რას წერდა „ნიუ-იორკ ტაიმზი“ ქართველების 1978 წლის 14 აპრილის პროტესტის შესახებ

1978

გასული წლის 14 აპრილს, 1978 წლის მოვლენებიდან ზუსტად 40 წლის თავზე გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი „14 აპრილი, 1978“. ანა ბაქანიძის მიერ შედგენილ ამ უნიკალურ წიგნში წარმოდგენილია 1978 წელს თბილისსა და ბათუმში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად განვითარებული მოვლენების ისტორია. მოიცავს იმ დროინდელი მოვლენების უშუალო მონაწილეების ზეპირ ისტორიებს, ქართველ მეცნიერთა და მწერალთა მიერ წარმოთქმულ მწვავე სიტყვებს, სხვა საარქივო მასალასა და სტატიებს.

სწორედ აღნიშნულ გამოცემაში აღმოვაჩინეთ თსუ-ს პროფესორის, თინათინ ბოლქვაძის წერილი „თბილისის 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ასახვა ამერიკულ პრესაში“. ავტორის ინფორმაციით, ასეთი გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა საბჭოთა ეპოქისთვის უცხო იყო, რაც მოულოდნელი და გამაოგნებელი აღმოჩნდა ამერიკული საზოგადოებისთვის, რომელიც ვერ იჯერებდა საბჭოთა სივრცეში ხალხის ღია პროტესტის ტალღას და საბჭოთა ხელმძღვანელობის უკან დახევას. ავტორისვე ცნობით, იმის გამო, რომ იმ დროისთვის საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის მძიმე რკინის ფარდა ეკიდა, ამერიკულ მედიას ხშირად თავისი კორესპოდენტებიც კი არ ჰყავდა საბჭოთა რესპუბლიკებში და ისინი მხოლოდ სატელეფონო ჩართვის საშუალებით იღებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საქართველოს შემთხვევაში კი, ხშირად ინფორმატორის როლს „ზარია ვოსტოკას“ საინფორმაციო სააგენტოც ასრულებდა.

„ნიუ-იორკ ტაიმზში“ უკვე 15 აპრილს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან ერთი დღის თავზე, გამოქვეყნებულა ჟურნალისტ ქრეიგ ვიტნის სტატია სათაურით „საბჭოთა ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დასაცავად“.

New York

„მოსკოვი, 14 აპრილი – საბჭოთა გეგმას, საქართველოს – კავკასიის მკვეთრად ნაციონალისტური ქვეყნის სახელმწიფო, ქართული ენისთვის ჩამოერთმიათ სტატუსი, ქვეყნის დედაქლაქ თბილისში დღეს დიდი დემონსტრაცია მოჰყვა.

თბილისიდან მიღებულ სატელფონო უწყებებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის სასახლესთან დაახლოებით 20 000 ადამიანი შეიკრიბა კონსტიტუციის ახალი პროექტის გასაპროტესტებლად, რომლიდანაც ამოღებულია მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ. ერთ-ერთმა რესპოდენტმა კი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ მოსკოვის ბიუროს თბილისიდან აცნობა: „ჩვენი დემონსტრაციით ვაპროტესტებთ კონსტიტუციის მუხლს სახელმწიფო ენის შესახებ – ძალიან უნდა გაგვიმართოს, რომ არ გვესროლონ“. ასევე წერილში ვკითხულობთ, რომ „ამერიკელები გაოცებული არიან ამ ფაქტით. ეს ხდება იმ დროს, როდესაც შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, როცა საშიშორებაა სამხედრო მანქანის ამოქმედებისა“.

თინათინ ბოლქვაძის ინფორმაციით „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ ამ თემაზე მორიგი სტატია 18 აპრილსაც გამოაქვეყნა სათაურით „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხებში“, რომლის თანახმადაც, 14 აპრილს, ორი ამერიკელი კონგრესმენი, რობერტ მაკკეი და ერიკ რეიმენი, ჩამოვიდა საქართველოში. ასევე სტატიაში გაშიფრულია ედუარდ შევარდნაძისა და სტუდენტების დიალოგი, როგორც ირკვევა, შევარდნაძემ სიტყვით მიმართა სტუდენტებს: „შვილებო, რა გინდათ, რატომ აკეთებთ ამას? დემონსტრანტებმა კი ასე უპასხეს: „ჩვენ არ ვართ თქვენი შვილები!“

New York 1

როგორც ცნობილია, ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, საბჭოთა პირობებში საფრთხე პირველად 1978 წელს დაემუქრა, როდესაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის პროექტიდან საერთოდ გააქრეს მუხლი სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ და გაჩნდა სრულიად ახალი, 75-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, რუსულსა და სხვა დანარჩენ ენებს, თანაბარი უფლებები მიენიჭა: „რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“. ქართველები ამ კონსტიტუციურ „სიახლეს“ მშვიდად არ შეხვედრიან, პირველი, ვინც ეს მიჩქმალული ცვლილება შეამჩნია, აკაკი ბაქარაძე იყო, რასაც ფეხდაფეხ მოჰყვა ნოდარ წულეისკირის ცნობილი კრიტიკული გამოსვლა საქართველოს მწერალთა კავშირში, რაც სტუდენტების დიდი საპროტესტო ტალღით დაგვირგვინდა. როგორც ცნობილია, სტუდენტების დაშოშმინებას ედუარდ შევარდნაძე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მას ახალგაზრდებმა არ მოუსმინეს. მიუხედავად სტუდენტების დევნისა და დაშინებისა, 14 აპრილს გადამწყვეტი აქცია მთავრობის სასახლესთან მაინც შედგა. ქალაქი ტანკებით იყო სავსე, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქართული მილიცია მომიტინგეებს მხოლოდ  ფორმალურად ეღობებოდა, მათ საკუთარი ხალხისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საბედნიეროდ, 1956 წლის 9 მარტისა და 1989 წლის 9 აპრილისგან განსხვავებით, საბჭოთა ხელისუფლებამ 14 აპრილს სისხლისღვრას დათმობა არჩია და კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვების შესახებ მომიტინგეებს ისევ ედუარდ შევარდნაძემ, ცეკას მაშინდელმა მდივანმა ამცნო.

1978 წლის 14 აპრილის სტუდენტურმა ამბოხმა კი, ერთის მხრივ ქართული ენა გაქრობას გადაარჩინა, მეორეს მხრივ კი საფუძველი დაუდო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებას.

ღია წერილი ბატონ ნოდარ ჭითანავას

ავტორი: თენგიზ ჯობავა

mamuli

ბატონო ნოდარ!
ჯერ იმ საკითხზე, რომელსაც თქვენ და მე სადავოდ არ გავხდით. კერძოდ, ეს არ არის თქვენი და ჩემი „მეგრულ-ქართული წარმოშობა“. ასე რომ, ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად ბრძანდებოდეთ. არც ის არის სადავო, რომ საქართველოს დღევანდელი „მთავრობა”, რომელსაც თქვენ „თავმჯდომარეობთ“, მარიონეტურლია და ამდენად ეგრეთწოდებული. რახან მთავრობა ეგრეთწოდებულია და მარიონეტული, მისი თავმჯდომარეც ეგრეთწოდებულია და მარიონეტი. ეს კი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ფაქტია და მას ვერ გაექცევით მეგრული, კახური, ქართლული თუ იმერული… წარმომავლობის მიუხედავად. თუ თქვენ ქართველი, და არა მარტო ქართველი, ხალხი არ გცნობთ რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად, არ გენდობათ, აქ „მეგრული წარმოშობა“, დარწმუნებული ვარ, არაფერ შუაშია, ამაში თქვენც ღრმად ბრძანდებით დარწმუნებული… მაგრამ…
მაგრამ, რას მივაწეროთ თქვენი „გულისამაჩუყებელი“ სიტყვა უზენაესი საბჭოს სესიაზე, რომ თქვენდამი წაყენებული პრეტენზიები ერთგვარად თქვენი მეგრული წარმოშობითაც ყოფილა განპირობებული… ბატონო ნოდარ, ნუთუ ეს გჯერათ? ვითომ ბევრი დაარწმუნეთ ამაში? მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს ასეა, არ გიფიქრიათ როგორ აღმოჩნდით თქვენთვის ესოდენ მაღალ პოსტზე? ნუთუ თქვენი „მეგრული წარმომავლობა“ ქართველმა ხალხმა ეს-ეს არის შეიტყო? იქნებ დღევანდელი თქვენი მდგომარეობა, რანგით მეორე თანამდებობა გეცოტავებათ? თუ ეს ასეა, მაშინ ამ საკითხზე ქართველ ხალხს ნუ შეაწუხებთ, რეფერენდუმის მოწყობას აზრი არა აქვს, იგი უნდა გადაწყვიტოთ „გურული წარმოშობის უზენაეს თავმჯდომარესთან“…
ბატონო ნოდარ!
უხერხული კი არის, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ „მეგრული წარმოშობისა“ და „კომუნისტური მოღვაწეობის“ მიუხედავად, მაინც ქართველი ბრძანდებით. ეხლა ეს გვიბრძანეთ, რა გაქვთ განზრახული? რა მიზნით ახსენებთ ქართველებს კუთხურობას? რაშია საქმე? რისთვის დაგჭირდათ თქვენი „აღსარება“? იქნებ იმპერიულ, აფხაზურ, ოსურ და სხვა პროვოკაციებს „კომუნისტური“ მხარდაჭერა გამოუცხადეთ? თქვენ თუ „მეგრელობით იჩაგრებით“, ბატონი გივი რით არის ნაკლები? გურულობას გაიხსენებს, მერე კახური, რაჭული, იმერული და ა.შ. წარმომავლობის „დაჩაგრული“ კომუნისტებიც წამოყოფენ თავს და რუსეთს გაუადვილებენ ხელახლა, როგორც ოდესღაც, შეიერთოს თავის „მფარველობაში“ ქართლ-კახეთი, იმერეთი, სამეგრელო… თუ ამგვარი განზრახვა გაქვთ, ღმერთმანი, უდიდეს ცოდვას მიამატებთ ისედაც უცოდვილეს კომპარტიას… თუ ეს ასე არ არის (ღმერთმა ქნას, ბატონო ნოდარ!), უნდა მოინანიოთ თქვენი, რბილად რომ ვთქვათ, წინდაუხედავი გამოსვლა და ბოდიში მოუხადოთ „მეგრული წარმოშობის“ ქართველობას და სრულიად საქართველოს. ქართველი მიმტევებელია და მიგიტევებთ!
და მაინც, ბატონო ნოდარ! როგორც ჩანს, უფრო სერიოზულად უნდა იყოს საქმე: თქვენ ბრძანეთ, რომ მოღალატეს გეძახიან, რომ გემუქრებიან სამშობლოდან გაძევებით (ღმერთმა დაგვიფაროს, ხომ გაგიგონიათ, ყვავს ბახალა რომ მოუკვდა…), მაგრამ გასულმდგმულებთ უდიდესი იმედი „ამ ძნელბედობის ჟამს“, რომ უთუოდ შეგიფარებთ თქვენი და ჩემი მშობლიური კუთხე… ეს კი როგორ გავიგოთ, „მთავრობის მეთაურო“? ხომ არ ემზადებით „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ დაშლილი საქართველოს იდეით მიიღოთ მონაწილეობა თქვენთვის გაუგონარ, შიშისმომგვრელ, მრავალპარტიულ, არასაბჭოურ არჩევნებში? ღმერთმა დაგვიფაროს! ალბათ კომპარტიის ყველაზე პირწავარდნილთაგანაც არ გვინდა დავიჯეროთ ამგვარი… ასე შეიძლება „აიდგილარას“ და „ადამონ ნიხასის“ ექსტრემისტებმაც არ გაგვიმეტონ, თუ მოაგონდათ, ვისი გორისანი არიან…
და, თუ არ გაქვთ ანტიქართული ჩანაფიქრი, რატომ იმზადებთ თავშესაფარს, რა დააშავეთ ან რას აპირებთ? ან რატომ გგონიათ „მეგრული წარმოშობის“ სამეგრელო ისეთი კუთხე, საქართველოს ისეთი ნაწილი, ან „მეგრული წარმოშობის“ მეგრელები ისეთი ქართველები, რომ თუ საქართველოს დანარჩენი კუთხეები, დანარჩენი ქართველები არ შეგიფარებენ თქვენი საქციელის გამო, მაშინ „გულაჩუყებული“ სამეგრელო, მეგრელობა თავზე ხელს გადაგისვამთ თქვენი „მეგრული წარმომავლობის“ გამო? რით განუგეშოთ? მიუხედავად ჩემი „მეგრული წარმოშობისა“, ვერ განვიმსჭვალე თქვენ მიმართ თანადგომის სურვილით, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს თქვენ ჯერჯერობით არც გჭირდებათ. ეტყობა გული გიგრძნობთ მნიშვნელოვან ცვლილებებს… ღმერთმა ინებოს, მართალი აღმოჩნდეს თქვენი წინათგრძნობა, იქნებ გვეშველოს… ხომ მოგეხსენებათ, „თოფი მეთოფესაო“…
ბატონო ნოდარ!
თქვენც და მეც დარწმუნებული ვართ, რომ სოციალისტური პერიოდი დასასრულს უახლოვდება, დასასრულს უახლოვდება ჩემი ღია წერილიც, რომელზედაც შეიძლება ჩემს გარდა ათასობით „მეგრული წარმოშობის“ მოქალაქეს მოეწერა ხელი, მაგრამ ეს იქნებოდა ბოლშევიკური მოქმედება… მე და თქვენ უფრო გავუგებთ ერთმანეთს…
დასასრულს, მინდა გისურვოთ მომნანიებლობის, შეცდომათა აღიარების უნარი და, რაც მთავარია, არასოდეს გაახაროთ სამშობლოს (საქართველოს) მტრები დაუფიქრებელი გამოსვლით, მოდით, პარტიულობას თავი დავანებოთ და ღმერთს შევთხოვოთ, იყოს თქვენი, ჩემი და სრულიად საქართველოს მფარველი. დამოუკიდებელ საქართველოში შეხვედრამდე „მეგრული წარმოშობის“ მარად ქართველო, ბატონო ნოდარ“

მამას წერილი

The Clock Hands by Gvantsa Jobava

clocks

Translated by Eirik Theophan Halvorson

Pa, you’re now asleep…
I’m still sitting at your writing desk
With the desk lamp blazing away
As it does every night.
I write every night
Whatever it may be,
And your breathing
Falls directly on my table
Like a sun ray rebounding through space.
Thirty times a minute
(I count your breaths every night),
I dip my fingers into the moment
Like ink, even just ten times,
and write,
Either this or that…
Yeah, you’re now asleep.
You go to sleep earlier than me as of recently.
You go to sleep, but once an hour
You check the light of my lamp,
Calling out to me every hour,
Checking up on me…
And when I turn off the light and
Get ready for bed,
You open your eyes at that moment
And call me, asking me
If I’m lying down or not.
At that instant I don’t want to believe
That I’ve already grown up.
You probably don’t want to either,
Yet, recently,
You and I together
Have kept my first gray hairs a secret
(I hand the scissors to you
and you find them yourself).
I obstinately go about in sneakers however,
Putting on everything childish
and ridiculous
(I don’t know, you always laugh
When I leave the house in the morning,
And even then, when I return home).
I don’t want to believe that I’ve grown up
Neither is it your wish, probably.
You ask me every evening,
“Where have you been all this time?”
When at that time you know that
I’ve been at work.
I no longer worry about answering as before,
Just smiling at you,
You wait for me however – as always,
Gazing at the clock every evening.
Pa, even now you are lying down,
Awaiting my passage into slumber,
Like every night.
You have opened your eyes, calling out to me,
“You aren’t cold, are you?” I answer you
Bluntly, “No”, and continue writing,
I became anxious, not wanting my words to fall flat.
You have grown silent too, perhaps even being a little offended
(Yet, what do you know that I’m trying
to write something about you right now)…
Pa, I have now dipped my cold fingers
Into your hurt feelings, exhaled… And have written the final words:
Pa, you know how we resemble the hands on a clock-face.
You – the big one, I – the small one.
You go, I follow after you…
You go, I follow after you…

საათის ისრები

მა, ახლა შენ გძინავს…
მე ისევ შენს საწერ მაგიდას ვუზივარ
და ისევე მინთია მაგიდის ნათურა,
როგორც ყოველ ღამე.
ვწერ ყოველ ღამე,
ხან რას, ხან რას,
და შენი სუნთქვა
სივრცეს ასხლეტილი მზის სხივივით
პირდაპირ ჩემს მაგიდას ეცემა,
წუთში ოცდაათჯერ
(გითვლი სუნთქვას ყოველ ღამე),
მელანივით ვაწობ შიგ თითებს
წუთში ათჯერ მაინც
და ვწერ,
ხან რას, ხან რას…
ჰო, ახლა შენ გძინავს.
ბოლო ხანია ჩემზე ადრე იძინებ.
იძინებ, მაგრამ საათში ერთხელ
ჩემი ნათურის შუქს ამოწმებ.
საათში ერთხელ გამომძახებ,
მომიკითხავ…
და როცა შუქს ვაქრობ და
ვემზადები დასაწოლად,
იმ წუთას თვალს ახელ და
მეძახი, მეკითხები,
ვწვები თუ არა.
და იმ წუთას არ მინდა მჯეროდეს,
რომ უკვე გავიზარდე.
ალბათ არც შენ გინდა.
არადა, ბოლო ხანია,
მე და შენ ერთად ვმალავთ
ჩემს პირველ ჭაღარებს
(მაკრატელს გაწვდი და ჭაღარებს
შენვე პოულობ).
მე მაინც ჯიუტად კედებით დავდივარ,
ვიცვამ ყველაფერს ბავშვურს
და სასაცილოს
(არ ვიცი, შენ ყოველთვის გეცინება,
როცა დილით სახლიდან გავდივარ,
და მაშინაც, როცა უკან ვბრუნდები).
არ მინდა მჯეროდეს, რომ გავიზარდე,
ალბათ არც შენ გინდა.
ყოველ საღამოს მეკითხები,
ამდენ ხანს სად ხარო,
მაშინაც კი, როცა იცი, რომ –
სამსახურში.
ისე მეკითხები, როგორც ადრე.
მე აღარ ვდარდობ პასუხზე ძველებურად,
უბრალოდ გიღიმი,
შენ კი მელოდები – ძველებურად,
საათს შესცქერი ყოველ საღამოს.
მა, შენ ახლაც ისევე წევხარ
და ელოდები ჩემს დაძინებას,
როგორც ყოველ ღამე,
თვალი გაახილე და გამომძახე,
ხომ არ გცივაო, მე მოკლედ
გიპასუხე, რომ არა და წერა გავაგრძელე,
შემეშინდა, სიტყვა არ გამიწყდესმეთქი,
შენც გაჩუმდი, იქნებ ცოტა გეწყინა კიდეც
(არადა, რა იცი, რომ ახლა სწორედ
შენზე ვცდილობ რამე დავწერო)…
მა, ახლა შენს ნაწყენ სუნთქვაში ჩავაწე
ცივი თითები… და დავწერე ბოლო სიტყვები:
მა, იცი, როგორ ვგავართ ისრებს ციფერბლატზე,
შენ – დიდი, მე – პატარა.
მიდიხარ, მოგყვები…
მიდიხარ, მოგყვები…

Cyberterrorism by Gvantsa Jobava

kardiogram

Translated by Eirik Theophan Halvorson

 

I say that love has gone extinct a long time ago,
Its fossil enticing millions of viewers by the day
Like the footprints of a dinosaur.
Vast lines of tourists in expectation of a
dinosaur’s footprints or a fossil of love long forgotten
Never end at the museums, at the parks…
With celebrities standing on a pedestal
Telling those in expectation about love
Risen from the dead, making their heads go faint,
About a love no longer having anything in common with God,
And with a human being all the more, just existing,
Until it loses itself and its status too, on the earth,
Until people look out from the heights of
Technological innovations,
Cyberterrorism or security,
Of suicidal terrorists or Al-Qaeda,
The Twin Towers, Afghanistan, or Syria,
Of Chechnya, Beslan, or the Fukushima Nuclear Plant,
Of Abkhazia, Ossetia, and then the Crimea,
Euro Maidan or the European Union,
Of NATO or the Soviet Union,
Of the Kremlin, the White House, or the Pentagon,
Dedovshchina or democracy,
From the heights of the First or Second World War,
Of religious terrorism or terror against religion,
Of feminism, violence against women,
Or gender equality,
Of the political mafia or “prosperity”,
Of poverty, hunger, or epidemics,
Of the “Ice Bucket Challenge” or just “challenges”,
Of egoism, psychosis, or depressions,
Of mechanical sex or bank loans,
Of alcoholism or drug addiction
And from many other heights and say,
That the precious fossil of love
Having gone extinct long ago,
Looks much better, more expensive and inobtainable
Between Andy Warhol and Schiele
Than it could have when yet alive.
I say that I go about from city to city, museum to museum,
Sleeping and waiting at train stations and airports,
To say, “God, I have been everywhere to see you,
Searching for you in all places,
Everywhere except within me.
I got up in the morning and off I went,
Not sleeping at night, constantly moving,
To not think about the love extinguished inside of me
And I think that I, the greatest traveler of my time,
will come across love in some museum installation –
a tool of modern art,
Taking a “selfie”
With my newly-purchased “iPhone 6”
And posting a status,
That I “feel so much more fantastic with love as never before,
that died out earlier than the dinosaurs”.

კიბერტერორიზმი

მე ვამბობ, რომ სიყვარული დიდი ხნის წინ გადაშენდა
და მისი ფიტული დინოზავრის ნაკვალევივით
ყოველდღიურად იზიდავს მილიონობით დამთვალიერებელს.
დინოზავრის ნაკვალევისა თუ გადაშენებული სიყვარულის
ფიტულის მომლოდინე ტურისტების გრძელი რიგები
არასდროს წყდება მუზეუმებთან, ნაკრძალებთან…
რჩეულებთან, რომლებიც კვარცხლბეკზე დგანან
და მომლოდინე ადამიანებს მკვდრედით აღმდგარ
სიყვარულზე უყვებიან, თავბრუს ახვევენ,
სიყვარულზე, რომელსაც აღარა აქვს ღმერთთან საერთო,
მით უფრო არც ადამიანთან, უბრალოდ იყო მანამ,
სანამ თავს დაკარგავდა და სტატუსსაც დედამიწაზე,
სანამ ტექნოლოგიური ინოვაციების სიმაღლეებიდან,
კიბერტერორიზმისა თუ უსაფრთხოების სიმაღლეებიდან,
კამიკაძე ტერორისტებისა თუ ალ ქაიდას,
ტყუპი თაუერების, ავღანეთისა თუ სირიის,
ჩეჩნეთის, ბესლანისა თუ ფუკუშიმას ატომური სადგურის,
აფხაზეთ-ოსეთისა თუ შემდეგ ყირიმის,
ევრომაიდანისა თუ ევროკავშირის,
ნატოსა თუ საბჭოთა კავშირის,
კრემლის, თეთრი სახლისა თუ პენტაგონის,
ძედოვშინისა თუ დემოკრატიის,
სანამ პირველი თუ მეორე მსოფლიო ომის,
რელიგიური ტერორისა თუ რელიგიაზე ტერორის,
ფემინიზმის, ქალებზე ძალადობისა
თუ გენდერული თანასწორობის,
პოლიტიკური მაფიისა თუ „კეთილდღეობის“,
სიღარიბის, შიმშილისა თუ ეპიდემიის,
“აის ბაკეტ ჩელენჯისა“ თუ „გამოწვევების“,
ეგოიზმის, ფსიქოზისა თუ დეპრესიების,
მექანიკური სექსისა თუ ბანკის სესხების,
ლოთობისა თუ ნარკომანიის
და მრავალი სხვა სიმაღლიდან
გადმოხედავდნენ ადამიანები და ეტყოდნენ,
რომ ის, დიდი ხნის წინ გადაშენებული
სიყვარულის ძვირადღირებული ფიტული
ენდი უორჰოლსა და შილეს შორის
ბევრად კარგი ჩანს, ძვირფასი და მიუწვდომელი,
ვიდრე ამას სიცოცხლეში მოახერხებდა.
მე ვამბობ, რომ დავდივარ ქალაქებში, მუზეუმებში,
მძინავს და ვიცდი რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში,
რომ ვთქვა, ღმერთო, მე ყველგან ვიყავი შენს სანახავად,
ყველგან გეძებდი,
ყველგან საკუთარი სხეულის გარდა.
ვდგებოდი დილით და მივდიოდი,
ღამით არ ვწვებოდი და მივდიოდი,
ჩემში გამქრალ სიყვარულზე რომ არ მეფიქრა
და მჯერა, რომ მე, ჩემი დროის ყველაზე დიდი მოგზაური,
გადავეყრები რომელიმე მუზეუმის ინსტალაციაში
სიყვარულს – თანამედროვე არტის ინსტრუმენტს
და ჩემი ახლადშეძენილი „აიფონ ექვსით“
“სელფს” გადავიღებ
და დავწერ სტატუსს,
რომ მე „ვგრძნობ თავს ისე ძლიერ ფანტასტიკურად, როგორც არასდროს,
სიყვარულთან, რომელიც გადაშენდა ადრე, ვიდრე დინოზავრები“.

ლაშა ბუღაძის “პატარა ქვეყანა”, როგორც დიაგნოზი

lasha

ბელარუსმა ნობელიანტმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა გასულ წელს საქართველოში ვიზიტის დროს ჩემს გულუბრყვილო შეკითხვაზე, მაინც რა გვჭირს საბჭოთა კავშირის რღვევის ზღვარზე დაბადებულ ახალგაზრდებს, როგორია ახალი თაობა დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დაუფიქრებლად მიპასუხა, გვანცა, ახალ თაობაზე მეკითხები? ჯერჯერობით არც ერთ თაობას არ ჰქონია შანსი საბჭოთა კავშირის მიღმა ეცხოვრა, ეს თაობაც ისევ და ისევ იმ დროში დაღდასმული ადამიანების ოჯახებში იბადება და იზრდება. ჯერჯერობით ჩვენ საბჭოთა კავშირის გარეთ არც ერთი წუთით არ გვიცხოვრიაო.

ლაშა ბუღაძის სულ ახლახან გამოცემული, ავტობიოგრაფიული რომანი “პატარა ქვეყანა”, რომელიც სულმოუთქმელად წავიკითხე, ჩემთვის სწორედ ამ ამბის ძალიან საფუძვლიანი ილუსტრაცია, დიაგნოზი, ახსნაა, თუ რითაა გამოწვეული ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანში ჩაბუდებული მანკიერებები, რომელიც თითქოს სულ უფრო მეტად გვაღიზიანებს, გვთრგუნავს, გვაბრკოლებს, თუმცა გვერდსაც ვერ ვუვლით და მუდმივად წრეზე ვტრიალებთ. რატომ არ აქვს ბოლო ილიასეული “ხიდჩატეხილობის” განცდას, ამ შემთხვევაში, თაობებს შორის. რას და როგორ ვაქცევთ ზურგს, რას და როგორ ვაპროტესტებთ, რატომ არ გვესმის ერთმანეთის, რატომ გვაქვს მუდმივად აგრესია, ჯანყი, რატომ დავიღალეთ ერთმანეთით. რატომ ვართ ე.წ. ემოციური ერი, რატომ არ ვიღიმით ქუჩებში, რატომ არ გვიხარია ერთმანეთის წარმატება, რატომ გვინდება მუდმივად გაქცევა ქვეყნიდან, საკუთარი თავიდან, საზოგადოებიდან, რატომ ვართ ხშირად კორუმპირებულები, მოძალადეები, აგრესორები, “სადამსჯელო ორგანოები” და რატომ არის ეს ბუნებრივი მოვლენა, რატომ ვეგუებით ამას და ამის საპირწონედ, რატომ შეიძლება პატიოსნებისთვისაც ზუსტად იგივე “წარმატებით” ვსჯიდეთ ადამიანებს, როგორც მისი საწინააღმდეგო ქმედებისთვის, ან ზოგადად რატომ არ გვჯერა ადამიანების პატიოსნების, წესიერების, სამყაროში ამ შესაძლებობის არსებობის და რატომ ვუყურებთ ამ მოვლენას, როგორც არაბუნებრივს, საეჭვოს, რატომ არ გვჯერა მსხვერპლის და ვამჯობინებთ, სწორედ ეს უკანასკნელი მივიჩნიოთ მთავარ მოძალადედ. რატომ ვართ თითოეული ჩვენგანი ყველაზე დიდი ქრისტიანი, მორალისტი. ან საერთოდ ვის როგორი შეხედულება გვაქვს პატიოსნებაზე, წესიერებაზე, ვინ როგორ ფორმულირებას ვაღიარებთ. სად გადის ზღვარი?

წავიკითხე ეს წიგნი და ვერც კი ჩამოვთვლი ჩემს მეხსიერებაში დალექილმა რამდენმა ჰაერში გამოკიდებულმა ამბავმა იპოვა თავისი ახსნა, პასუხი, ადგილი. ამიტომაცაა, რომ ყოველთვის უნდა მივუბრუნდეთ უკან ჩვენს განვლილ გზას, ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, ყველაფერს ადეკვატური, შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ. ბუნდოვანება ჩვენს ცხოვრებასაც ქაოსურს ხდის.

ეს წიგნი აუცილებლად დაგაფიქრებთ იმაზე, რამხელა იყო იდეოლოგიის გავლენა თითოეულ ჩვენგანზე, როგორი ფესვგადგმული და ძლევამოსილი. რომანის განვითარებასთან ერთად, მეც სიუჟეტის კვალდაკვალ, ერთგვარი კათარსისის პროცესში, გავიარე ნაცნობი, ხან თავს გადახდენილი, ხან გაგონილი, იმ დროისთვის ჩემ მიერვე არაერთგვაროვნად შეფასებული, ფორმულირებული ამბები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, 90-იანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. და უცებ თითქოს უამრავი რამ გადაფასდა და დალაგდა.

ვფიქრობ, მწერლისთვის საეტაპო მნიშვნელობის წიგნია, ამიტომ ვულოცავ ლაშასაც და მის გამომცემელსაც (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ამ მნიშვნელოვან გამოცემას. ყოველივე ზემოთქმულის საილუსტრაციოდ კი ერთ საინტერესო ფრაგმენტს დაგიტოვებთ, თუმცა, იმასაც დავამატებ, რომ იმდენი ამბავია ამ წიგნში თავმოყრილი, ხშირად სარკაზმით, სითამამით, მაღალმხატვრულად, მწერლის დიდი ოსტატობით შესრულებული და მოწოდებული, ძნელია რამის ამორჩევა და გამორჩევა. თუმცა ეს კონკრეტული ფრაგმენტი ნამდვილი სიგიჟეა.

“ბებიაჩემი ანტენით ხელში დგას ძველ ტელევიზორთან და აციმციმებული გამოსახულების დამშვიდებას ცდილობს, სწორ ადგილს ეძებს, ძლივს პოულობს, “ანტენასთან” ერთად შეშდება და ფეხზე მდგომი უყურებს გამოსახულებადალაგებულ ტელევიზორს, მაგრამ ეკრანი მაინც ირევა და ის გამეტებით და ლანძღვით ურტყამს ტელევიზორს. პარადოქსი: ტელევიზორი ცემას ჭკუაზე მოჰყავს, გამოსახულება მკაფიო ხდება.

საბჭოთა კავშირის დაშლას ტელევიზორი აჩქარებს: ყველა ლაპარაკობს. ყველა ყველაფერზე. ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენო სასწავლო ნაწილო, მლიქვნელო და არაადეკვატურო რუდიმენტო, რა დროს პიონერის ყელსახვევია? ხალხი ბუნების კანონებს არღვევს. ჩვენ, პარტიულები და უპარტიოები, ტელეეკრანთან ვსხედვართ და ვუყურებთ, როგორ ცდილობს ექსტრასენსი ლონგო გვამის წამოყენებას: ღამის საინფორმაციო გამოშვებაა, მოქმედება მოსკოვის ერთ-ერთ მორგში ხდება, მიცვალებული საკაცეზე წევს, თავთან მისკენ ხელებგაწვდილი ექსტრასენსი ლონგო უდგას, კედელთან დამფრთხალი პათანატომები ატუზულან. ლონგო ხელებს იქნევს, ხმამაღლა ქშენს (მის ქშენას მდუმარედ უსმენს საბჭოთა კავშირის 250 მილიონი მოქალაქე), უფრო და უფრო ახლოს მიდის მიცვალებულთან… და უეცრად – ეს დაუჯერებელია! – (“დადგმულია”, ამბობს უფრო გაბრაზებული, ვიდრე გაოგნებული მამაჩემი, “ხალხს აგიჟებენ”) – გვამიც სწევს ხელებს, ზევით იზნიქება… კედელთან მდგომ პათანატომს გული მისდის. საინტერესოა, გვამმა მხოლოდ წამოდგომა უნდა შეძლოს თუ სამუდამო გაცოცხლება? მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელი ყოფილა? საბჭოთა კავშირში გარდაცვლილები მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის ბოლო წლებში მკვდრეთით აღდგებიან. ლონგოს წერილები მისდის: “გააცოცხლეთ მეორე მსოფლიო ომში მკვდარი ბაბუაჩემი”, “გააცოცხლეთ ნიკოლოზ მეორე”, “გააცოცხლეთ სტალინი – წესრიგს დაამყარებს…”

აკრძალული წიგნების ბედისწერა

2

2017 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” დაიწყო ახალი საგამომცემლო პროექტი “აკრძალული წიგნების თარო”, რომელშიც ამ დროისთვის სამი წიგნია გაერთიანებული: მაია ენჯელოუს “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”, მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლები” და ელის უოკერის “იისფერი”. ამ ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით “სარკე” პროექტის ავტორს, გამომცემლობა “ინტელექტის” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერ გვანცა ჯობავას ესაუბრა.

საიდან დაიბადა ასეთი საგამომცემლო პროექტის იდეა?

მსოფლიო ისტორიას ოდითგანვე ახსოვს არაერთი წიგნი, რომელთაც პოლიტიკური, რელიგიური, სამართლებრივი, მორალური, იშვიათად კომერციული თუ სხვა ნიშნით სხვადასხვა დროს წვავდნენ, ხევდნენ ფურცლებს, კრძალავდნენ, იბეჭდებოდა იატაკქვეშეთში და საიდუმლოდ ვრცელდებოდა, თარგმანი თუ ორიგინალი ტექსტი ხდებოდა ცენზურის მსხვერპლი – წიგნად გამოცემამდე უხეშად ერეოდნენ ავტორის კომპეტენციაში, აგდებდნენ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფისთვის არასასურველ ფრაგმენტებს და კუპიურებით გამოსცემდნენ, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მშობლები ითხოვდნენ ამა თუ იმ წიგნის ამოღებას სკოლის პროგრამიდან, ბიბლიოთეკებიდან, რათა ისინი მათი შვილებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო.

1982 წელს ამერიკელმა ბიბლიოთეკის აქტივისტმა და გამოხატვის თავისუფლების თავდაუზოგავმა დამცველმა ჯუდი კრუგმა ამერიკის გამომცემელთა და ბიბლიოთეკართა ასოციაციების დახმარებით დააარსა “აკრძალული წიგნების კვირეული” და მას შემდეგ ეს დღეები ყოველწლიურად სექტემბრის ბოლო რიცხვებში აღინიშნება. აღნიშნული კვირეული მალევე ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიქცევას ბეჭდვის, გამოცემის, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, წიგნებზე, რომლებიც არა მხოლოდ წარსულში, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც ხდება ცენზურის მსხვერპლი. აღნიშნული პრობლემები არც ჩვენთვისაა უცხო და, ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მსგავს საკითხებზე ასევე მეტად მნიშვნელოვანია.

თავისთავად ცხადია, რომ თითოელ წიგნს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად იწერება და გამოიცემა, თავისი ბედისწერა აქვს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ახსოვს ათასობით წიგნი, რომელიც არასასურველი ან მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მათი, თუნდაც გარკვეული ნაწილის საგამომცემლო სერიის ფარგლებში გაერთიანება, საშუალებას მოგვცემს კაცობრიობის განვითარების მეტად საინტერესო ეტაპებს, მასშტაბურ ცვლილებებსა და გარდაქმნებსაც დავაკვირდეთ.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, მსოფლიო ისტორიას ათასობით აკრძალული წიგნი ახსოვს, თქვენთვის რა არის პრიორიტეტული, როდესაც ცალკეულ გამოცემებს თქვენი სერიისთვის არჩევთ, რა პრინციპს დაეფუძნა თქვენი არჩევანი სერიის თუნდაც პირველი სამი წიგნის შემთხვევაში?

მართალი ხართ, ათასობით წიგნს შორის არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილია, ამიტომ ბუნებრივია, გარკვეულ პრინციპზე უნდა ჩამოვყალიბებულიყავით. ამიტომ არჩევანი ცხადია იმაზე გავაკეთეთ, რაც ასე პრიორიტეტულია ჩვენი გამომცემლობისთვის – ღირებული, მაღალი დონის ლიტერატურა კლასიკიდან თუ ჩვენი თანამედროვეობიდან, დიდი მწერლები.

მარიო ვარგას ლიოსას ქართველი მკითხველი ჩვენი თარგმანებით უკვე კარგად იცნობს, თუმცა წიგნი – “ქალაქი და ძაღლები” – რომელიც სერიისთვის შევარჩიეთ, საკვანძო, შეიძლება ითქვას, მთავარ წიგნად მიიჩნევა მის შემოქმედებაში. რაც შეეხება, მაია ენჯელოუს და ელის უოკერს, ორ ფერადკანიან ქალ მწერალს, მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ნამდვილ ვარსკვლავებს, ისინი  ქართულ ენაზე პირველად სწორედ ჩვენს სერიაში ითარგმნა და გასაკვირიც კია, რომ მათი კლასიკად ქცეული წიგნები “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” და “იისფერი” ამ დრომდე არც ერთ მთარგმნელს არ გაახსენდა, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გამომცემლობას ერთგვარად გაუმართლა კიდეც, რადგან სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით მათი მეგზურები ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.

“აკრძალული წიგნების თარო” კიდევ ერთი კომპონენტითაა გამორჩეული – მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალი ენიდან შესრულებული მაღალმხატვრული თარგმანებით. ამის თქმის საშუალებას პროფესიონალი მთარგმნელები მაძლევენ, რომლებმაც სერიის პირველი სამი წიგნი არაჩვეულებრივად გადმოაქართულეს. მარიო ვარგას ლიოსას წიგნი ესპანური ენიდან – ლანა კალანდიამ, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანი ინგლისური ენიდან – ანი კოპალიანმა, ხოლო ელის უოკერის რომანი, ასევე ინგლისური ენიდან – გია ბერაძემ თარგმნეს. ამ სახელებით ყველაფერი ნათქვამია. მაღალი ხარისხის თარგმანები მომავალშიც ჩვენი სერიის პრიორიტეტი იქნება.

1

სამომავლოდ რომელ ახალ თარგმანებს უნდა ველოდოთ სერიაში?

სამომავლოდ გვინდა, რომ გავაფართოვოთ ენებისა და იმ ქვეყნების რაოდენობაც, რომელთა ავტორების წიგნებსაც სერიაში გამოვცემთ. ცხადია, ასე უფრო მრავალფეროვანი ლიტერატურული სურათი შეიქმნება. უახლოეს მომავალში სერია ორი წიგნით შეივსება. ესენი გახლავთ: ნიკოს კაზანძაკისის სკანდალური წიგნი “უკანასკნელი ცდუნება”, რომელსაც ბერძნული ენიდან თათია მთვარელიძე თარგმნის და მექსიკელი მწერლის, ლაურა ესკიველის “როგორც წყალი შოკოლადისთვის”, ამ უკანასკნელის თარგმანი ესპანური ენიდან მაკა გოგოლაშვილს ეკუთვნის. ამ ორი წიგნის წარდგენას წიგნის საახალწლო ფესტივალზე ვგეგმავთ, რომელიც 22-24 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. ასევე უახლოეს გეგმებში გვაქვს ამერიკელი კლასიკოსი მწერლის ნათანიელ ჰოთორნის “ალისფერი სიმბოლოს” გამოცემაც, რომელსაც ინგლისური ენიდან კვლავაც ანი კოპალიანი თარგმნის.

 

ჟურნალი „სარკე“, 2017 წლის ნოემბერი

სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში – სცენაზე და კულისებში

11111111

“ლიტერატურული გაზეთი”, 2017 წლის სექტემბერი

ავტორი: გვანცა ჯობავა

ფოტო რეპორტაჟი: გურამ მურადოვი

ყველაფერი ასე დაიწყო: 2015 წლის 7 ოქტომბერია, რამდენიმე დღე რჩება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე. მე ამ ბაზრობის სპეციალური საგამომცემლო პროგრამის მონაწილე ვარ და ამის გამო ბერლინში ვიმყოფები, სტუმრად გამომცემლობა  „ჰანსერ ბერლინის“ ოფისში. გამომცემლობის ხელმძღვანელი კარსტენ კრედელი 15 ქვეყნის ახალგაზრდა გამომცემლებს გვხვდება და მისი გამომცემლობის ისტორიას, მუშაობის პრინციპებსა და გამოცემულ წიგნებს გვაცნობს. მოუსვენრობა ეტყობა, ყოველ წუთას საათს დასცქერის, 40 წუთში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი უნდა გამოცხადდეს. სვეტლანა ალექსიევიჩის გერმანულენოვანი გამოცემები გამოსაჩენ ადგილზე გამოუფენია და გვეუბნება, მის ნობელს ველოდებითო. უცებ სახე მინათდება, ვფიქრობ, ეტყობა ამათ რაღაც ჩვენზე მეტი იციან, ტყუილად არ ექნებათ ეს მოლოდინი. ვუტყდები, რომ მეც ამ ავტორის ქართულ გამომცემლობას წარმოვადგენ. ჩვენ შორის უხილავი ძაფები იბმება. უკვე ერთად ვნერვიულობთ.

sveta

მალე შემდეგი შეხვედრა უნდა დაგვეწყოს, სხვა გამომცემლობაში, ამიტომ ნობელის გამოცხადებას ვერ ველოდებით და „ჰანსერ ბერლინს“ ვტოვებთ, ცხადია, ფეხები უკან მრჩება, ახლა ბატონ კრედელთან ერთად ყოფნას და სვეტლანა ალექსიევიჩის მასთან ერთად გულშემატკივრობას არაფერი მირჩევნია. მეტროში ვართ, ყველა სმარტფონებში ვიყურებით, უცებ ჩემი მექსიკელი კოლეგა ყვირილს იწყებს, ისაა, გვანცა, სვეტლანა ალექსიევიჩი, მისია ნობელი! 15 კაცი გარს მეხვევა და მილოცავს, ფიქრობენ, რომ ჩემი გამომცემლობა გამდიდრდება ნობელიანტი ავტორით, არადა რა იციან, რომ საქართველოში ყველაფერი სხვაგვარადაა მოწყობილი. მილოცავენ, ისე თავგამოდებით მილოცავენ, რომ მეტროში ხალხი გაუგებრობაშია, ჰგონიათ, რომ მე მივიღე ნობელი და ისტორიის ნაწილი გახდნენ, დიდი ამბის თანამონაწილე და უკვე უცნობებსაც უნდათ, რომ მომილოცონ. სიცილით ვაშოშმინებთ ყველას.

ორ დღეში, ზუსტად ორ დღეში, სვეტლანა ალექსიევიჩი სრულიად მოულოდნელად სწორედ ბერლინში ჩამოდის, თავისი პირველი პრესკონფერენციის გასამართად. მე ისევ აქ ვარ, ბერლინში და ალბათ ხვდებით, რომ არსად წასვლას აღარ ვაპირებ, სანამ მას არ ვნახავ. გერმანიის გამომცემელთა ასოციაცია თავისი ინიციატივით მწერს, გვანცა, გინდა ამ ამბავს დაესწრო? ჩემი პასუხია: მინდა, მინდა, ძალიან მინდა. 10 სექტემბერია, კი არ მივდივარ, მივფრინავ, მაგრამ საოცრება, ყველა გზა გადაკეტილია, ტრანსპორტი არ მოძრაობს, დიდი მანიფესტაციაა, მთელი ბერლინი ქუჩაშია, სირიის კონფლიქტი, დევნილები, ყველგან ტრანსფარანტები. ხალხის მდინარე მოედინება, მხოლოდ მე მივრბივარ საწინააღმდეგო მიმართულებით, უნდა მივაღწიო, რადაც არ უნდა დამიჯდეს. გავრბივარ ამ ხალხის მასებში, რომელსაც ბოლო არ უჩანს და ვყვირი, I love you Berlin, anyway I love you!!!! დღეს სვეტლანა ალექსიევიჩის გმირი ვარ, მასთან ჩვეულებრივად, სწორხაზოვნად არაფერი ხდება, მისთვის ესაა ნორმალური. მივაღწიე, ძალიან დამაგვიანდა, სიაში ვარ, მაგრამ შესასვლელში მაინც გაოცებული მიყურებენ გერმანელები, რომელი ჭკუათმყოფელი დააგვიანებს ახალი ნობელიანტის პირველ პრესკონფერენციაზე. ვხვდები, რაც უნდა მითხრან, მაგრამ ჩემს სათქმელს ვაგებებ: ყველაფერი ვიცი, მაგრამ უნდა შევიდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, იქ უნდა შევიდე. მიშვებენ. რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, პუტინი, ლუკაშენკო, საბჭოთა კავშირი, ყირიმის ომი, ანექსია, ოკუპაცია, ადამიანები, ხალხები – ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია, ხმამაღალი განცხადებები, პირდაპირი და შეუფარავი. შემდეგ მთავრდება შეკითხვები, მასთან მივდივაარ, ავტოგრაფს ვთხოვ, ვეუბნები, რომ მისი ქართული გამომცემლობიდან ვარ, თვალები უფართოვდება, აქ საიდან მოხვდიო, ვიცინით, მეუბნება, რომ უყვარს ჩემი ქვეყანა. კიდევ უფრო მეტი ხალისით მიწერს სამახსოვრო სიტყვებს – ძვირფასო გვანცა, გვჯეროდეს სიტყვის – შანსს არ ვუშვებ ხელიდან, და იქვე ვეკითხები: ხომ ჩამოხვალთ საქართველოში? აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ. ჩამოვალ.

111111111

2017 წლის 10 სექტემბერია. ზუსტად 1 წლისა და 11 თვის უკან მან თქვა, ჩამოვალო. დღეს აეროპორტის გამოსასვლელში ველოდები ყვავილებით ხელში, ჩვენი გამომცემლობის თანამშრომლები, ფოტოგრაფი, ტელევიზია, ყველა აქ არის. ქართული მედიასივრცე უკვე აჭრელებულია ხმამაღალი განცხადებებით: წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა საქართველოში – გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით 11-12 სექტემბერს თბილისს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა.

ჩამოვიდა.

შემოგვხედა ბედნიერებისგან გადაბადრული სახეებით ერთად შეჯგუფებულ ახალგაზრდებს და გვეუბნება, ვაჰ, ბავშვებო, ჩემ გამო მთელი ღამე არ გიძინიათო. შემდეგ ტელევიზიისთვის პირველ კომენტარს აკეთებს: „ამბობენ, რომ თბილისი შანხაივით განვითარდა, ამიტომ ერთი სული მაქვს კიდევ ერთხელ დავათვალიერო აქაურობა. და ისედაც, დოსტოევსკის არ იყოს, ჩვენ ყველა ერთი სიგიჟიდან მოვდივართ, ამიტომ საინტერესო იქნება ერთმანეთს გავუზიაროთ, თუ რა ხდება დღეს ჩვენთან“.

11111111

ნობელიანტის ჩამოსვლამდე „გარდიანთან“ მისი სულ ახალი ინტერვიუ გადავიკითხე. ჟურნალისტი გვიზიარებს, რომ, მისი შეხედულებით, სვეტლანა ალექსიევიჩი აშკარად ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც შეკითხვებს უსვამენ, ცხადად ვხედავ, რომ ერთი სული აქვს, როდის დავასრულებ ყველაფერს, თუმცა შემდეგ ლანჩზე მეპატიჟება და უამრავ შეკითხვას აქეთ მისვამს, ამ დროს ვხვდები, რომ ეს მისი კომფორტის მდგომარეობააო. აეროპორტიდან სასტუმრომდე გზად მხოლოდ იმის კითხვას ვასწრებთ ნობელიანტისთვის  მე და ზვიად კვარაცხელია, ხომ კარგად იფრინეთო და მაშინვე საპასუხო შეკითხვების ნამდვილი კორიანტელი დგება მანქანაში. თუმცა მისი კითხვების საფუძველზეც კი პირველ დღესვე საკმაოდ დიდი და საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ მის შესახებ, მისი ინტერესების შესახებ.

უკვირს, რომ ასე ახალგაზრდა მასთან რუსულად საუბარს ვახერხებ, იცის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა და რუსული ენა, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, მნიშვნელოვნად დაშორდა ერთმანეთს. მოსახლეობის რაოდენობით ინტერესდება და როცა იგებს, რომ დაახლოებით სამნახევარი მილიონი საქართველოში ცხოვრობს, ერთი მილიონი კი ემიგრანტია, გაოცებული რჩება, მე სულ ცოტა ათი მილიონი მაინც მეგონეთ, არადა თურმე ასე ცოტა ხართ და ყველგან კი ჩანხართ, გამოდის, საკუთარი თავის წარმოჩენა ნამდვილად კარგად შეგძლებიათო.

საუბარი გრძელდება შეკითხვებით საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, დამოუკიდებლობაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომზე, დევნილებზე, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე. ისმენს ჩვენს პასუხებს და იქვე დასძენს, მსმენია, ქართველი ხალხი დიქტატურას დიდხანს არ ითმენს და ვინც კი ამას ცდილობს, სულ ტყუილად ირჯებაო. ამბობს, რომ რუსული იდეოლოგია ისე მუშაობს, რომ გარე თვალით ძნელია გაარჩიო, სად გადის ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის, ის კი, რასაც ახლა თქვენ მიყვებით, შიგნიდან დანახული მთელი ეს ამბები, სულ სხვანაირად გამოიყურებაო. რუსეთი თავის ამბიციებს იკმაყოფილებს, უბრალო ხალხი იტანჯება, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცითო.

პოლიტიკიდან კულტურაზე ვინაცვლებთ და იმთავითვე ყურადღების ცენტრში ფიროსმანი ექცევა. ინტერესდება, დღეს ვინაა ყველაზე ცნობილი ცოცხალი მწერალი ან მხატვარი საქართველოში. ახალი სახელები არ ეცნობა, ძველებს თვითონ გვეუბნება: ჭილაძეები, საბჭოთა კავშირის დროს როგორი ცნობილები იყვნენო.

ნობელიანტ მწერალს საქართველოს მწერალთა სახლის ახალ რეზიდენციაში ვაბინავებთ – ალექსანდრე დიუმას სახელის მატარებელ არაჩვეულებრივ ფრანგულ ოთახში. მისთვის მირთმეული ყვავილების ულამაზეს თაიგულს მწერალთა სახლის ასევე ულამაზეს ლარნაკში ვანთავსებთ და მეორე დღემდე ვემშვიდობებით. ხვალიდან დიდი ამბები იწყება!

11111

იმავე ღამეს გერმანიიდან თბილისში მისი ლიტერატურული აგენტიც ჩამოდის – გალინა დურსტოფი – გერმანელ რედაქტორზე გათხოვილი რუსი ქალი, რომელიც განსაკუთრებული სპეციფიკით არჩევს ავტორებს, რომლებზეც მუშაობს – ავტორები, რომლებიც წერენ შიშველ სიმართლეს რუსეთის იმპერიალიზმზე. მისი ავტორების სიაში ორ ქართველსაც იპოვით: ლევან ბერძენიშვილს და პეპი ბოჭორიშვილი.  სწორედ ქალბატონი გალინას უსაზღვრო სიყვარულმა ჩვენი ქვეყნისადმი დიდად შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ სვეტლანა ალექსიევიჩი 2017 წლის 10 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა.

ნობელიანტმა საქართველოში ექვსი დღე დაჰყო, აქედან – სამი, ოფიციალურ შეხვედრებსა და ინტერვიუებს დაეთმო. გაიმართა პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის, საზეიმო მიღება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მისი წიგნის „ცინკის ბიჭები“ სულ ახლახან გამოცემული ქართული თარგმანის წარდგენაც გაიმართა, მიღებაზე მისთვის პიანისტმა ქეთევან ჩხარტიშვილმა დაუკრა. შეხვდა საკუთარ გამომცემლებს, მთარგმნელებსა და რედაქტორებს გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფისში, დასკვნითი ღონისძიება კი გახლდათ შეხვედრა მკითხველთან რუსთაველის თეატრში, ამ უკანასკნელ ღონისძიებას 700-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სამი დღის განმავლობაში მედია, ლიტერატორები, მკითხველები ტელეეკრანებიდან თუ სოციალური სივრციდან ნობელიანტის ყველაზე ხმამაღალ, მძაფრ, კრიტიკულ, საინტერესო, დამაფიქრებელ განცხადებებს აჟღერებდნენ. აი, ისინიც:

1234

– პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხიდან ყველას უყვარს საქართველოში მოგზაურობა. და როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ, გრძნობ, რომ მათ ეს ქვეყანა თითქოს იმედს აძლევთ. ქართველებს აქვთ უნარი შექმნან რაღაცნაირი სივრცე მათ გარშემო, იმის უნარიც აქვთ, აიძულონ სხვები, პატივი სცენ. ქართველებს ეს ნამდვილად გამოსდით.

– ჩემს წიგნს „ჩერნობილის ლოცვა“ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები წავუმძღვარე. ძალიან მიყვარს მისი „ლექცია პრუსტზე“. ყოველთვის თან დავატარებდი ევროპაში ყოფნის დროს. ამ ფილოსოფოსის აზროვნება ჩემთვის ძალიან ახლობელია.

– 40 წელი იმით ვიყავი დაკავებული, რომ საბჭოთა წითელი იმპერიის შესახებ ვწერდი, რომელიც ახლა უკვე ისტორიად იქცა. ახალგაზრდებს ეს შორეული წარსული ჰგონიათ. შეიძლება ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, სინამდვილეში, რუსეთში ყველაფერი ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის გადმონაშთია. ის ჯერ კიდევ ცოცხალია და დიდ როლს თამაშობს. ამ წლების განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ მას ბევრი ახალი სახე, გამოვლინება აქვს. მთელი ცხოვრება მოვანდომე ამის შესახებ ხმამაღლა წერას, მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა.

– პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხშირად ვმოგზაურობ, ვაკვირდები როგორ გრძელდება ცხოვრება იმპერიის ნანგრევებზე. ის, რაც მენტალობაშია, მარტივი დასამარცხებელი არ არის, წერისას არაერთხელ დავრწმუნდი, რომ კომუნიზმი შეიძლება ნაციონალიზმს, მილიტარიზმს ან პატრიოტიზმს იყოს ამოფარებული.

– პირველ წიგნზე მუშაობისას ჩემი რესპოდენტები არა თავიანთი გულახდილი ისტორიების მოყოლას, არამედ საბჭოთა გმირებზე, ჰეროიზმსა და ვაჟკაც მეომრებზე საუბარს იწყებდნენ – ასე  იყო მიღებული. მე კი სხვა დროსა და სხვა მოცემულობაში მათგან სიმართლის მოსმენა მსურდა. რამდენიმე საათში ან დღეში, როდესაც მომიშინაურდებოდნენ, იწყებდნენ მოყოლას, როგორ იკერავდნენ ფრონტზე საქორწილო კაბებს გარეცხილი დოლბანდისგან, მერე კი მთხოვდნენ მათი გმირობის შესახებ დამეწერა. მაშინ მივხვდი, რომ ხალხს ეშინია ცენზურის, მეზობლების, ცრურწმენის, თუმცა როცა 21-ე საუკუნეში მკითხველს სიმართლის მოსმენის სურვილი გაუჩნდა, ჩემი რესპოდენტები დარწმუნდნენ, რომ დამახინჯებული რეალობის მოსმენა არავის აინტერესებს. მეც ვიყავი აკრძალული მწერალი, პაციფიზმსა და ნატურალიზმს მაბრალებდნენ, დღეს კი ის, რასაც ვწერ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იბეჭდება.

– ჩემი შემოქმედების გამო მუდმივად პრობლემები მაქვს, როგორც ბელარუსში ისე რუსეთშიც. ამას წინათ რუსეთში მკითხველთან შეხვედრა მქონდა. ცხადია, ამ შეხვედრაზე უკრაინაზეც ვისაუბრე. წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, რამდენი სიბინძურე წამოვიდა ჩემკენ. ბელარუსშიც ჩემს წიგნებს მხოლოდ ოპოზიციური გამომცემლობები ბეჭდავენ. არ შემიძლია უნივერსიტეტებში სიტყვით გამოსვლა.

123456

– ჩემი ყველა წიგნი რუსულ ენაზე დავწერე, იმიტომ რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მე წითელი უტოპიის ისტორიას ვაგროვებდი, უტოპია რუსულ ენაზე საუბრობდა.

– მამაჩემი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე კომუნისტი იყო. ისიც კი მთხოვა სიკვდილის წინ, რომ პარტბილეთთან ერთად დამეკრძალა. მას მიაჩნდა, რომ იდეა ლამაზი იყო, უბრალოდ ადამიანები არ არიან სრულყოფილი. მისნაირი იდეალისტი იმ დროში ძალიან ბევრი ცხოვრობდა. მაგრამ მე უკვე იმ თაობას მივეკუთვნებოდი, ვისაც თავის მამებთან კონფლიქტი ჰქონდათ. ჩვენ არ გვესმოდა ამ იდეალიზმის აზრი, თუკი მას მხოლოდ სასჯელი და სისხლი მოჰქონდა. გვიჩნდებოდა კითხვა: თუკი იდეა ასეთი ლამაზია, მაშინ რატომ ჰგავს ის ყაზარმას?

– ჩემი წიგნების წერის დროს ძლიან ბევრს ვმოგზაურობდი, ვხვდებოდი ხალხს და ვეკითხებოდი, როგორ ქვეყანაში უნდოდათ ცხოვრება, დიდებულ ქვეყანაში თუ ნორმალურ ქვეყანაში, ისეთში, როგორიც, მაგალითად, დანიაა. უმრავლესობა მპასუხობდა, რომ დიდებულ რუსეთში სურდათ ცხოვრება. და როდესაც ეს მესმოდა, მინდოდა გამეგო, რატომ ვართ უბრალოდ მონები კი არა, არამედ მონობის რომანტიკოსები? და ხალხისთვის, რომელმაც ამდენი ტანჯვა და ამდენი სისხლი გადაიტანა, ეს ტანჯვა რატომ არ გადაიქცა თავისუფლებად?

– მე მაინტერესებდა შინაური სოციალიზმი, როგორ ხდება ადამიანი მონა და რატომ მოსწონს მას ეს მდგომარეობა. ამ კუთხით „ცინკის ბიჭები“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნია, რადგან ბიჭებს, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ სკოლის მერხებთან ისხდნენ, ომში ეძახდნენ, ისინიც მიდიოდნენ და სრულიად მშვიდად ხოცავდნენ ადამიანებს უცხო მიწაზე. და გულწრფელად არ ესმოდათ, რატომ არ უყვარდათ იქ ისინი.

– რუს მწერალს ვარლამ შალამოვს აქვს ასეთი სიტყვები, რომ ბანაკში (და ჩვენ სწორედ ბანაკში ვცხოვრობდით) ერთნაირად იხრწნება როგორც ჯალათი, ასევე მისი მსხვერპლი. სწორედ ამიტომ ჩემს წიგნებში საშუალება მივეცი, რომ თითოეულს ეყვირა თავისი სიმართლე, ეყვირათ იმ პატარა ადამიანებსაც, ვისთვისაც არასდროს არავის უკითხავს აზრი. ვისიც არავის ესმოდა.

– რუსეთში ნობელის პრემიის არც ერთი ლაურეატი არ უყვართ. ბუნინს „ძაღლს“ ეძახდნენ, ბროდსკის – „შეშლილ ებრაელს“, ასე რომ, რუსეთიდან სიყვარულს არც ველოდი. მით უფრო, რომ, ნობელის მიღების შემდეგ, პირველივე პრესკონფერენციაზე ბერლინში, სადაც ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით აზრი მკითხეს, რასაკვირველია, ვთქვი, რომ ეს ანექსია, ოკუპაცია იყო. რაზეც რეაქციამაც არ დააყოვნა – ეს სრული იგნორი გახლდათ, თითქოს ნობელი საერთოდ არ მიმიღია, თითქოს არც ვარსებობდი.

1234567

– მე ვიყავი ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში, შევხვდი ადამიანებს და მათ უხაროდათ, რომ წაიკითხეს ჩემი წიგნები, რადგან ასე უფრო გასაგები აღმოჩნდა მათთვის იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფლება და შემდეგ თავად თქვეს უარი მასზე.

– მე საშინელებების წერით კი არ ვარ დაკავებული, არამედ ადამიანების სულით, მე ადამიანების სულების შემგროვებელი ვარ.

 

აი, კულისებში კი ბევრი საინტერესო ნიუანსი დარჩა, ბევრი საინტერესო ეპიზოდი: ის, თუ როგორ უთხრა სვეტლანა ალექსიევიჩმა პირველ არაფორმალურ სადილზე თავის ქართველ გამომცემელ კახმეგ კუდავას: წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა სამყარო, რა ბედნიერებაა, რომ ზიხარ სადღაც ჩინეთში, იქაურ მოქალაქესთან ერთად, ზუსტად ისე მიზის წინ, როგორც ახლა – თქვენ და გრძნობ, რომ ის შენი თანამოაზრეა, ზუსტად ისე, როგორც თქვენ; ის, თუ როგორი ემოციური იყო მისი დაუგეგმავი შეხვედრა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთან, რომელიც ორი წლისა და რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სანამ არ მიიღო სპეციალური საშვი, რომლითაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, უკან დაბრუნებას ისევ შეძლებდა. ნობელიანტმა სწორედ მიტროპოლიტისგან მოისმინა 2008 წლის ომის ყველაზე ტრაგიკული ამბების შესახებ და უთხრა, დაწერეთ, ან სხვებს დააწერინეთ, სანამ ეს ამბები ცოცხალია, სანამ თვითმხილველები არსებობენო; ის, რომ თურმე სხვადასხვა ქვეყნის მუსიკის კოლექციონერმა ნობელიანტმა საქართველოდან „ქართული ხმების“ და ჰამლეტ გონაშვილის სიდი დისკები წაიღო; ბარგის სიმძიმეს არ შეუშინდა და წაიღო „ქართლის ცხოვრებისა“ და ქართველი ავტორების რუსული და უკრაინულენოვანი გამოცემებიც; მხატვრობაზე შეყვარებულმა, ერთ-ერთ გალერეაში შეიძინა ირინა სარიდის ნამუშევრები ტიხრულ მინანქარში; ძალიან დიდი დრო დაჰყო მშრალი ხიდის ძველმანების ბაზრობაზე, თქვა, რომ არ შეუძლია ამ ხალხთან ფასზე ვაჭრობა, ეს უსამართლობა იქნებაო; იყიდა ძალიან ბევრი საჩუქარი – მხოლოდ ქართული პროდუქცია, დასძინა, რომ მისი ხალხი ძალიან ბევრ რამესაა მოკლებულია, უნდა რომ რამით გაახაროს; დაათვალიერა ძველი თბილისი და მცხეთა; დააგემოვნა ქართული სამზარეულო, რომლითაც ბუნებრივია აღფრთოვანებული დარჩა და გაეცნო ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების წიგნის ისტორიას; ის, რომ ჩემთან ერთად ნავთლუღის ბაზარსაც კი ეწვია გუდის ყველის შესაძენად, მითხრა, რომ თბილისური ბაზრის მონახულების შანსს ხელიდან ვერ გავუშვებო; თქვა, რომ შეუყვარდა ეს ქვეყანა, ადამიანები, რომ მის ლიტერატურულ აგენტთან ერთად ისევ დაბრუნდება და ბევრად მეტს ნახავს, ვიდრე ამჯერად მოასწრო; ის, რომ აეროპორტში, მინსკში გამგზავრებისას, ბარგის კონტროლის რიგში მდგომი ნობელიანტი, მისმა თანამემამულე ახალგაზრდებმა იცნეს და სიხარულით ხტუნვა დაიწყეს, ნახეთ, ნახეთ, იქ ალექსიევიჩია, ცოცხალი ნობელიანტიო. გამოდის, ლუკაშენკოს იგნორი ვერაფერს ცვლის. ისევ სვეტლანა ალექსიევიჩს თუ დავესესხებით, ბელარუსი ხალხიც, ალბათ, ძალაუნებურად, მაინც ერთიანი სამყაროს ნაწილი გახდა, პატარა დიდ დიქტატორებს კი, როგორც ჩანს, მართლაც არ გამოსდით დროის შეჩერება.

12345

ბევრს გაახარებს ის ამბავიც, რომ სვეტლანა ალექსიევიჩმა თბილისში გატარებული დღეების დროს თავისი ახალი წიგნისთვის, რომელსაც სიყვარულზე წერს, სრულიად შემთხვევით, ქართველი პერსონაჟი იპოვა და ჩაწერა. ასე რომ მალე მის ახალ წიგნში ალბათ ქართულ ხმასაც გავიგონებთ.

მე კი, მთელი ამ ამბების თვითმხილველს, დამრჩა ბევრი ემოცია, შთაბეჭდილება, გამოცდილება, რუსთაველის თეატრში მისთვის მირთმეული წითელი ვარდები და ინტერვიუ, რომელზეც ალბათ ბევრი ჟურნალისტი იოცნებებდა, ვრცელი და საინტერესო საუბარი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩთან.

123456

ინტერვიუ ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩთან

IMG_0194

(ესაუბრა გვანცა ჯობავა)

გამოქვეყნდა 2017 წლის 29 სექტემბერს “ლიტერატურულ გაზეთში”

ბელარუს მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2015 წელს მიენიჭა. იგი ავტორია წიგნების სერიისა “უტოპიის ხმები”, რომელიც მოიცავს ხუთ წიგნს. აქედან ოთხი: “ომს არ აქვს ქალის სახე”, “ჩერნობილის ლოცვა”, “სექენდ ჰენდის დროს” და “ცინკის ბიჭები” ქართულ ენაზე უკვე თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა “ინტელექტმა” და გამომცემლობა “არტანუჯმა”. აღნიშნული თარგმანების წარსადგენად 2017 წლის სექტემბერში ორივე გამომცემლობის მოწვევით სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვია და არაერთი შეხვედრა და ღონისძიება გამართა. სწორედ მისი ვიზიტის დროს ჩაიწერა აღნიშნული ინტერვიუც.

უკვე ორმოცი წელია შეკითხვების დასმა თქვენი მთავარი როლია. ახერხებთ, რომ თქვენი წიგნებისთვის ათასობით რესპოდენტი გამოკითხოთ და მათგან გულწრფელი პასუხები მიიღოთ. ამბობენ, რომ რესპოდენტის როლში ყოფნა თქვენთვის არცთუ ისე კომფორტულია. სიმართლე გითხრათ, თქვენს ინტერვიუებში ეს თითქოს ერთი შეხედვით არ იგრძნობა. თუმცა თქვენთან უშუალო ურთიერთობის მესამე დღემ მაჩვენა, რამდენად კარგად გრძნობთ თავს შეკითხვების დასმისას. სინამდვილეში, რა ხდება მაშინ, როდესაც როლები იცვლება და თავად ხდებით რესპოდენტი? დღეს თქვენ ჩემი პერსონაჟი ხართ…

– როგორ გითხრათ, საკუთარი თავი უკვე საკმარისად მოვიბეზრე. ბევრს ვფიქრობდი ჩემს სამუშაოზე, მთელ მის თანმხლებ მოვლენებზე. მე უკვე კარგად ვიცი ის, რაც ვიცი. ცხადია, ახლა ჩემთვის გარესამყარო ბევრად უფრო საინტერესოა.

ხლა ცოტას წავიოცნებებ და წარმოვიდგენ, რომ მე და თქვენ როლები გავცვალეთ, ამჟამად ვმუშაობ წიგნზე „სექენდ ჰენდის დრო“. თქვენთან კი იმ იმედით მოვედი, რომ გულახდილად მომიყვებით ყველაზე მძაფრ ისტორიას თქვენი პირადი ცხოვრებიდან. საბჭოთა პერიოდიდან აირჩევთ თუ პოსტსაბჭოთადან, ამას თქვენ მოგანდობთ.

– ძალიან ბევრი ამბის მოყოლა შეიძლება, მეტისმეტად ბევრის, არჩევაც კი მიჭირს. ისევ „გეკაჩეპეს“ (საგანგებო სიტუაციათა ეროვნული კომიტეტი საბჭოთა კავშირის დროს) და მასთან დაკავშირებულ შიშს გავიხსენებ. იმ დროს მინსკში ვიყავი… ინტელიგენცია შიშობდა, რომ ისევ კომუნისტური დრო დაბრუნდებოდა… ჩემს პატარა გოგონასთან ერთად ქალაქში სასეირნოდ საგანგებოდ წავედი. კარგად მახსოვს… მინდოდა გამეგო, ხალხი რას ფიქრობდა. ყველგან რიგები იდგა. რომელიღაც რიგში ჩავდექი… და დავინახე, რომ ეს ხალხი „გეკაჩეპეს“ გამარჯვებას ელოდა. მივხვდი, ისინი, ვისაც მათი გამარჯვება არ გვსურდა, ძალიან ცოტა ვიყავით. მახსოვს… როგორ საუბრობდა ხალხი რიგებში… როგორ დავსხედით სადღაც… მგონი ბავშვი ნამცხვარს ჭამდა… რა თქმა უნდა, ყველა მხოლოდ ამაზე საუბრობდა. ყველა ამბობდა, როგორც იქნა, წესრიგი დამყარდებაო. ეს მეტისმეტად ძლიერი შთაბეჭდილება იყო.

თქვენ თქვით, რომ დიდი ისტორიების შეცნობას ამ ისტორიის ერთი ადამიანის მასშტაბებამდე შემცირებით ცდილობთ. დიდ ისტორიებს კი ათიათასობით ასეთი ადამიანი ჰყავს თავის წრეში მოქცეული. მათზე ვისაუბროთ, თქვენს უთვალავ პერსონაჟზე. დადებით ან უარყოფით პერსონაჟებს შორის თუ არის შესაძლებელი ზღვარის გავლება, თუ ეს ყველაფერი მეტისმეტად გადახლართულია ერთმანეთში?

– ჩემი აზრით, თითოეულ ინდივიდში ძალიან ბევრი რამ არის თავმოყრილი. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები, მათი ფართო გაგებით. დოსტოევსკის თუ დავესესხებით, „ბევრისმომცველია რუსი ადამიანი – აჯობებს ცოტა შევავიწროვოთ“. ყოველთვის მინდოდა ადამიანი ისეთი წარმომედგინა, როგორიც ის სინამდვილეშია – ცოცხალი. ყველა ინდივიდში ნახავთ უამრავ რამეს, ერთმანეთში არეულს. არ არსებობს ქიმიურად სუფთა ბოროტება – ასეთი ჯალათია… რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებშიც სადისტური საწყისი ჭარბობს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრებით ვმერყეობთ ჯალათობასა და მსხვერპლად ყოფნას შორის. გათავისებულიც კი გვაქვს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ეს ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი. ისტორიაში… ბოროტება გაბნეულია, ის ყველგანაა მიმოფანტული. ამიტომ იმისთვის, რომ დავწერო, ადამიანი უნდა დავინახო ჯალათშიც და მსხვერპლშიც. და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლში. რადგან ჩვენ მსხვერპლთა კულტურა ვართ, ძალიან ბევრი ვიცით მსხვერპლის შესახებ… ჯალათები კი ქრებიან მაშინვე, როგორც კი მათი დრო, მათი ძალაუფლება სრულდება, სადღაც უჩინარდებიან. ჩვენ მათ ვეღარ ვპოულობთ. პერესტროიკის დროს რამდენიმე ათეული ჯალათი გაჭირვებით ვიპოვეთ. მათი სახელები გამოვაქვეყნეთ, მაგრამ შემდეგ ეს არქივები ისევ დავხურეთ. მათზე ძალიან ცოტა ვიცით. თუმცა ვიცით, რომ ისინი ჩვენ შორის არიან. ჩემი წიგნისთვის – „სექენდ ჰენდის დრო“ მათ ძალიან დიდხანს ვეძებდი. მინდოდა ამ ხალხის ფსიქოლოგია გამეგო. რამდენიმე ადამიანი ვიპოვე კიდეც და… გაოცებული დავრჩი იმ ფაქტით, თუ რამდენად ჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ ისინი. თურმე რა მარტივია, ადამიანისგან ერთიც შექმნა და მეორეც.

22045969_1446726675382308_7183379313469486997_n

წიგნში „სექენდ ჰენდის დრო“ წერთ, რომ საბჭოთა კავშირს თუ რამ გამოუვიდა, პირველ ყოვლისა, ეს პირვანდელი ადამიანის შეცვლაა, რომ იდეოლოგიამ ამაზე კარგად იმუშავა. იმდენად კარგად, რომ ამბობთ, საბჭოთა ადამიანს ყველა სხვას შორის დღესაც ადვილად გამოარჩევო. ეს მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, ვინც საბჭოთა ეპოქაში იცხოვრეს, თუ მათ ოჯახებში გაზრდილ ახალ თაობასაც? საბჭოთა ადამიანის ე. წ. თვისებები ინერციით შემდგომ თაობებსაც გადაეცემათ?

– ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონია არასაბჭოთა დრო. იმიტომ, რომ მაშინაც კი, როცა კომუნისტები წავიდნენ, სკოლებში დარჩა კომუნიზმის დროინდელი სახელმძღვანელოები. დარჩნენ მშობლები, რომლებიც არ იყვნენ კომუნიზმის წინააღმდეგი, მათ არ ესმოდათ რა მოხდა, კაპიტალიზმის ეშინოდათ. დარჩნენ მასწავლებლები, რომლებიც ისევ ისე ასწავლიდნენ, როგორც მანამდე. ანუ ირგვლივ ყველაფერი საბჭოთა იყო. ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ პირველი თაობა იქნებოდა სრულიად არასაბჭოთა, თავისუფალი ხალხის საზოგადოება, ჩვენი მხრიდან დიდი მიამიტობა გახლდათ. მაგრამ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჩვენ მართლაც ისეთი გულუბრყვილოები ვიყავით, რომ ვვარაუდობდით, ხვალ უკვე თავისუფლები ვიქნებითო. თითქოს შეიძლება, რომ მთელი ცხოვრება ბანაკში გაატარო, შემდეგ კი გახვიდე ბანაკის კარიდან და თავი თავისუფალ ადამიანად იგრძნო. სინამდვილეში, ჩვენ არ გვესმოდა თავისუფლების არსი. ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვა, ლოზუნგი იყო. მაგრამ მახსოვს ასეთი საუბრებიც, პერესტროიკის დროსაც კი: „ეს კომუნისტია. ასეთს დავხვრეტდი“ – ჩვენ ამას ნაცნობ ადამიანებზე ვამბობდით, გესმით? ან, მაგალითად… „როგორ შეგიძლია მას ხვდებოდე, ის ხომ კომუნისტია!“ ხშირი იყო ამგვარი შემთხვევები, როცა მოთმენა გვიჭირდა და სურვილიც არ გვქონდა, რომ ყველას ერთად მოგვენანიებინა – ჩვენ ხომ ყველა თანაბრად ვიყავით იმის თანამონაწილე, რაც ჩვენ თავს ხდებოდა. ამიტომ სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მალე ჩიხში შევიდოდით, რაც მოხდა კიდეც.

რადგან მონანიება ახსენეთ, ჰიტლერი, ფაშიზმი და ებრაელების გენოციდი რომ გავიხსენოთ და იქვე სტალინი, მთელი მისი რეპრესიებით. გერმანელმა ხალხმა თითქოს შეძლო მონანიება, უფრო სწორად, დანაშაულის აღიარება. ჩვენთან რა ხდება ამ მხრივ? აღიარება კი არა, მგონი დღემდე საკუთარ თავსაც კი ვუმალავთ სიმართლეს…

– პირველ ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანელებს ნიურნბერგის პროცესი ჰქონდათ. ისინი მთელმა მსოფლიომ გაასამართლა. დაისაჯა უამრავი მეთაური – ზოგს სიკვდილი მიესაჯა, ზოგს სამუდამო პატიმრობა. ძალიან დიდი წმენდა მოხდა – ჩატარდა სასამართლო პროცესები როგორც მაღალი თანამდებობის პირებზე, ისე რიგითებზე. ჰიტლერის ყოფილი მეთაურებიდან ვერავინ ვერასოდეს იშოვიდა სამსახურს. რაც შეგვეხება ჩვენ, საბჭოთა კავშირს… ჩვენთან კომპარტიის წინააღმდეგ სასამართლო არ ყოფილა. თითქოს დაიწყო პროცესი ელცინის დროს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ფარსში გადაიზარდა და ის დაივიწყეს. ჩვენთან ხელმძღვანელი პოსტებიდან კომუნისტები არ ჩამოუშორებიათ. მხოლოდ აბრა შეიცვალა. მთელი ჩვენი ცხოვრება კი… საბჭოთა ძეგლები დარჩა, საბჭოთა ხელმძღვანელები დარჩნენ, ძალიან დიდხანს ფულიც კი ისევ საბჭოთა გვქონდა. ირგვლივ ყველაფერი, ყველაფერი საბჭოთა იყო. ცხადია, ძალიან მიხარია, რომ უკრაინაში საბჭოთა ძეგლებს იშორებენ, მიხარია, რომ ლუსტრაციის მცდელობა ჰქონდათ – სურდათ სახელისუფლებო რგოლიდან კომუნისტები ჩამოეშორებინათ, მაგრამ მგონი ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდათ. ამიტომ კომუნისტებმა, ცოტა გონს მოსვლის შემდეგ, აღიდგინეს ძალაუფლებაც, რომელიც ყოველთვის ჰქონდათ და საკუთრებაც. მათ ქვეყნის გაძარცვის შესაძლებლობა მიეცათ და ახლა კიდევ უფრო გაძლიერდნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლებაში დარჩენილები ყველა რეფორმას აფერხებენ, რომელიც კი ცხოვრების შეცვლისკენ არის მიმართული.

ისინი არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას ელცინს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორ აცხადებენ დღეს გორბაჩოვს დამნაშავედ. გამოდის, იმის გამო, რომ ზედა ფენა მთლიანად არ შეცვლილა, ჩვენ ვერ შევქმენით პირობები სრულიად ახალი ადამიანების მოსვლისთვის. ახალი ადამიანები საქმის მიღმა დარჩნენ. მათ მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, რომ რუსულ სამზარეულოებში მსხდარიყვნენ და გაეკრიტიკებინათ ის, რაც ხდებოდა. ერთი მხრივ, ეს ჩვენი ბრალია. შესაძლოა ზედმეტად ადრე დავტოვეთ მოედნები, შეიძლება მოთხოვნების წაყენება იყო საჭირო… მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.

IMG_0335

„არც ერთი დიქტატორი არ არის ყოვლისშემძლე, მთავარია რამხელა სივრცეს ვიტოვებთ ადამიანები ბრძლისთვის“ – ეს თქვენი სიტყვებია. ხშირად საუბრობთ იმ ფენომენზეც, როდესაც ადამიანებს მონობა თითქოს მოსწონთ კიდეც, ნებაყოფლობით ეცემიან ამ მდგომარეობას. როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში, დიქტატორები ახერხებენ ადამიანების დამონებას თუ ადამიანები საკუთარი ნება-სურვილით თავად ქმნიან დიქტატორებს?

– ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ხალხია დამნაშავე. ყველა ხალხს ის მთავრობა ჰყავს, რომელსაც იმსახურებს. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბელარუსებს ჰყავდათ ასეთი მოღვაწე, მწერალი ალეს ადამოვიჩი, რომელიც ბელარუსი ვაცლავ ჰაველი იყო. მაგრამ ხალხმა ის კი არ აირჩია, არამედ კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რომელიც დაპირდა, რომ მდიდრებს ყველაფერს წაართმევდა და მათ გაუნაწილებდა – ეს სასჯელის ერთგვარი თანამედროვე ფორმა გახლდათ. ხალხისთვის კი ეს ძალიან გასაგები და ახლობელი ფორმა იყო. რევოლუცია, გორბაჩოვის პერესტროიკა მისი მომხრეების მცირე კონტიგენტმა და ინტელიგენციამ მოახდინა. ჩვენ ძალიან ცოტა ვიყავით. არადა, ამას ვერც კი წარმოვიდგენდით. გვეგონა, რომ მთელი ერი ფეხზე დადგებოდა და ამას ერთობლივი ძალებით გავაკეთებდით. სინამდვილეში კი, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. სოლჟენიცინი, შალამოვი, სხვა მწერლებიც უკვე გამოცემული იყვნენ – ავტორები, რომელთა გამოცემა კომუნისტების დროს აკრძალული იყო, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა. ხალხი მათ გვერდს უვლიდა. ახალი ნივთები, ახალი… როგორ გითხრათ, ახალი სამყარო აინტერესებდათ, ახალი დროება, რომელიც მოვიდა. ადამიანებს უხაროდათ ახალი მადუღარა, ახალი სარეცხის მანქანა. წიგნების რიგებში კი აღარ იდგნენ, რადგან უკვე ნებისმიერი წიგნის დაბეჭდვა შეიძლებოდა. ჩვენ თვითონ ვქმნით სივრცეს, როცა უარს ვამბობთ ბრძოლაზე, როცა უარს ვამბობთ იმის გაგებაზე, რომ… განსაკუთრებით არადემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფლება ის არის, როცა მთელი საზოგადოება იბრძვის საერთო მიზნისთვის და არა ერთი მუჭა სამოციანელები ან კიდევ ვინმე სხვა. თუ მხოლოდ ერთეულები იბრძოლებენ, თავისუფლება არ იქნება. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ განვიცადეთ მარცხი და ვცხოვრობთ დამარცხებულის სინდრომით. დიქტატორები კი სწორედ იმ სივრცეში მოქმდებენ, რომლიდანაც ჩვენ გავდივართ და რომელსაც ცარიელს ვტოვებთ. არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, – გმირების შემდეგ ბრძოლის ველზე მაროდიორები გამოდიანო. გამოვიდნენ კიდეც.

გამოდის, რომ საზოგადოება გულგრილია, სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ ძალას, თითოეულ ადამიანს დამოუკიდებლად მიაჩნია, რომ პლუს ერთი ადამიანის ბრძოლა დიდად ვერაფერს შეცვლის. როგორც ჩანს, არც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობაა მაღალი…

ჩემი აზრით, ადამიანთა ძირითადი მასა არასოდეს მონაწილეობს დიდ პროცესებში. რევოლუციაც კი, რუსეთში, რასაც ახლა ოქტომბრის გადატრიალება ჰქვია, ლენინმაც ადამიანების მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად დაიწყო. მან მიმართა ტერორს ხალხის წინააღმდეგ, ხალხმა კი ვერ შეძლო გაერთიანება და წინააღმდეგობის გაწევა. ხალხი ახლაც ასეა. ყველას არ შეუძლია იმის გააზრება, შეფასება, რაც ხდება. ეს ინტელიგენციამ უნდა იტვირთოს. მან უნდა შეძლოს იდეების ფორმულირება, მისი ადამიანებამდე მიტანა.

ახერხებს კი ამას ინტელიგენცია?

ვფიქრობ, თქვენთანაც და ჩვენთანაც ინტელიგენცია ძალზე სუსტია. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯერ სტალინმა გაანადგურა მათი უმრავლესობა ბელარუსში და, ვფიქრობ, თქვენთანაც, შემდეგ კი უკვე მეორე მსოფლიო ომმა. ჩვენთან დღემდე არსებობს დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენში ტრადიციულად ყველაზე კულტურული ფენა ებრაელები იყვნენ. სწორედ ებრაელების ხარჯზე, ომამდე, მინსკი ძალიან კულტურული ქალაქი გახლდათ. გამოდიოდა ბევრი ებრაული გაზეთი, ჟურნალი, იყო თეატრი, ებრაული სკოლები. მაგრამ სტალინმა, პრაქტიკულად, ყველა ებრაელი გაანდგურა, ვფიქრობ, რამდენიმე მილიონი… დახოცილი ებრაელებისგან დაახლოებით ერთი მილიონი ბელარუსში ცხოვრობდა. და წარმოიდგინეთ სოფლები, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელი მკერავები, ექიმები, მასწავლებლები, მთელი ეს კულტურული ნაწილი მთლიანად განადგურდა. დარჩნენ მხოლოდ გლეხები. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების დონე მაშინვე დაეცა. და ვფიქრობ, დღემდე გვაქვს ინტელიგენციის პრობლემა. ჩემი აზრით, თქვენთანაც იგივე მდგომარეობაა.

თქვენ იკვლევთ საბჭოთა ისტორიის ნანგრევებზე აღმოცენებულ ხალხს და ქვეყნებს. ჩვენთან უკვე მესამედ ჩამოხვედით, თუმცა ნობელის პრემიის ლაურეატის რანგში – პირველად. როდესაც შინ დაბრუნდებით, რას მოყვებით ჩვენზე, როგორი გამხდარა საქართველო, შეიცვალა რამე, თუ ისევ ისეთია, როგორსაც აქამდე იცნობდით?

შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მწირი წარმოდგენა გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებს აქ ვითარებას რუსეთი. მას თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს – აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. რა თქმა უნდა, ვერ ელევა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ანუ კრემლის დაქვემდებარებაში მყოფ ქვეყნებს. არ სურს ამ მიწების, ამ ერების გაშვება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთში ძალიან პოპულარულია დიადი რუსეთის იდეა. და არამხოლოდ ხელისუფლებაში, პოლიტიკოსებს შორის, არამედ ხალხშიც.

მახსოვს, იაპონელებთან ერთად ვიღებდით ფილმს ჩემი წიგნის მიხედვით და ჩავედით ისკუტში/ირკუტში, ეს სამყაროს დასასრულია, სადღაც ირკუტსკის ოლქში. დავიქირავეთ მანქანა, რომ მძღოლს ყოფილი ბანაკების ადგილებში მივეყვანეთ. არსებობს იმ მუზეუმების რუკა, სადაც ბანაკები იყო და ამ რუკას თითქოს ცეცხლი უკიდია. იქ ყველგან ბანაკი იყო. ადამიანები საშინელ ისტორიებს გვიყვებოდნენ. როგორ მოჰყავდათ პატიმრები, როგორ აძლევდნენ ერთ ნაჯახსა და ერთ ნიჩაბს ას ადამიანს და თოვლში ყრიდნენ. როგორ ხოცავდნენ დედები საკუთარ შვილებს, რადგან არ უნდოდათ ენახათ, როგორ იხოცებოდნენ ისინი შიმშილით… ერთი სიტყვით, ნამდვილ საშინელებებს გვიყვებოდნენ.

მძღოლს ძალიან უხაროდა, რომ ჩვენთან ფულს აკეთებდა, რადგან იქ სამსახური, ფაქტობრივად, არ იშოვება, საჭმელიც მხოლოდ პელმენი ჰქონდათ, მუდმივად პელმენი. ჰოდა, დავსხედით ჩვენც ამ პელმენების საჭმელად და მოულოდნელად იაპონელი რეჟისორი ამბობს:

– რას აკეთებთ… რას აკეთებენ რუსები ჩეჩნეთში, დნესტრისპირეთში, – ყველა ადგილი ჩამოთვალა, სადაც ისინი არიან, – როცა ამდენი მიწა გაქვთ და ეს მიწა სრულიად ცარიელია? და მოულოდნელად ჩვენი მძღოლი ამბობს:

– მე თვითონაც წავალ ომში, ჩემს შვილებს, ბიჭებსაც გავუშვებ… ჩვენ გვექნება დიადი რუსეთი, პუტინი ფეხზე წამოგვაყენებს! და წავიდა… ტაიგაში დაგვტოვა უმანქანოდ. რაღაც სასწაულით გამოგვიყვანეს იქიდან, ტრაქტორით… ეს ჩვეულებრივმა პატარა ადამიანმა გააკეთა. ვფიქრობ, ეს იდეა ძალიან პოპულარულია. ასე რომ, საქმე მხოლოდ პუტინს არ ეხება. ჩვენ კოლექტიურ პუტინზე ვლაპარაკობთ. ანუ პუტინის ნაწილი ყველა ადამიანშია, სწორედ აქედან გამოდის დიდი პუტინი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეიცვალა თუ არა საქართველო, ჩემთვის რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან საქართველოს კარგად არ ვიცნობ და არც ისე ბევრი კონტაქტი მქონდა თქვენთან, მაგრამ, მაგალითად, გუშინ ძალიან კარგი წერილი მივიღე, უცნობმა ადამიანმა მომწერა… აინტერესებდა, ხომ არ ვიფიქრებდი ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაზე წიგნი დამეწერა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირველი პრეზიდენტი ლაფში ამოსვარეს, განსაკუთრებით კი ჩვენთან, რუსულ პრესაში, მისგან ნამდვილი ყაჩაღი შექმნეს, აქ ამ დღეებში დავინახე, რომ სულ სხვაგვარად უყურებთ გამსახურდიასაც და იმ არც თუ ისე შორეულ წარსულსაც. წიგნი კი… ეს საქმე თქვენ უნდა ითაოთ, ეს თქვენი გასაკეთებელია. მიკვირს კიდეც, პროგრესულად მოაზროვნე თქვენი მწერლების ახალმა თაობამ ამ დრომდე რატომ არ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს.

