელენა და თორმეტი ქართველი და შვედი მწერალი და ილუსტრატორი ბათუმში გავემგზავრეთ და დაიწყო პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი, საბავშვო წიგნების შექმნის ცოცხალი პროცესი. ოთხ ჯგუფად დაყოფილმა მონაწილეებმა დავიწყეთ ჯგუფური მუშაობა. მუშაობის პროცესში ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, იდეებს, ხშირი იყო კამათი ორი ქვეყნის განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების გამო. თუმცა საბოლოოდ მაინც ვახერხებდით ორივე მხარისთვის მისაღები გადაწვეტილების მიღებას. ბათუმში რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგად ოთხივე ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი წიგნი, თუმცა ჯერ დაუსრულებელი სახით. ამის შემდეგ შვედებმა დატოვეს საქართველო და დაგვიტოვეს პირობა, რომ შვედეთის მწერალთა კავშირისა და შვედეთის ინსტიტუტის ორგანიზებით გაზაფხულზე კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად უკვე სტოკქოლმში. და მართლაც 2010 წლის 6 მაისს, გამთენიისას ქართული დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან აფრინდა და გეზი სტოკჰოლმისკენ აიღო. ეს ჩემი პირველი ფრენა იყო. ვიყურებოდი თვითმფრინავის ილუმინატორიდან და ვფიქრობდი რაღაც ზღაპრულზე – მე ხომ პეპის სამშობლოში მივდიოდი.

გაწეული უანგარო შრომა მარიამ წიკლაურს და ირმა მალაციძესაც დაუფასდათ და ისინი ჩვენზე ადრე, 3 მაისს შვედეთის მწერალთა კავშირის სპეციალური მიწვევით ასევე სტოკჰოლმში გაემგზავრნენ. წინ უამრავი საინტერესო შეხვედრა გველოდა გამომცემლობებში, ბიბლიოთეკებში, ინსტიტუტებში, მწერლებთან, მხატვრებთან.

როდესაც სტოკჰოლმში ჩავედი და მარიამი ვნახე, ასე მითხრა: მე და ირმამ საქართველოში 10 წლის განმავლობაში მისაღები გამოცდილება ამ სამ დღეში მივიღეთ, დავამყარეთ უამრავი კონტაქტი და ამ ადამიანებმა გვასწავლეს ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებისთვის საჭირო უამრავი სასიკეთო გზაო.

ძალზე საინტერესო იყო ვიზიტი შვედეთის ერთ-ერთ უდიდეს საბავშვო გამომცემლობა “Raben & Sjogren”-ში, სადაც თვით ასტრიდ ლინდგრენი 25 წელი მუშაობდა რედაქტორად.

ვესტუმრეთ საბავშვო გამომცემლობა “ალფაბეტასაც”, გავეცანით მათ წიგნებსა და ავტორებს.

დაუვიწყარი იყო სტუმრობა “იუნიბაკენში”. ეს არის მუზეუმი, სადაც შეგიძლია პატარა მატარებლით ასტრიდ ლინდგრენის შთამბეჭდავ ზღაპრულ სამყაროში გაისეირნო. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ პეპის სამშობლოში დავდგი ფეხი, არამედ მასთან სახლშიც კი მივედი ამ პატარა მატარებლით, კარლსონთან ერთად სახურავზეც ავფრინდი და იქიდან გადავხედე სამყაროს. გაოგნებული ვიჯექი ჩემს კაბინაში და ვფიქრობდი, რამდენი ბავშვის აუხდენელი ოცნება იყოს ეს! ვინატრე, რა მოხდება, მსგავსი ჯადოსნური მუზეუმი ოდესმე საქართველოშიც გვქონდეს-მეთქი. “იუნიბაკენი” აერთიანებს ასევე საბავშვო თეატრს, წიგნის მაღაზიას, კაფეს. ეს არის გაცოცხლებული ჯადოსნური ზღაპარი!

ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა “კულტურის სახლში” საბავშვო ბიბლიოთეკის “ოთახი ბავშვებისთვის” ხილვამ (ჩვენდა მოულოდნელად “კულტურის სახლში” წავაწყდით აფიშას ქართველი პოეტის – ზურაბ რთველიაშვილის ფოტოთი, წარწერები შვედურად იყო, მაგრამ აგვიხსნეს, რომ რამდენიმე დღეში ზურაბს ლექცია უნდა წაეკითხა). მარტო ამ ბიბლიოთეკის ნახვით შეგექმნება წარმოდგენა, თუ როგორ ზრუნავს შვედი ხალხი ბავშვებზე, მათ წიგნიერებაზე. ამ “ოთახში” ბავშვები ძალიან პატარა ასაკიდან დაჰყავთ მშობლებს და მათთან ერთად თამაშობენ წიგნებით სავსე თაროებით მოწყობილ სამყაროში, ხატავენ, აფერადებენ, კითხულობენ და ასე თამაშ-თამაშით აყვარებენ თავის პატარებს წიგნებს.

გვქონდა შეხვედრა ხელოვნების ინსტიტუტშიც, რომელიც განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩვენი მხატვრებისთვის აღმოჩნდა, თუმცა არამარტო მათთვის. აქვე გავიცანით ქართველი სტუდენტი ნინო ბინიაშვილი, რომელიც უკვე დამამთავრებელ კურსს ასრულებს. მან თავისი სადიპლომო ნამუშევარი გაგვაცნო.

ბათუმში დაწყებული ვორქშოფის გასაგრძელებლად სპეციალურად გავემგგზავრეთ შვედეთის ერთ-ერთ კუნძულ ბისკოფ არნოზე, დავსახლდით სკანდინავიური უმაღლესი სასწავლებლის შენობაში, სადაც მშვიდ გარემოში, ულამაზესი ბუნების წიაღში შევუდექით მუშაობას.

ჩემს წარმოსახვაში კუნძული რაღაც მითიური ადგილი უნდა ყოფილიყო. ასეც აღმოჩნდა. ახლა სრუტეს გავივლით და კუნძულზეც მივალთო, ასე გვითხრეს. სრუტე? ესეც ახალი ხილი იყო, არც სრუტე მენახა აქამდე, კუნძულიც ასევე, მხოლოდ სიზმრებში ალბათ. უნივერსიტეტი ძველებურ შენობაში იყო განთავსებული. მოგვიანებით, ფოტოებს რომ ვათვალიერებინებდი ჩემს მეგობრებს, ასე მითხრეს, უცხოურ საშინელებათა ფილმებში რომ სახლებია, ისეთიაო, ტყეში იდგა და პირქუში შესახედი იყო, მითუმეტეს რომ ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, აქა-იქ თუ მოჰკრავდი თვალს ერთი კოტეჯიდან მეორეში მიმავალ სტუდენტებს. თავისუფალ დროს მარტო გამოვიპარებოდი ხოლმე, სრუტესთან ჩავდიოდი, ტყეში ვსეირნობდი და საქანელაზე ვქანაობდი. ცას მივშტერებოდი და ვფიქრობდი ცხოვრებაზე, რომელმაც შეიძლება ასე მოულოდნელად გადმოგტყორცნოს თუნდაც ასეთ იდუმალ ადგილას, რომელსაც ვერც ერთ წარმოსახვაში ვერ გაივლებდი გულში. ცას მივშტერებოდი და ვფიქრობდი, რომ აქაც ზუსტად ის ღმერთი იყო, რომელიც საქართველოში დავტოვე.

მუშაობის შედეგი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. აღმაფრთოვანა შვედების დამოკიდებულებამ თითოეული მონაწილისადმი, უაღრესად პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს, თითოეულ დაწერილ სიტყვას, გავლებულ ხაზს, ილუსტრაციას და არ ჰქონდა მნიშვნელობა ქართველის იქნებოდა თუ მათი თანამემამულის. აშკარად დავინახე, რომ ეს მათ ბუნებაში დევს. მათი რეაქციებიდან გამომდინარე  ვერასდროს მიხვდებოდი, რომელი იდეა მოეწონათ უფრო მეტად და ეს იმიტომ რომ მათთვის ყველა იდეა მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო. ქართველებმა კი, რა თქმა უნდა, მცირე დოზით იქაც გამოვავლინეთ ლიდერობისადმი მიდრეკილება და შეჯიბრობითობაც. მაგრამ საბედნიეროდ, რაც შვედებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ჩვენი უარყოფითი თვისებებიდან, ეს მოუწესრიგებლობა და არაპუნქტუალობა იყო.

ამის შემდეგ დავბრუნდით სტოკჰოლმში, სადაც შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტში ლილემურ ტორსტენსონის მასპინძლობით გაიმართა საღამო ქართული საბავშვო ლიტერატურის შესახებ. სამი ქართველი – სანდრო ასათიანი, მაკა მიქელაძე და სოფიო კინწურაშვილი – შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარდგნენ და ქართულ საბავშვო ლიტერატურასა და საკუთარ შემოქმედებაზე მოუთხრეს მას.

გამოსამშვიდობებელი საღამო სტოკჰოლმში, მწერალთა კავშირის შენობაში გაიმართა. საღამოს პროექტის ორგანიზატორებთან, პროექტის მონაწილეებთან, შვედ მწერლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და ქართველი სტუდენტი ხელოვნების ინსტიტუტიდან მეუღლესთან ერთად.

ეს იყო ძალიან ამაღელვებელი საღამო. შვედებმა უამრავი საჩუქარი გვისახსოვრეს, მათ შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი პეპის ულამაზესი თოჯინა იყო. ნინო ბინიაშვილი განცვიფრებული გვეუბნებოდა, რომ შვედეთში სამწლიანი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ემოციური შვედები თვალით არ ენახა. ჩვენ კი ვთქვით, რომ ამ ადამიანებმა ჩვენს თვალში დაამსხვრიეს ჩრდილოული სიცივის მითი და მათი სახით ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები შევიძნეთ.

12 მაისს ჩვენი თვითმფრინავი სტოკჰოლმის აეროდრომიდან აფრინდა. თვითმფრინავის ილუმინატორიდან მე და ჩემმი მეგობარი პეპი ქალაქის ხედს გადავყურებდით. პეპი საქართველოში გამომყვა…

ეს იყო თვითმფრინავით ჩემი პირველი დაბრუნება საქართველოში.

“ქართული მწერლობა”

6′ 2010წ.

30760_1444094419683_6326093_n

ტაო-კლარჯეთი – პირველი ბეჭედი პასპორტში

ტაო-კლარჯეთში სამი ავტობუსით გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო და როგორც ადრეც ვახსენე, ცნობილ და თავის საქმის პროფესიონალ ხელოვან ადამიანებთან ერთად მომიწია მოგზაურობა. ეს ის ხალხი იყო, რომელიც თავს ქართულ ინტელიგენციას უწოდებს. ალბათ არიან კიდეც. როდესაც მსგავს ადამიანებს ახლოდან გაიცნობ, აუცილებლად გადაფასდება შენი წარმოდგენები ამა თუ იმ სუბიექტზე, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად დადებითისკენ, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით უარყოფითისკენ. ასეთ რეალობასთან პირისპირ დარჩენა მეტად სასარგებლოა. ადამიანად ყოფნას სწავლობ მათგანაც ვინც თავის პიროვნული მახასიათებლებით იმედი გაგიცრუა და მათგანაც, ვინც აღფრთოვანებაში მოგიყვანა. ჩვეულებრივი და გარდაუვალი პროცესია.

მაგრამ ჩემ გვერდით იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი თანამოაზრეები: გიო არაბული, ნინო ნადირაძე, ნუკრი ბერეთელი და ნინო ნეკერიშვილი. მათი იმედი მქონდა და ამ იმედგაცრუებებს არ შევუშინებივარ.

გამთენიას სამ საათზე უნდა დავდგომოდით გზას, მაგრამ არავის გაჰკვირვებია, რომ მხოლოდ 5 საათზე დაიძრა ჩვენი ავტობუსები. ერთ-ერთ ქალბატონს (წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო), პასპორტის წამოღება დაავიწყდა და ვიცდიდით, სანამ სახლში დაბრუნდა და ამ საჭირო ნივთით ხელდამშვენებული ისევ შემოგვიერთდა. თურქეთის საზღვარი დილით გადავკვეთეთ. ერთი ინციდენტი იქაც გველოდა, ერთ-ერთ პროფესორს ვადაგასული პასპორტი აღმოაჩნდა და სარფის საზღვრამდე მისული უკან თბილისში გამოაბრუნეს.

თურქმა მესაზღვრეებმა პასპორტში პირველი ბეჭედი ჩამირტყეს თუ არა, ღრმად ჩავისუნთქე და მარჯვენა ფეხით გადავედი საზღვარზე. საოცარი შეგრძნება დამეუფლა. პირველად ვტოვებდი საქართველოს, თუმცა ესეც პირობითად, ეს ბეჭედი ხომ საქართველოს დაკარგული ტერიტორიის მონახულების უფლებას მაძლევდა (რას არ მისცემდა თითოეული ჩვენგანი, პასპორტში მსგავსი ბეჭედით აფხაზეთში თუნდაც ერთი დღით ფეხის დადგმის უფლება რომ მოეპოვებინა).

ისევ ჩავსხედით ავტობუსში და გზას დავადექით. ლურჯი, ლურჯი ზღვა დაუსრულებლად. ასე იწყება თურქეთი ჩემს წარმოსახვაში. ავტობუსის ფანჯრიდან საოცრად სუფთა და კამკამა ზღვას მივჩერებოდი. საშინელი მარტოობის გრძნობა დამეუფლა და ამ პირველი მოგზაურობიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის მეუფლება ეს გრძნობა, როცა საქართველოს საზღვარს გავცდები ხოლმე.

ბათუმელი გიდები მოგვყვებოდნენ. სამივე ავტობუსში დანაწილდნენ. ჩვენი ავტობუსის გიდმა გვითხრა, სასტუმროში გაგიმართლათო (ორ სასტუმროში უნდა გავნაწილებულიყავით). ჩვენი სასტუმრო პატარა ხის შენობა აღმოჩნდა. გამართლება კი იმაში მდგომარეობდა, რომ მდინარის პირას ვიყავით და მთელი ღამე მდინარის ხმა ისე იფრქვეოდა ოთახში, იფიქრებდი გადაუღებლად წვიმსო. საოცარი სურნელი ჰქონდა იქაურობას. ეზოში კი დიდი აუზები იყო, სადაც უთვალავი ოქროს ტევზი დაცურავდა. დაღამებულზე ჩავედით და გამთენიას 7 საათზე გიდებმა კარზე ბრახუნით რომ გაგვაღვიძეს, გაჭირვებით გავახილე თვალი და ენით აუწერელი სილამაზის წინაშე აღმოვჩნდი. პირველი შთაბეჭდილება წარმოუდგენელი იყო. ასეთ დროს, უბრალოდ უნდა დაჯდე და ისუნთქო ცხვირითაც და თვალებითაც.

მანამდე კი ღამე სასტუმროს აივანზე მხიარული სუფრის გარშემო გავატარეთ. მარიამობა თენდებოდა. ჩვენს ჯგუფში აღმოჩნდნენ დათო არჩვაძე და ანსამბლ „მოძახილის“ ბიჭები. ქართულ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულები ტაო-კლარჯეთში გატარებული სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მღეროდნენ. სიმღერით იძინებდნენ და დილითაც, ნახევრად გამოუფხიზლებლები, სიმღერით გამოდიოდნენ თავიანთი ნომრებიდან. ჯერ ცალცალკე, მერე ერთად შეჯგუფდებოდნენ, გიტარები ხომ მუდამ თან ჰქონდათ და მღეროდნენ და მღეროდნენ. პირველ ღამეს ტრადიციულ ქართულ სუფრაზე სიმღერა და პოეზია ერთმანეთს ცვლიდა, ასე იყო მომდევნო ღამეებსაც. მახსოვს პირველ დღეს მე და ნინო ნადირაძე დასაძინებლად რომ წავედით, მთელი ღამე ჩაგვესმოდა როგორ კითხულობდნენ ლექსებს გიო არაბული და ნუკრი ბერეთელი, მგონი ასე გაათენეს სასტუმროს ეზოში. ძალიან დიდ ხანს ამ დღეების შემდეგ „ჩემი ტაოელები“, ასე ვეფერებოდით ერთმანეთს. იქ ჩვენ ერთმანეთი და ეს კურთხეული მიწა გვქონდა საზრუნავი და მოსაფერებელი და ვზრუნავდით კიდეც როგორც შეგვეძლო. იქ მე და ჩემი მეგობრები შევიცვალეთ, სხვა ადამიანებად გარდავისახეთ და არ ვიცი დანარჩენები რას იტყვიან ამაზე, მაგრამ მე პირადად მაშინდელი გვანცა მეტად აღარასდროს შემიგრძვნია საკუთარ თავში.

ტაო-კლარჯეთში ძირითადი ისტორიული ძეგლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებითაა განლაგებული და გამოდის რომ დღის მანძილზე ორ-სამ ძეგლს ნახულობ, მაგრამ სამსაგიეროდ დილის 8 საათზე გადიხარ სასტუმროდან და დაღამებამდე გზაში ხარ. საკმაოდ დამღლელი პროცესია, მაგრამ რა არის ეს დაღლა იმ სიხარულთან შედარებით, რაც წინ გელის. თუმცა მწუხარებასთან შეზავებული სიხარულია უფროა ეს და ხშირად ვერც საზღვრავ, რომელი უფრო ჭარბობს.

ავტობუსი მიუყვება გზას, სულ უფრო ზევით და ზევით ადიხარ ზღვის დონიდან და შენს თვალწინ იშლება არნახული სურათები, არნახული ბუნება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ როცა ოდესღაც ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიულ შემადგენლობაში იყო, ეს მხარე იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავისი სილამაზით საქართველოს სხვა კუთხეებს შორის. ამ საოცარი სანახაობის ხილვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და სიამაყის გრძნობაც არც თუ იშვიათად მეუფლებოდა, მაგრამ პარალელურად ვგრძნობდი, როგორ თანდათან მიმძიმდებოდა გული, და განუწყვეტლივ ვფიქრობდი, როგორ, როგორ მოვახერხეთ ამ ყველაფრის დაკარგვა. იგივეს ვხედავდი და ვკითხულობდი ჩემი მეგობრების თვალებში. ნუკრის განსაკუთრებულად შეცვლოდა სახე, ძალიან დიდი ტკივილის ლანდი ირეკლებოდა მის თვალებში. ყველაფერს ფოტოს უღებდა, ყვავილებს, ქვებს, ბალახს.

მერე იმაზეც იწყებ ფიქრს, რომ ის ხალხიც, რომელიც ახლა ამ ტერიტორიაზე სახლობს, შენი მტერია. მინდოდა ამაყად მეცქირა მათთვის, ნიშნისმოგებით და ეს ყველაფერი იმის მაუწყებელი ყოფილიყო, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ ცხადია ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება. ხალხი, ადამიანები. განა მათ რამე დაგიშავეს?! იქ დასახლდნენ, სადაც დაასახლეს ან სადაც გზად გამოიარეს. მსგავსი რამეები ბევრად ზევით წყდება, მიწაზე ბევრად ზევით.

პირველი გაჩერება დოლისყანაში იყო. ტაძარი ადგილობრივი ბავშვებით იყო სავსე. ველოსიპედებზე იყვნენ შემომსხდარნი და ტაძრის მთელ ტერიტორიაზე დააგელვებდნენ. მახსოვს ყველა როგორ აღვშფოთდით ამით. რეალურად კი, ისინი ჩვეულებრივი გლეხის ბავშვები იყვნენ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმ მიწაწყლის ისტორიის შესახებ, სადაც ცხოვრობენ, არც ამ ტაძარზე ჰქონდათ დიდი წარმოდგენა. მათთვის ეს ჩვეულებრივი მიტოვებული ნანგრევი იყო, სადაც რატომაც არ უნდა ეთამაშათ. ის კი არა, ერთი-ორმა თურმე ფულის გაკეთებაც კი მოინდომა ტაძარში შესვლის უფლების გასაცემად, მაგრამ ცხადია მათ წამოწყებას არავინ აჰყვა.

შემდეგი გაჩერება „ხანცთა“ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი ჯგუფის ასაკოვანმა წევრებმა დაღლილობა მოიმიზეზეს და კატეგორიულად მოითხოვეს სასტუმროში დაბრუნება. ახალგაზრდები გაოგნებულები ვიყავით, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ჯგუფი არ დაანაწევრეს და ყველანი სასტუმროში წაგვიყვანეს. ასე დავკარგეთ „ხანცთის“ ხილვის ბედნიერება.

ოშკმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც კი მიუახლოვდები ტაძარს, მაშინვე ხედავ, რა თქმა უნდა, როგორი უზარმაზარია, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციები მაშინ გეუფლება, როცა ტაძარში შედგამ ფეხს და შიდა სივრციდან ზემოთ აიხედავ. ტაძარი სანახევროდ ჩამონგრეულია, მაგრამ წარმოუდგენლად გრანდიოზული და ენით აუწერელი. გიო არაბულმა მახსოვს ოშკის დანახვისას რატი ამაღლობელის ლექსი მოიგონა:

„რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ.

ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ

აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ

და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ

შენ იმხელა ხარ.“

„მოძახილის“ ბიჭებმა მრავალჟამიერი დასძახეს.

როცა ამ მოგზაურობაზე ვწერდი, სრულიად შემთხვევით „ფეისბუქზე“ ბუბა კუდავას ფოტალბომს წავაწყდი „ტაო-კლარჯეთი (ფოტოემოციები)“. გული ამიჩქარდა და სასწრაფოდ გავხსენი. განა შეიძლება ტაო-კლარჯეთზე ფიქრობდე, წერდა და არ გახსოვდეს ეს ადამიანი. ბუბა კუდავას სახელი მუდმივად ტაო-კლარჯეთს უკავშირდება, მუდმივად იქაა, ყველა კუთხე-კუნჭული იცის, ყველა ქვას ეფერება და უვლის. მე ამას არასდროს შევსწრებივარ, მაგრამ ამის მეტი რა მსმენია. ალბათ ასე ეწირებიან ადამიანები იდეას, მისიას, სამშობლოს. ფოტოალბომში თითოეულ ფოტოს პატარა ჩანახატი ახლდა. ოშკისადმი მიძღვნილი სიტყვები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა:

„ერთ ცხოვრებაში რამდენჯერ უნდა ეწვიო კაცი ოშკის ტაძარს, არ ვიცი. არც პათეტიკა მიყვარს და არც კატეგორიული მოწოდებები, მაგრამ მგონია, რომ ვისაც ოშკი არ უნახავს, მას ქართული კულტურის შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც ქრისტიანობაზე იმ ადამიანს, სახარება რომ არ წაუკითხავს. ოშკი სახარებასავითაა. დიდია ოშკის პირველი წაკითხვის ემოციები, მაგრამ მასთან ყოველი მისვლა სულ ახალს და ახალს გაპოვნინებს.“

იშხნის გუმბათმა შეიძლება სრულიად დაგამუნჯოს. მსგავსი ფერის გუმბათი არც არსად შემხვედრია, სრულიად უნიკალურია. არ ვიცი ამ ფერს ლურჯი უნდა ერქვას თუ არა საერთოდ და თუ უნდა ერქვას, ესე იგი აქამდე არ გვცოდნია ლურჯი რა ფერია.

იშხანში ღვთისმშობლის პატარა ხატი დავტოვე, ლოდებს შორის მივმალე და ამ ტაძრის მფრაველობა შევთხოვე. დიდი ემოციური წნეხისგან მიღებული წამიერი გადაწყვეტილება იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ამ საქციელზე, განვიცდიდი, არ ვიცოდი რამდენად მართებული იყო ხატის ასე უპატრონოდ მიტოვება, სადაც არავინ იზრუნებს მასზე. ალბათ არც იყო მართებული.

თორთუმის ჩანჩქერი – უდაოდ დიდი სანახაობაა. წლების მერე თორთუმი კაბადოკიაში მოგზაურობისას გამახსენდა, როდესაც იჰლარას ხეობაში ჩავედით. რაღაცით ჰგავს ეს ორი ადგილი ერთმანეთს. თუმცა თორთუმი იმითაც იყო საინტერესო, რომ პირველად შევავლე თვალი მხატვარს, რომელიც იჯდა და ალბათ ჩანჩქერს ხატავდა. ისიც ჩვენი ჯგუფის წევრი იყო, მოგვიანებით ერთ ავტობუსშიც აღმოვჩნდით, სადაც მე და ჩემი მეგობრები ლექსებს ვკითხულობდით, ხან ჩვენსას, უფრო ხშირად კი სხვისას. იქ წავიკითხე პირველად ჩემი ახალი ლექსი „მე თასმინი ვარ“, რომელიც ებრაელთა გენოციდს ეძღვნება და მოგვიანებით ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა კიდეც. მაშინ ის მხატვარი მოვიდა და ამ ლექსის ჩანაწერი მთხოვა. დიდხანს კითხულობდა, მერე დამიბრუნა და მადლობა მითხრა. ასე დასრულდა ჩვენი ნაცნობობა. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ფეისბუქზე მომძებნა და შეხვედრაც მთხოვა (კიდევ ერთი მაგალითი, როგორ უჭირთ თანამედროვე ბიჭებს გოგოებთან ელექტრონული საშუალებების გარეშე ღია ურთიერთობა), გავიგე, რომ, როდესაც ტაო-კლარჯეთიდან დავბრუნდით, იმდენად გამოჰყოლოდა ჩემი ლექსის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება, სანამ ნახატად არ გადავაქციე, იქამდე ვერ ამოვისუნთქეო. თუმცა ჩვენი „მეგობრობა“ არც „ფეისბუქზე“ და არც მის მიღმა არ აეწყო და ის ნახატი დღემდე არ მინახავს.

ხახულის მონასტერში ახლა უკვე მეჩეთია, თუმცა შიგნით შესვლა ვერ მოხერხდა, მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერეთ. მეჩეთია პარხალის მონასტერშიც. შიდა სივრცის დიდი ნაწილი მომწვანო-სალათისფრად არის გადაღებილი. თუმცა ამაზე არანაკლებ შებღალულად მომეჩვენა „ოთხთა“, სადაც არც მეჩეთია, არც მისი კედლების გადაღებვა უცდია ვინმეს, სამაგიეროდ აქ მრავლად იპოვით ქართულ წარწერებს, სწორედ ისეთებს სამშობიაროების კედლებზე რომ ტოვებდნენ ხოლმე გახარებული მამები: „აქ დაიბადა ..“ და სახელი და გვარი. ტაძრის კედლებზეც ასეთი წარწერები იყო: „აქ ვიყავით …“ ჩამოთვლილი სახელები და აუცილებლად ქვეშ მითითებული თარიღი.

შენ თვითონ თუ არ უპატრონე, მოუარე და იბრძოლე შენთვის ძვირფასის გადასარჩენად, სხვა შენ მაგივრად ამას არასოდეს გააკეთებს. ჩვენ კი ქართველებს ხშირად გვემართება, მტრის რისხვას გადარჩენილს საკუთარი ხელით რომ ვანადგურებთ ხოლმე.

ისევ ბუბა კუდავას ფოტოალბომს ვათვალიერებ –  ხანცთა, ბანა, ნუკა-საყდარი, თუხარისი, ვაშლობი, თამარის არხი, ხეოთი, ჩანგლი, ერუშეთი, შატბერდი, ქაჯთა ქალაქი, გარყლობის ციხე, კავკასიძეების ციხე, ანჩა – ამათგან არც ერთი არ მინახავს, ისე წამოვედი ტაოდან. ეს ნიშნავს, რომ უკან დასაბრუნებლად საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს.

Image

გორგოლაჭებიანი ჩემოდნებით დაკარგული ტერიტორიებისკენ

India Weather

მოგზაურობის წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემოდნის ჩალაგების პროცესია. ჩემთვის ასეთი მობილიზება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. რამდენ უსულო და თუნდაც სულიერ საგანზე უნდა იფიქრო ერთდროულად ადამიანმა. წინასწარ შერჩეული სამოსი მნიშვნელოვნად განაპირობებს შენს გუნება-განწყობას მთელი მოზგაურობის მანძილზე. და რადგან ზოდიაქოს ნიშნით ტყუპები ვარ და ყოველთვის ნერვების დაჭმამდე მივდივარ, როდესაც არჩევანი მაქვს გასაკეთებელი რაღაცასა და რაღაცას შორის, ამიტომ ჩემოდნის ჩალაგებისას ყოველთვის თავს ვარიდებ არჩევანის გაკეთებას, ვყრი ყველაფერს, რაც ხელთ მომხვდება და დედაჩემი უხსოვარი დროიდან მეჩხუბება ამის გამო. მე კი უბრალოდ ასე უფრო მშვიდად ვარ.

