რას წერდა „ნიუ-იორკ ტაიმზი“ ქართველების 1978 წლის 14 აპრილის პროტესტის შესახებ

1978

გასული წლის 14 აპრილს, 1978 წლის მოვლენებიდან ზუსტად 40 წლის თავზე გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი „14 აპრილი, 1978“. ანა ბაქანიძის მიერ შედგენილ ამ უნიკალურ წიგნში წარმოდგენილია 1978 წელს თბილისსა და ბათუმში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად განვითარებული მოვლენების ისტორია. მოიცავს იმ დროინდელი მოვლენების უშუალო მონაწილეების ზეპირ ისტორიებს, ქართველ მეცნიერთა და მწერალთა მიერ წარმოთქმულ მწვავე სიტყვებს, სხვა საარქივო მასალასა და სტატიებს.

სწორედ აღნიშნულ გამოცემაში აღმოვაჩინეთ თსუ-ს პროფესორის, თინათინ ბოლქვაძის წერილი „თბილისის 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ასახვა ამერიკულ პრესაში“. ავტორის ინფორმაციით, ასეთი გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა საბჭოთა ეპოქისთვის უცხო იყო, რაც მოულოდნელი და გამაოგნებელი აღმოჩნდა ამერიკული საზოგადოებისთვის, რომელიც ვერ იჯერებდა საბჭოთა სივრცეში ხალხის ღია პროტესტის ტალღას და საბჭოთა ხელმძღვანელობის უკან დახევას. ავტორისვე ცნობით, იმის გამო, რომ იმ დროისთვის საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის მძიმე რკინის ფარდა ეკიდა, ამერიკულ მედიას ხშირად თავისი კორესპოდენტებიც კი არ ჰყავდა საბჭოთა რესპუბლიკებში და ისინი მხოლოდ სატელეფონო ჩართვის საშუალებით იღებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საქართველოს შემთხვევაში კი, ხშირად ინფორმატორის როლს „ზარია ვოსტოკას“ საინფორმაციო სააგენტოც ასრულებდა.

„ნიუ-იორკ ტაიმზში“ უკვე 15 აპრილს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან ერთი დღის თავზე, გამოქვეყნებულა ჟურნალისტ ქრეიგ ვიტნის სტატია სათაურით „საბჭოთა ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დასაცავად“.

New York

„მოსკოვი, 14 აპრილი – საბჭოთა გეგმას, საქართველოს – კავკასიის მკვეთრად ნაციონალისტური ქვეყნის სახელმწიფო, ქართული ენისთვის ჩამოერთმიათ სტატუსი, ქვეყნის დედაქლაქ თბილისში დღეს დიდი დემონსტრაცია მოჰყვა.

თბილისიდან მიღებულ სატელფონო უწყებებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის სასახლესთან დაახლოებით 20 000 ადამიანი შეიკრიბა კონსტიტუციის ახალი პროექტის გასაპროტესტებლად, რომლიდანაც ამოღებულია მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ. ერთ-ერთმა რესპოდენტმა კი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ მოსკოვის ბიუროს თბილისიდან აცნობა: „ჩვენი დემონსტრაციით ვაპროტესტებთ კონსტიტუციის მუხლს სახელმწიფო ენის შესახებ – ძალიან უნდა გაგვიმართოს, რომ არ გვესროლონ“. ასევე წერილში ვკითხულობთ, რომ „ამერიკელები გაოცებული არიან ამ ფაქტით. ეს ხდება იმ დროს, როდესაც შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, როცა საშიშორებაა სამხედრო მანქანის ამოქმედებისა“.

თინათინ ბოლქვაძის ინფორმაციით „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ ამ თემაზე მორიგი სტატია 18 აპრილსაც გამოაქვეყნა სათაურით „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხებში“, რომლის თანახმადაც, 14 აპრილს, ორი ამერიკელი კონგრესმენი, რობერტ მაკკეი და ერიკ რეიმენი, ჩამოვიდა საქართველოში. ასევე სტატიაში გაშიფრულია ედუარდ შევარდნაძისა და სტუდენტების დიალოგი, როგორც ირკვევა, შევარდნაძემ სიტყვით მიმართა სტუდენტებს: „შვილებო, რა გინდათ, რატომ აკეთებთ ამას? დემონსტრანტებმა კი ასე უპასხეს: „ჩვენ არ ვართ თქვენი შვილები!“

New York 1

როგორც ცნობილია, ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, საბჭოთა პირობებში საფრთხე პირველად 1978 წელს დაემუქრა, როდესაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის პროექტიდან საერთოდ გააქრეს მუხლი სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ და გაჩნდა სრულიად ახალი, 75-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, რუსულსა და სხვა დანარჩენ ენებს, თანაბარი უფლებები მიენიჭა: „რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“. ქართველები ამ კონსტიტუციურ „სიახლეს“ მშვიდად არ შეხვედრიან, პირველი, ვინც ეს მიჩქმალული ცვლილება შეამჩნია, აკაკი ბაქარაძე იყო, რასაც ფეხდაფეხ მოჰყვა ნოდარ წულეისკირის ცნობილი კრიტიკული გამოსვლა საქართველოს მწერალთა კავშირში, რაც სტუდენტების დიდი საპროტესტო ტალღით დაგვირგვინდა. როგორც ცნობილია, სტუდენტების დაშოშმინებას ედუარდ შევარდნაძე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მას ახალგაზრდებმა არ მოუსმინეს. მიუხედავად სტუდენტების დევნისა და დაშინებისა, 14 აპრილს გადამწყვეტი აქცია მთავრობის სასახლესთან მაინც შედგა. ქალაქი ტანკებით იყო სავსე, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქართული მილიცია მომიტინგეებს მხოლოდ  ფორმალურად ეღობებოდა, მათ საკუთარი ხალხისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საბედნიეროდ, 1956 წლის 9 მარტისა და 1989 წლის 9 აპრილისგან განსხვავებით, საბჭოთა ხელისუფლებამ 14 აპრილს სისხლისღვრას დათმობა არჩია და კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვების შესახებ მომიტინგეებს ისევ ედუარდ შევარდნაძემ, ცეკას მაშინდელმა მდივანმა ამცნო.

1978 წლის 14 აპრილის სტუდენტურმა ამბოხმა კი, ერთის მხრივ ქართული ენა გაქრობას გადაარჩინა, მეორეს მხრივ კი საფუძველი დაუდო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებას.