ღია წერილი ბატონ ნოდარ ჭითანავას

ავტორი: თენგიზ ჯობავა

mamuli

ბატონო ნოდარ!
ჯერ იმ საკითხზე, რომელსაც თქვენ და მე სადავოდ არ გავხდით. კერძოდ, ეს არ არის თქვენი და ჩემი „მეგრულ-ქართული წარმოშობა“. ასე რომ, ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად ბრძანდებოდეთ. არც ის არის სადავო, რომ საქართველოს დღევანდელი „მთავრობა”, რომელსაც თქვენ „თავმჯდომარეობთ“, მარიონეტურლია და ამდენად ეგრეთწოდებული. რახან მთავრობა ეგრეთწოდებულია და მარიონეტული, მისი თავმჯდომარეც ეგრეთწოდებულია და მარიონეტი. ეს კი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ფაქტია და მას ვერ გაექცევით მეგრული, კახური, ქართლული თუ იმერული… წარმომავლობის მიუხედავად. თუ თქვენ ქართველი, და არა მარტო ქართველი, ხალხი არ გცნობთ რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად, არ გენდობათ, აქ „მეგრული წარმოშობა“, დარწმუნებული ვარ, არაფერ შუაშია, ამაში თქვენც ღრმად ბრძანდებით დარწმუნებული… მაგრამ…
მაგრამ, რას მივაწეროთ თქვენი „გულისამაჩუყებელი“ სიტყვა უზენაესი საბჭოს სესიაზე, რომ თქვენდამი წაყენებული პრეტენზიები ერთგვარად თქვენი მეგრული წარმოშობითაც ყოფილა განპირობებული… ბატონო ნოდარ, ნუთუ ეს გჯერათ? ვითომ ბევრი დაარწმუნეთ ამაში? მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს ასეა, არ გიფიქრიათ როგორ აღმოჩნდით თქვენთვის ესოდენ მაღალ პოსტზე? ნუთუ თქვენი „მეგრული წარმომავლობა“ ქართველმა ხალხმა ეს-ეს არის შეიტყო? იქნებ დღევანდელი თქვენი მდგომარეობა, რანგით მეორე თანამდებობა გეცოტავებათ? თუ ეს ასეა, მაშინ ამ საკითხზე ქართველ ხალხს ნუ შეაწუხებთ, რეფერენდუმის მოწყობას აზრი არა აქვს, იგი უნდა გადაწყვიტოთ „გურული წარმოშობის უზენაეს თავმჯდომარესთან“…
ბატონო ნოდარ!
უხერხული კი არის, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ „მეგრული წარმოშობისა“ და „კომუნისტური მოღვაწეობის“ მიუხედავად, მაინც ქართველი ბრძანდებით. ეხლა ეს გვიბრძანეთ, რა გაქვთ განზრახული? რა მიზნით ახსენებთ ქართველებს კუთხურობას? რაშია საქმე? რისთვის დაგჭირდათ თქვენი „აღსარება“? იქნებ იმპერიულ, აფხაზურ, ოსურ და სხვა პროვოკაციებს „კომუნისტური“ მხარდაჭერა გამოუცხადეთ? თქვენ თუ „მეგრელობით იჩაგრებით“, ბატონი გივი რით არის ნაკლები? გურულობას გაიხსენებს, მერე კახური, რაჭული, იმერული და ა.შ. წარმომავლობის „დაჩაგრული“ კომუნისტებიც წამოყოფენ თავს და რუსეთს გაუადვილებენ ხელახლა, როგორც ოდესღაც, შეიერთოს თავის „მფარველობაში“ ქართლ-კახეთი, იმერეთი, სამეგრელო… თუ ამგვარი განზრახვა გაქვთ, ღმერთმანი, უდიდეს ცოდვას მიამატებთ ისედაც უცოდვილეს კომპარტიას… თუ ეს ასე არ არის (ღმერთმა ქნას, ბატონო ნოდარ!), უნდა მოინანიოთ თქვენი, რბილად რომ ვთქვათ, წინდაუხედავი გამოსვლა და ბოდიში მოუხადოთ „მეგრული წარმოშობის“ ქართველობას და სრულიად საქართველოს. ქართველი მიმტევებელია და მიგიტევებთ!