ალბათ ადამიანის ჩანთის მიხედვით მისი ბუნების, მისი ტიპაჟის გამოცნობაც შეიძლება. რა ნივთები მიაქვს თან, რა უქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას, როცა კილომეტრებით არის დაშორებული მშობლიურ სახლს და ისიც საკითხავია, საერთოდ სჭირდება კი ეს სიმყუდროვე, იქნებ სურს გაიქცეს შორს და უკან მოიტოვოს საკუთარი სახლის აურა, წარსულს შეატოვოს ხელებში.

ალბათ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რა განწყობით ალაგებ ჩანთას, რაზე ფიქრობ იმ დროს. არ ვიცი ვის როგორი გრძნობა ეუფლება კარის ზღურბლზე გადაბიჯებისას, მაგრამ წასვლა ჩემთვის ყოველთვის მელანქოლიურ განწყობასთან არის დაკავშირებული, ღელვასთანაც. როცა სახლის კარს გამოიხურავ, ყოველთვის შეიძლება გაგეფიქროს, ჩახვალ კი იქამდე, საითაც გაგიწევია ან დაბრუნდები კი საერთოდ უკან?! აი, სახლში დაბრუნება კი, მართლაც მთელი რიტუალია ჩემთვის და ხშირად ვამბობ, რომ სადმე წასვლა უკან დაბრუნების სიხარულის ხელმეორედ განსაცდელად მინდება ხოლმე.

სავსეა აეროპორტები, რკინიგზის სადგურები ხალხით. მიაგორებენ ადამიანები  გორგოლაჭებიან ჩემოდნებს და ეს ჩემოდნებია მათთვის ქონებაც, მშობლიური სახლიც და ცხოვრების მეგზურიც, რომელიც არც ერთ გზაზე არ მიატოვებს.

***

კარგად აღარც მახსოვს წლების წინ როგორ ვწერდი. ერთი რამ კი შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ ძველი შემოქმედება დღევანდელი ჩემი ვერლიბრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და მხოლოდ ლექსის კონვენციურ ფორმას აღიარებდა. ნიმუშები ერთ დიდ ბლოკნოტში მაქვს ხელნაწერის სახით შემონახული და წლების მიხედვით დალაგებული. მათ მხატვრულ ღირებულებაზე საუბარიც ზედმეტია. მაგრამ მე არ მრცხვენია ამ ლექსების გამო. ადრე ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ არ შეიძლება არ მიყვარდეს ჩემი სუსტი ლექსი, როცა სწორედ ამ სუსტმა ლექსმა მიმიყვანა უკეთეს ლექსამდეთქო. შეიძლება ვინმე თავიდანვე გენიოსად იბადებოდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ მომხდარა, ვწერდი ბავშვობიდან, მაგრამ ეს უფრო მეტად ვარჯიში იყო, შრომა და დიდი მონდომება, რომ უკეთესად მეწერა. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება დიდი შრომის და წლებში გაწელილი მოლოდინის გარეშე, და რაც უფრო ვეჩვევი ამას, მით მეტად ვრწმუნდები, რომ თავდადების ხარჯზე მიღწეული წარმატება საუკეთესო წარმატებაა. არ ვიცი დღეს ვის მოსწონს ან არ მოსწონს ჩემი ლექსები, მაგრამ მგონია, მთავარია ადამიანი რა გზას აირჩევს ცხოვრებაში, შემოქმედებაც იმის შესაბამისად და იმის პარალელურად განვითარდება. და კიდევ ერთი დეტალი: დროს სჭირდება ძალიან დიდი მოფრთხილება. ის თუ გაგისხლტა ხელიდან, ჩათვალე რომ დაკარგული ადამიანი ხარ.

ურაპატრიოტული ლექსები არასდროს მიწერია. ეს არასდროს ყოფილა ჩემი სტილი, და საერთოდ მკვეთრად გამოხატული პატრიოტული ლექსების წერა არ მიყვარდა. თუმცა არსებობს გამონაკლისები. ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შემდეგ გულანთებულმა ერთი პატრიოტული ლექსი დავწერე. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები კალამი რომ გაგექცევა და შენი ზედმეტი ემოციების ტყვეობაში გადადის. წერ უბრალოდ ემოციების კარნახით და გავიწყდება, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია ამ ლექსის წამკითხველის წინაშე. დღეს საკმაოდ რთულია პატრიოტული ლექსის წერა. თანამედროვე ენაზე და თანამედროვე სტილით თუ არ გადმოეცი შენი სათქმელი და შენი ტკივილი, XIX-XX საუკუნებში მრავალგზის გამოვლილი, მრავალგზის გაცვეთილი ხმამაღალი, მქუხარე ფრაზები, ძახილის ნიშნები და გულში მჯიღის ცემა დღეს აღარავის სჭირდება. ალბათ ამ გავლენების ქვეშ რომ არ მოვქცეულიყავი, დიდხანს ვარიდებდი თავს სამშობლოზე წერას, მაგრამ შემდეგ თანდათან გავუშინაურდი ამ თემასაც. ბოლოს და ბოლოს პოეტი მართლა ღრუბლებში მოლივლივე არსება ხომ არაა, მას საშუალება აქვს თავისი სიტყვით ზემოქმედება მოახდინოს თუნდაც თითოოროლა ადამიანზე, მაგრამ ზოგჯერ ესეც საქმეა. ამიტომ პირველ რიგში სწორედ მწერალს არ აქვს უფლება წაუყრუოს მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და თავი იმით გაიმართლოს, რომ პოეტია და მას სხვა, განკერძოებული ტკივილები და საფიქრალი აქვს.

ზედმეტი ემოციების ტყვეობაში დაწერილი ლექსი ვახსენე და ასეთი რამე ხშირად შეიძლება მოხდეს, ხშირად გაგექცეს კალამი, მითუმეტეს, როდესაც სრულიად ახალგაზრდა ჩადიხარ საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე, პირველად სცდები საქართველოს საზღვრებს, პირველად ეჯახები უცხო და თანაც მუსლიმანურ კულტურას, რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტის ადამიანებს, მერე მიემართები ისტორიული ტაო-კლარჯეთისკენ და იქაურ ლანდშაპტებს, რომელიც გარკვეული კილომეტრების გავლის შემდეგ სულ ახალი და ახალი სახით, ფერით და ფორმით წარმოგიდგება, ხან ხევსურეთს ადარებ, ხან იმერეთის მთიან ნაწილს და სულ უფრო მეტად გეუფლება სევდა ამ დაკარგული ტერიტორიის გამო. მერე იწყებ ფიქრს იმაზე, რომ თუ დროულად, ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობით არ იბრძოლე და ვერ მოახერხე შედარებით ახლადდაკარგული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება, გავა უამრავი წელი და ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა შეიძლება ისევე იშვიათად გაიხსენონ ეს ქართული მხარეები, როგორც ჩვენ ტაო-კლრჯეთს ვიხსენებთ ხოლმე. ტაო-კლარჯეთი გვახსოვს, მაგრამ მის დაბრუნებაზე აღარავინ საუბრობს. ახლა ხომ უკვე ახალი, ღია ჭრილობები გვაქვს საზრუნავი და სადარდებელი.

 

ჩვენ ვართ ქოხები

ჩვენ ვართ ქოხები,

ყოველ დილით ჭრიალით ვაღებთ

დაკოჭლებულ კარს და

ვიჯერებთ, რომ სიცოცხლეს

ჩვენ არ მოვცდებით.

არ დაგვრჩება არც ერთ ქვაზე,

არც ერთ გზაზე,

არც გზაგასაყარზე

სხვისთვის გამომდნარი

ცხელი ლოცვები.

და თუ მაინც დაგვრჩა,

მერე ვიტყვით, რომ

გვინდოდა გვეპოვნა,

და რომ ვერ ვიპოვეთ, ესეც მიზეზია,

ლოცვაც თავის ფეხით ვერ მოვა.

ჩვენ ვართ ქოხები და ესეც ქაოსია,

აბლაბუდებივით შემოქსოვილი,

და თუ ხელიც წაგვცდა, ჩამოგვექცევა

და მერე გვქვია

ხან ობოლი, ხანაც ლტოლვილი.

მერე ყრუ გუგუნი, მერე ნატირლები,

მერე ხმალაწვდილი ორატორები,

მერე ხან მლიქვნელნი, ხანაც მქუხარენი,

“მახვილს სცემენ”:

ჩემო სამშობლო!

ჩვენ კი ქოხები ვართ, კბილებჩაცვენილი,

მუდამ უენო და მიუსაფარი,

სამი სიტყვა გვახსოვს, ისიც გაზუთხული:

ღმერთო, არასოდეს დაგვტოვო!

ღმერთო, მოგვანიჭე ტექნოლოგია, რომ,

როცა დაგვძახებენ, მაშინ გავიხსნათ

მოდურ კორპუსების ლიფტის კარივით,

ვიყოთ ხან ვისთვის და ხან ვისთან.

ღმერთო გვცივა, გვცივა გაუსაძლისად,

ღმერთო გვშია, გვშია გაუსაძლისად,

ღმერთო, ლოცვა, ლოცვა სული წმიდისა,

ლოცვა მამისა და თან ძისაც,

გაგვახსენე…

ხიდზე შეძახილი, ვაშა, ფეხის ბაკუნი,

ხიდქვეშ მილასლასებს ენგური,

გზაზე ბერიკაცი მოსთქვამს, შეხეთ,

ჯიბემორღვეული დედა კენგურუ!

“მოგზაურობის შესახებ” – ელიზაბეტ ბიშოპი

აქ უთვალავი ჩანჩქერია; მთის წყაროები
ელვის სისწრაფით ეშვებიან ზღვის შესართავთან,
და ქედებზე უამრავი ღრუბლის ზეწოლას რომ ვერ უძლებენ,
შხეფების ფრქვევით გადმოდიან კალაპოტიდან,
ჩვენს თვალწინ წამის მეასედში ჩანჩქერებად გარდასახულნი.
– მანამდე კი, ვიდრე წვეთები – ცრემლის ლაქებად მოციმციმე წვრილი ჭავლები,
მგრგვინავ ჩანჩქერად გადაიქცევა,
სულ რაღაც ერთი- ორი საუკუნე მაინც გაივლის,
– აი, ასე იზომება აქ დრო და სივრცე.
მაგრამ თუკი ღრუბლები და ნაკადულები მოგზაურობას, მომთაბარეობას
არ მოიშლიან, მთები მალე დაემსგავსება გადმობრუნებულ გემის ტრიუმებს,
შლამითა და მოლუსკებით ჩამოძენძილებს.

გზაზე, შინისკენ მიმავალზე, უნდა ვიფიქროთ.
ანდა, საერთოდ ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა,
აქაურობის მხოლოდ ფიქრში მონახულება?
მაშინ, ამ წესით, ნეტავ, ახლა სად უნდა ვიყოთ?
საკითხავია, სწორად ვიქცევით? – ამ სცენაზე ჩვენთვის უცნობი
მსახიობების უჩვეულო თამაშს რომ ვუმზერთ?
ან, რა ბავშვური მოუთმენლობა შეგვიპყრობს ხოლმე,
ვიდრე სხეულში სული გვიდგას, მზად რომ ვართ მოვწყდეთ
ნაცნობ ადგილებს, მხოლოდ იმიტომ,
მზეს შევხედოთ მეორე მხრიდან?
მივეშურებით მსოფლიოში ყველაზე ციცქნა მწვანე კოლიბრის სანახავად,
ან დავაცხრებით გარდასულ დროის რომელიმე ქვის ნაკეთობას,
რომელიც ყველა მხრიდან იდუმალი და აუხსნელია,
და რომელსაც არ დაკლებია მნახველი და შემფასებელი,
თან ყველა ჯერზე, ყველა ნახვაზე ერთნაირად მშვენიერია?!
ან, დანაშაულს ხომ არ ჩავდივართ,
ჩვენს ოცნებებზე როცა ვოცნებობთ
და საერთოდ, ოცნება რომ გვაქვს?
ნუთუ დავტოვეთ სადმე სივრცე
ჯერ კიდევ თბილი, ჩასასვლელად გამზადებული მორიგი მზისთვის?

სინამდვილეში, დანაშაული ის იქნებოდა,
არ შეგვეხედა ამ გზის გასწვრივ ჩარიგებული ხეებისათვის,
საკუთარ თავს რომ აჭარბებენ სილამაზეში
და ვარდისფერში გამოწყობილი კეთილშობილი მიმებივით
ნიშანს გვაძლევენ მწვანე ხელებით.
– სამწუხარო ის იქნებოდა, საწვავისათვის შეჩერებულებს
არ გაგვეგონა დაცალებული ხის ქოშების
მოურიდებელი ბაკუნის ხმები –
ნაღვლიანი, ორნოტიანი ხის მელოდია
ბენზინგასამართის ცხიმიანი იატაკიდან.
(სხვა ქვეყანაში ყველა ქოშის ცალს შეამოწმებდნენ
და ერთნაირი გუდრონის ძირს გაუკეთებდნენ ხმის დასახშობად).
– ის იქნებოდა სამწუხარო, არ მოგვესმინა
მეორე, ნაკლებპრიმიტიული მუსიკა იქვე
გადატეხილ ბენზინსაქაჩზე მჯდარი დიდი რუხი ჩიტისა
იეზუიტურ ბაროკოთი ბამბუკისაგან ნაგებ ტაძარში,
რომლის ნიშანი 3 სამრეკლო და 5 დიდი ვერცხლის ჯვარია.
– დიახ, საწყენი იქნებოდა წამით მაინც რომ არ გვეფიქრა,
სულაც ბუნდოვნად და განურჩევლად,
იმის შესახებ, ასწლეულთა განმავლობაში
რა კავშირი შეიძლებოდა გაბმულიყო
ხის მოუხეშავ ფეხსაცმელსა და ხის გალიებში გამომწყვდეულ,
გარანდულსა და ერთობ დახვეწილ, ოცნებებს შორის.
– და სამწუხარო იქნებოდა, არ შეგვესწავლა ისტორია
მომღერალ ჩიტთა გალიების ძლივსშესამჩნევი ხელწერის კვალზე.
– და კიდევ ის, რომ მოსმენილი არ გვქონდეს წვიმა,
ასე რომ გავს პოლიტიკოსთა მწვავე გამოსვლებს:
ორსაათიან ორატორიის შემდეგ უეცრად ჩამომდგარი დუმილის წამით,
როცა მოგზაური კალამს იღებს და რვეულში იწერს:

„ნუთუ უბრალო წარმოსახვის ნაკლებობა გვაიძულებს
ვიმოგზაუროთ წარმოსახულ გრძედ-განედებზე,
იმის მაგივრად, რომ, უბრალოდ, სახლებში დავრჩეთ?
თუ დავიჯეროთ, რომ პასკალი ოდნავ სცდებოდა,
როცა ამბობდა, რომ ყველაფერს შინ ყოფნა სჯობდა?“

კონტინენტია, ქალაქია, ქვეყანა თუ ნაცნობების წრე
არსად არ არის არჩევანი თავისუფალი.
აქ თუ იქ?.. არა, არსად. მართლაც ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა,
ეს სახლი სადაც არ უნდა იყოს?`

(მანანა მათიაშვილის თარგმანი)

ერთჯერადი ადამიანები

India Weather

ჩვენ ვართ ერთჯერადი ადამიანები,

მრავალჯერადი ცოლებით,

ქმრებით, საყვარლებით,

შეყვარებულებით,

სახლებით, მონებით,

მრავალჯერადი გრძნობებით,

მრავალჯერადი რწმენით და ურწმუნოებით.

ვცხოვრობთ ლატარიაში მოგების

იმედით

და ვკვდებით უიმედობით,

დეპრესიით,

სიყვარულით იმ ერთის,

რომელსაც ხვალ უპატრონოდ

ვტოვებთ ქუჩაში,

და სწორედ მაშინ გვწამს

ყველაზე მეტად ღმერთის,

რადგან დაგვჩაგრეს

და მოყვასს ჩვენსას ჩვენზე უკეთესი

“ის ერთი” არგუნა ბედმა.

და როცა მისკენ თვალი გაგვექცა,

განგვიკითხეს.

და ჩვენ კი ვერ ვთქვით,

რომ ნათქვამზე ასჯერ მეტი

უთქმელი გვეთქმის.

გესმის, ღმერთო,

როგორი გახდა ჩვენი ვენახი,

ჩვენი გული ყველა სისხლძარღვით,

ყველა ნერვით?!

როგორ ამაყად გეძახით,

რომ დაინახო,

ეს სამყარო სხვაგან წავიდა,

სხვა გზით წავიდა,

სულ სხვა სადგურზე ჩამოდგა და

სხვა ბაქანზე დავდგით ფეხი.

აქ მე არ მყავს შეყვარებული,

ამ ბაქანზე სიყვარული სასაცილოა,

აქ მხოლოდ ვდგავართ ქაოსურად,

ყუმბარები კი გვესვრის და გვესვრის,

აქ არსადაა მწკრივში ჩაყრილი ვენახები,

აქ სირცხვილის დერეფნები იციან მხოლოდ.

და თუ ვიგონებთ, რომ ჩართული დავტოვეთ უთო,

მხოლოდ მაშინღა ზერელედ და დარცხვენით ვგლოვობთ.

რადგან ვშიშობთ არ გადაგვეწვას ის ნასახლარი,

სადაც ვიცით, რომ არასოდეს ფეხს აღარ დავდგამმთ.

რა ვქნათ?!

ჩვენ ვართ ერთჯერადი ადამიანები

და გვინდა, რომ ერთჯერადად ვიცხოვროთ “კარგად”,

ოღონდ სიყვარულის არაფერი გაგვეგებოდეს,

და, დაე, ყუმბარებმა ერთ დღეს გაგვწყვიტოს.

ჩვენ ვართ ერთჯერადი ადამიანები,

მრავალჯერადი ცოლებით,

ქმრებით, საყვარლებით,

შეყვარებულებით,

სახლებით, მონებით,

მრავალჯერადი გრძნობებით,

მრავალჯერადი რწმენით და ურწმუნოებით.

მრავალჯერადად გაზუთხული და

დავიწყებული მცნებებით:

“არა გული გითქმოდეს ცოლისათვის

მოყვასისა შენისა,

არა გული გითქმოდეს სახლისათვის

მოყვასისა შენისა”.

გვანცა ჯობავა

ორიოდ სიტყვით

არასდროს ვყოფილვარ უცხო ნეკნზე

გამოყვანილი თიხის ჭურჭელი,

და არც იმისთვის დავბადებულვარ,

რომ გათანგულს საკუთარი თავის ძიებით

მუდამ ამ ნეკნის პირველწყაროც მეძებნა ჩუმად,

შემდეგ მეპოვნე და შენი წილი უკან მომეზღო

ჩემი თავით, ჩემი არსებით,

და ბოლოს მაინც მენანა, რომ მწარედ მოვტყუვდი.

მე უბრალოდ ისე მიყვარდი.

 

გვანცა ჯობავა

აეროპორტიდან ჭიანჭველების ბუდემდე

„ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ:

მოგზაურობა არის ადამიანების ან საგნების (როგორიცაა თვითმფრინავი, გემი, მატარებელი და სხვა გადამზიდავები) მიმოსვლა ერთმანეთისგან დაშორებულ გეოგრაფიულ წერტილებს შორის.

ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი პატარა ქალაქიდან ფეხიც არ გადგა. იცხოვრო შენთვის მშვიდად, რამდენადაც ამის საშუალებას ცხოვრება მოგცემს, და ძალიან კარგად იცნობდე ადამიანებს, ცხოვრებას იცნობდე და საკუთარ გონებას უბრალოდ აზროვნების ფუნქციას აკისრებდე. ან შეიძლება მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარო. მუდმივად ბარგს ალაგებდე, მუმდივად სამგზავრო ბილეთებს ჯავშნიდე, უცხო ქალაქების სასტუმროებს ათვალიერებდე ინტერნეტში, მაგრამ ამ ცხოვრებას მაინც ვერაფერი გაუგო, არც ადამიანებზე იცოდე რამე, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გივლია და ამდენი გინახავს. შეიძლება არ გინდოდეს ეს ცოდნა და არც გქონდეს. ხალხი მართლაც რომ ჭრელია. მაგრამ თუ მაინც მოგეცემა იმის საშუალება, რომ ზოგჯერ მაინც საკუთარ ნებაზე იცხოვრო, ათი დღით ან ერთი კვირით მაინც მიატოვო ყველაფერი, ჩაალაგო ჩანთა და წახვიდე, აუცილებლად უნდა ჩაალაგო ჩანთა და წახვიდე. საითაც გზა გიჩვენებს…