და მაინც, ბატონო ნოდარ! როგორც ჩანს, უფრო სერიოზულად უნდა იყოს საქმე: თქვენ ბრძანეთ, რომ მოღალატეს გეძახიან, რომ გემუქრებიან სამშობლოდან გაძევებით (ღმერთმა დაგვიფაროს, ხომ გაგიგონიათ, ყვავს ბახალა რომ მოუკვდა…), მაგრამ გასულმდგმულებთ უდიდესი იმედი „ამ ძნელბედობის ჟამს“, რომ უთუოდ შეგიფარებთ თქვენი და ჩემი მშობლიური კუთხე… ეს კი როგორ გავიგოთ, „მთავრობის მეთაურო“? ხომ არ ემზადებით „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ დაშლილი საქართველოს იდეით მიიღოთ მონაწილეობა თქვენთვის გაუგონარ, შიშისმომგვრელ, მრავალპარტიულ, არასაბჭოურ არჩევნებში? ღმერთმა დაგვიფაროს! ალბათ კომპარტიის ყველაზე პირწავარდნილთაგანაც არ გვინდა დავიჯეროთ ამგვარი… ასე შეიძლება „აიდგილარას“ და „ადამონ ნიხასის“ ექსტრემისტებმაც არ გაგვიმეტონ, თუ მოაგონდათ, ვისი გორისანი არიან…
და, თუ არ გაქვთ ანტიქართული ჩანაფიქრი, რატომ იმზადებთ თავშესაფარს, რა დააშავეთ ან რას აპირებთ? ან რატომ გგონიათ „მეგრული წარმოშობის“ სამეგრელო ისეთი კუთხე, საქართველოს ისეთი ნაწილი, ან „მეგრული წარმოშობის“ მეგრელები ისეთი ქართველები, რომ თუ საქართველოს დანარჩენი კუთხეები, დანარჩენი ქართველები არ შეგიფარებენ თქვენი საქციელის გამო, მაშინ „გულაჩუყებული“ სამეგრელო, მეგრელობა თავზე ხელს გადაგისვამთ თქვენი „მეგრული წარმომავლობის“ გამო? რით განუგეშოთ? მიუხედავად ჩემი „მეგრული წარმოშობისა“, ვერ განვიმსჭვალე თქვენ მიმართ თანადგომის სურვილით, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს თქვენ ჯერჯერობით არც გჭირდებათ. ეტყობა გული გიგრძნობთ მნიშვნელოვან ცვლილებებს… ღმერთმა ინებოს, მართალი აღმოჩნდეს თქვენი წინათგრძნობა, იქნებ გვეშველოს… ხომ მოგეხსენებათ, „თოფი მეთოფესაო“…
ბატონო ნოდარ!
თქვენც და მეც დარწმუნებული ვართ, რომ სოციალისტური პერიოდი დასასრულს უახლოვდება, დასასრულს უახლოვდება ჩემი ღია წერილიც, რომელზედაც შეიძლება ჩემს გარდა ათასობით „მეგრული წარმოშობის“ მოქალაქეს მოეწერა ხელი, მაგრამ ეს იქნებოდა ბოლშევიკური მოქმედება… მე და თქვენ უფრო გავუგებთ ერთმანეთს…
დასასრულს, მინდა გისურვოთ მომნანიებლობის, შეცდომათა აღიარების უნარი და, რაც მთავარია, არასოდეს გაახაროთ სამშობლოს (საქართველოს) მტრები დაუფიქრებელი გამოსვლით, მოდით, პარტიულობას თავი დავანებოთ და ღმერთს შევთხოვოთ, იყოს თქვენი, ჩემი და სრულიად საქართველოს მფარველი. დამოუკიდებელ საქართველოში შეხვედრამდე „მეგრული წარმოშობის“ მარად ქართველო, ბატონო ნოდარ“

მამას წერილი

Leave a comment