საქართველოს საზღვრების გადალახვის შესაძლებლობა პირველად მეთერთმეტე კლასში მომეცა. კლასელებმა სასკოლო ინტელექტკლუბის თამაშებისთვის გუნდი შევქმენით და ისე წარმატებით ვიასპარეზეთ, რომ ჯერ სასკოლო, შემდეგ სარაიონო და ბოლოს საქალაქო თამაშებიც მოვიგეთ. დიდი წარმატება იყო და დირექტორმა სხვა წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად თურქეთში მოგზაურობით დაგვაჯილდოვა. ერთი კვირის განმავლობაში თურქულ ოჯახებში უნდა გვეცხოვრა ჩვენი თანატოლი თურქი ბავშვების გვერდით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტაო-კლარჯეთში ფეხის დადგმის და დიდებული ოშკის მონახულების საშუალება გვეძლეოდა. იმ დროისთვის უკვე აქტიურად ვწერდი და სრულიად უცხო გარემოსთან ზიარება, რა თქმა უნდა, ჩემთვის თვალსაწიერის გაფართოების ძალიან კარგი საშუალება და წერისთვის ახალი წყარო იქნებოდა. თუმცა მაშინ ამ ფაქტისთვის მსგავსი კუთხით არ შემიხედავს. უბრალოდ ძალიან გამიხარდა ასეთი საჩუქრის მიღება, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო. მშობლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ჩემს გაშვებაზე და ეს მოულოდნელი არც ყოფილა. შესაძლოა თანამედროვე ბავშვების უმრავლესობისთვის ეს გაუგებარიც იყოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, დღემდე არიან ოჯახები, სადაც ბავშვებს შედარებით მკაცრად ზრდიან. მეც ბოლომდე ვემორჩილებოდი მშობლების ნებას და ამ შემთხვევაშიც გაბუტვამ და ცრემლებმა შედეგი ვერ გამოიღო. ადგილი, რომელზეც უარის თქმა მომიხდა, ჩემმა კლასელმა დაიკავა და პრობლემაც ასე მოგვარდა. ალბათ ადვილი წარმოსადგენია როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ჩემი მეგობრები მათთვისაც პირველი დიდი მოგზაურობიდან. შურიანი არ ვყოფილვარ, უბრალოდ გული დამწყდა, მაგრამ მალევე შევეგუე და ინტერესით ვუსმენდი განსაკუთრებული ემოციებით დაბრუნებული მეგობრების მხიარულ ისტორიებს.

მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ტაო-კლარჯეთში ჩასვლა გარდაუვალი იყო. დაახლოებით 7 წლის შემდეგ, 2009 წელს ისევ დავსაჩუქრდი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობით, ამჯერად უკვე როგორც ახალგაზრდა პოეტი. იმ დროისთვის წლებიც მომმატებოდა და როგორც ჩანს მშობლების ნდობაც მნიშვნელოვნად მომეპოვებინა. ასე რომ ცრემლების და საყვედურების გარეშე ჩავალაგე ბარგი და გავემგზავრე. თბილისის მერიის დაფინანსებული მოგზაურობა იყო. მე და ჩემი მეგობრები, ასევე ახალგაზრდა პოეტები, ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად დავადექით შორეულ გზას. ხელოვნების რომელი სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს არ ნახავდით იქ: მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, მოცეკვავეები, მომღერლები. სამი დღე გავატარე ბევრ ისეთ ადამიანთან ერთად, რომლის ისტორია, ნიჭი და შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და ალბათ აღფრთოვანებასაც იწვევდა. მაგრამ სამი დღის შემდეგ უკვე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ხელოვან ადამიანებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ შორიდან იცნობდე და მხოლოდ მათ შემოქმედებასთან ზიარებით ტკბებოდე, იმიტომ რომ მათთან უშუალო შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა მათ შემოქმედებაზეც გული აგიცრუვდეს.

მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილება იყო. დღეს არ გავურბივარ მსგავს სიახლოვეს, ერთგვარად მოთვალთვალის როლიც მაქვს მორგებული და ვცდილობ შევისწავლო ადამიანები, გავეცნო მათ გრძნობებს, ემოციებს, ვნებებს. ზოგჯერ საკუთარი თავიც დავინახო მათში და საკუთარ მესაც მოთვალთვალის მზერით ვუყურო. არაფერია იმაზე საინტერესო, როცა რომელიმე ბაღში სკამზე ჩამოჯდები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და უყურებ როგორ ცხოვრობს შენი საკუთარი მე და ეს არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე.

დღეს უკვე საკუთარი კლასიფიკაციაც მაქვს, სადაც ადამიანები პროფესიებისა და ნიჭიერების მიხედვით კი არ განირჩევიან, არამედ სულიერი უნარებით, ვის რა ხარისხით შეუძლია ხორციელ ვნებებს შეერკინოს. თუმცა მათთან ყოველთვის ბრძოლა, მუდმივი შუღლი ალბათ არცაა აუცილებელი.  ადამიანები ყოველთვის ადამიანებად დავრჩებით.

მოგზაურობა ყოველწამიერი მოვლენაა. „ათათურქის“ უზარმაზარ აეროპორტში ერთხელ მაინც თუ მოხვდი, ამაზე ფიქრი იქაც აუცილებლად შეგიპყრობს. დარწმუნდები, როგორ ჩქარა ცხოვრობენ ადამიანები. აჩქარებით მოდიან და მოაგორებენ დიდ ჩემოდნებს, აჩქარებით აბარებენ ბარგს, აჩქარებით იცდიან სკამებზე ჩამომსხდარნი, ფეხებმორთხმულნი ან წამოწოლილები და აჩქარებით მიფრინავენ, მერე ისევ მოდიან აჩქარებით ახალი ადამიანები, ისინიც აჩქარებით აბარებენ თავიანთ ბარგს, თავიანთი წინამორბედების სკამებს იკავებენ, ისინიც დროებით, შემდეგ რიგში ჩამდგარნი გადიან რეგისტრაციას, წამდაუწუმ მაჯის საათებს დაჰყურებენ და აჩქარებით მიფრინავენ. ეს ყოველივე განუწყვეტლივ მეორდება, ამიტომ სანამ მოგბეზრებია ეს ერთფეროვნება, შენს რეისს უნდა დაელოდო, შენც გაიარო რეგისტრაცია, დახედო მაჯის საათს და გაფრინდე.

მაგრამ ხომ შეიძლება ვერასდროს მოხვდე „ათათურქის“ აეროპორტში, უფრო მეტიც, შეიძლება ვერასდროს იმგზავრო თვითმფრიავით, ვერასდროს დახედო ღრუბლებს ზემოდან და ვერც ერთხელ ვერ გამოსცადო იმ უმწეობის გრძნობა, რომელიც წამიერად მაინც აუცილებლად დაგეუფლება ბედის ანაბარა მიტოვებულს უცნაურ ხომალდში, რომელიც ამოუცნობ ზეცასთან თითქოს უფრო ახლოსაა ვიდრე მიწასთან. მიწასთან, რომელიც ვერც კი წარმოგედგინა თუ შეიძლებოდა ასეთი მანუგეშებელი ყოფილიყო. ადამიანები ყოველთვის მიილტვიან მიწისკენ და არც მიწა გაურბის მათ.

და მაინც თუ ყოველივე ეს არასდროს გადაგხდენია, შეგიძლია იმავე ბაღში, წეღან რომ ვსტუმრობდით, სკამზე ჩამომჯდარი იდაყვებს დაეყრდნო და დააკვირდე მიწას, დააკვირდე როგორ მოძრაობენ მიწაზე ჭიანჭველები. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ ჩემოდნებს ან ზურგჩანთებს და ალბათ მათ ისინი არც სჭირდებათ. აბა, ვის უნახავს ნაირნაირ სამოსში გამოწყობილი ჭიანჭველები, ან ჭიანჭველები კბილის ჩაგრისებით ხელში. მაგრამ ისინი მოგზაურობენ, დაუსრულებლად მოგზაურობენ და ცხოვრობენ აჩქარებით. თუმცა, რომ არა – ჩემოდნებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემოდნები მათ მოგზაურობას აუცილებლად შეაფერხებდნენ, ვფიქრობ დიდი დანაკლისი უნდა იყოს. მოგზაურობის წინ ჩანთის ჩალაგება, ეს ხომ მთელი რიტუალია.

.Image