ანუ გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს?

დიახ, ეს ორი სხვადასხვა რამეა. რადგან მედია, განსაკუთრებით კი პუტინის მედია, კონტროლირებადი ტერიტორიაა და ისინი ყველაფერს კრემლის პროგრამით ქმნიან.

4

ჩერნობილის მოვლენებს თქვენ ომის ახალი ფორმა, მომავლის ომი უწოდეთ. ადამიანის ბუნებასთან ომი… ერთი წლის წინ ფუკუშიმაზეც იყავით. რის გამო ხდება ეს ყველაფერი, არ გვინდა ადამიანებს, რომ შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ რაღაცის, ამ შემთხვევაში ბუნების, წინაშე უძლურები ვართ? და რადგან ბუნება ვახსენეთ, იქნებ ცხოველებზეც ვისაუბროთ. თქვენს წიგნებში არაერთი ტრაგიკული პასაჟი სწორედ ცხოველებს უკავშირდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ. ერთ ფრაგმენტს მოვიშველიებ:

სოფელში შევედით, იქ კი, ტყის პირას, დახოცილი პარტიზანები წვანან… დაკლული ღორებივით ეყარნენ… იქვე ცხენები ძოვდნენ… და გამეფიქრა: როგორ ჩაიდინეს ადამიანებმა ასეთი საშინელება ცხოველების თვალწინ? ცხენები ხომ ამას უყურებდნენ…“

ფუკუშიმას შემდეგ, ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ბუნებამ ადამიანთან ბრძოლა დაიწყო. ცივილიზაციის რაღაც სრულიად ახალ ეტაპს ჩაეყარა საფუძველი. ვხედავთ, რა ხდება ამერიკაში, ჩინეთში, სადაც ტაიფუნებია… უკვე აშკარაა, რომ დასრულდა ეპოქა, როცა ადამიანს მეცნიერების სწამდა, როცა სჯეროდა, რომ შექმნიდა ისეთ ძალებს, რომლითაც ბუნებასაც კი დაუპირისპირდებოდა. არ ვიცი, რა ხდება ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ჩემი აზრით, ბუნებასთან ძალის პოზიციიდან ლაპარაკი მეოცე საუკუნის ადამიანს ახასიათებდა. მაშინ ადამიანებს ზედმეტად სწამდათ საკუთარი ძალის. მაგრამ ჩერნობილმა, ფუკუშიმამაც, დღევანდელმა კლიმატურმა ცვლილებებმა გვაჩვენა, რომ ეს ფილოსოფია უკვე აღარ მოქმედებს, რომ ის მცდარია, რომ ადამიანი… როგორც ჩემი ერთ-ერთი გმირი ამბობს „ჩერნობილის ლოცვიდან“, – ფეხაკრეფით, თითის წვერებზე უნდა შევიდეს ამ სამყაროში და მასთან საერთო ენის გამონახვა სცადოს. ძველ ხალხებს, ვთქვათ, აცტეკებს, მაიას ტომებს ბუნებასთან ურთიერთობის მთელი ფილოსოფია ჰქონდათ. ადამიანი არასოდეს კლავდა იმაზე მეტ ცხოველს, ვიდრე გამოსაკვებად სჭირდებოდა. ინდიელები კი, როდესაც ცხოველს კლავდნენ, მას პატიებას სთხოვდნენ. მეოცე საუკუნის ადამიანმა თავი ბუნების პატრონად წარმოიდგინა. ვფიქრობ, ეს დრო დამთავრდა.

…და რატომ არის ამდენი ცხოველი? იმიტომ, რომ არასოდეს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მეცნიერებათა აკადემიაში, ჩერნობილის ზონიდან ბელარუსების გამოსახლების დროს, ასეთი საკითხიც კი იდგა: კარგი, გამოვასახლებთ ადამიანებს, მაგრამ როგორ გამოვასხლოთ ცხოველები ტყიდან? ჩიტები ციდან? მათ ხომ არაფერი იციან. როცა სოფლებში ჩავდიოდი, ვხედავდი როგორ ეცოდებოდათ ბავშვებს ცხოველები, რადგან საკუთარი სახლებიდან უნდა აყრილიყვნენ და ცხოველები კი დაეტოვებინათ. ღმერთო ჩემო, როგორ მალავდნენ თავიანთ კატებს… მოკლედ, დამთავრდა ბუნებაში ჩვენი მეთაურობის დრო. ჩვენი მასთან ურთიერთობის ფილოსოფია, რასაკვირველია, უნდა შეიცვალოს. ეს დაადასტურა ჩერნობილმაც და ფუკუშიმამაც.

დამთავრდა კი? სადღაც ამოვიკითხე, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს ლობირებით ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ, ეს სიმართლეა?

დიახ, ეს სიმართლეა, რადგან ჩვენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველაფერს ლუკაშენკო წყვეტს, ერთი ადამიანი – სათავეში. საზოგადოება, როგორც ასეთი, არ არსებობს. საზოგადოებამ ვერ მოასწრო ჩამოყალიბება. ძალიან მოკლე პერიოდი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ თავისუფლებისთვის. ლუკაშენკო ძალიან მალე მოვიდა ხელისუფლებაში. მგონი შუშკევიჩს მცირე დრო მიეცა. ამიტომ საზოგადოება, რომელიც მას წინააღმდეგობას გაუწევს, დღეს არ არსებობს. ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, საზოგადოებას არ წარმოადგენენ. ეს უბრალოდ ხალხია. თანაც გლეხებისგან შემდგარი ხალხი. ჩვენ არ გვაქვს არც ეკოლოგიური მოძრაობა, არც ატომის საწინააღმდეგო მოძრაობა, არც დედების პროტესტი, რომლებსაც ჩერნობილისგან შვილები ეხოცებათ. საზოგადოებაში წინააღმდეგობის არავითარი ძალა არ არსებობს.

3

ქალებზე ვისაუბროთ. ზოგადად გენდერული თემები რამდენად მნიშვნელოვანი, აქტუალურია თქვენთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ვერც ამ მიმართულებით წავიწიეთ წინ, როგორც საზოგადოებამ. ჩვენს ახალგაზრდა ქალებს სრულიად მიწიერი ოცნებები აქვთ, რომ გათხოვდნენ თუნდაც მოხუც, როგორც მათ უწოდებენ, მამილოებზე, რომლებიც არჩენენ, რომ ბაფთიან ბალიშზე იწვნენ. საბჭოთა დროს კი ქალები უბრალოდ გამოიყენეს. სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი ომში. იმ დროს ემანსიპაციის მძლავრი პოლიტიკა იყო. ქალები მართავდნენ ტრაქტორებს, თვითმფრინავებს, ეს… ეს მოდური იყო. ამაზე ლაპარაკობდნენ. ახლა ემანსიპაციის იდეები, რა თქმა უნდა, მიჩუმდა. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ძალიან ვულგარული პერიოდია. ჩვენ სხვა ტიპის საზოგადოებაზე გადავედით – ის ავტორიტარულია. მაგრამ მის სათავეში ეროვნული ინტერესები, ან რამე მსგავსი არ დგას. მის სათავეში აი, ეს ვულგარული მოხმარების კულტი დგას, და ადამიანები ამით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ფასეულობათა ასეთ წრეში… გამოდის, რომ კერძო ფასეულობები უფრო მაღლა დგას. ადამიანები ცდილობენ თავი დააღწიონ უწინდელი ტოტალიტარული სისტემის მარწუხებს და, რა თქმა უნდა, ეს გარდამავალი ვულგარული პერიოდი უნდა გაიარონ – საკმარისი ჭამონ, იმოგზაურონ, ყველაფერი ნახონ… ეს ავადმყოფი საზოგადოებაა. ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია კარგად და ახლა ხალხს უნდა, რომ კარგად ცხოვრობდეს. რთულია იმაში დაადანაშაულო, რომ კარგად ცხოვრება სურთ. ამიტომ… რადგანაც ეს ტოტალიტარული საზოგადოებაა, ბუნებრივად, მამაკაცთა საზოგადოებაა. არ მეგულება ტოტალიტარული საზოგადოება, სადაც მთავარი ქალია. რადგან ქალები რომ ყოფილიყვნენ, ეს უკვე პარიტეტული, მოქნილი საზოგადოება იქნებოდა. ახლა კი, არა. ეს მამაკაცთა საზოგადოებაა, მით უფრო, რომ რუსეთში მთავარი მილიტარისტული იდეები გახდა – „ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ დიადები ვართ“… და ერთი დღეც არ გადის ისე, რომ ტელევიზორში არ აჩვენონ სამხედრო თვითმფრინავი, ახალი ტანკი, ახალი კრეისერი… აი, ფასეულობები.

და ქალები… უკანა პლანზე იხევენ… სადღაც თავისი ცხოვრებისკენ. ცხოვრება მკაცრია, მამაკაცია მთავარი და ქალს ძლიერი მამაკაცი სჭირდება. თუმცა… ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ერთიანი სამყაროს ნაწილი გავხდით და საკმაოდ ბევრი „ბიზნეს-ვუმენი“, ბევრი ძლიერი ქალი გვყავს. პროცესი მაინც მიმდინარეობს. ეს პატარა დიდი დიქტატორები მაინც ვერ შეძლებენ დროის შეჩერებას. მაინც ერთიან მსოფლიოში ვცხოვრობთ, არსებობს საერთო იდეები, იმის მიუხედავად, რომ დემოკრატიამ უკან დაიხია რუსეთში, უკრაინაში… გზის გაკვალვა უჭირს… ის არ არის არც ბელარუსში, პოლონეთში კი ახლა ნაციონალისტები არიან სათავეში… ძალიან რთულია… თუმცა ამის მიუხედავად, დროს ვერავინ შეაჩერებს.

ძალიან მინდა ანა პოლიტკოვსკაიაზე გკითხოთ, ჩემთვის პირადად სამაგალითო ადამიანი, ქალი იყო. თითქოს ერთი შეხედვით ვხედავ კიდეც თქვენ შორის რაღაც მსგავსებას…

ანას ვიცნობდი. დიახ. რამდენჯერმე ერთადაც ვიმოგზაურეთ. ის ტრავმირებული იყო ომით. ძალიან… მგონი ორმოცდაათჯერ მაინც იყო ჩეჩნეთში ნამყოფი. მე იქ არ ვყოფილვარ, რადგან ავღანეთისა და ყველა ამ წიგნის შემდეგ აღარ შემეძლო მოკლული ადამიანის ნახვა. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა, ასეთი რამ იმდენჯერ ვნახე, იმდენჯერ მოვისმინე… თანაც არაფერი იცვლება… ამიტომ ჩეჩნეთში აღარ წავედი. ამის შესახებ ანა წერდა. და… დიახ. დიახ. ჩვენ ვმეგობრობდით. ის მართლაც ძალიან ძლიერი ქალი იყო.

რომანში „ომს არ აქვს ქალის სახე“ წერთ, „სკოლის ბიბლიოთეკის წიგნების ნახევარი ომზეა. ისევე როგორც სოფლისა და რაიონის ცენტრის ბიბლიოთეკებისა, საიდანაც მამას ხშირად ჩამოჰქონდა წიგნები. ახლა შემიძლია ვუპასუხო შეკითხვას, რატომ იყო ასე? განა ეს შემთხვევითი იყო? სულმუდამ ვომობდით ან ომისთვის ვემზადებოდით. სხვაგვარად არასოდეს გვიცხოვრია და ალბათ არც შეგვიძლია…“ წიგნი, რომელზეც ახლა მუშაობთ, სიყვარულზეა… როგორ მიხვედით ომიდან სიყვარულამდე?

იცით, ოდესმე შეიძლება ჩვენზე იფიქრონ, რომ ბარბაროსები ვიყავით, რადგან ერთმანეთს ვხოცავდით, ვკლავდით სხვა ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის განსხვავებულად ფიქრობდა. უნდა მოკლა იდეა და არა ადამიანი. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ როგორ სიძულვილში ვიზრდებით, გესმით? დღიდან დღემდე ომს ხედავ. და ეს სიძულვილის სიტყვები – შენ გძულს ის, მას სძულს… ყველას ერთმანეთი… ვიღაც ან რაღაც სძულს. ვფიქრობ… რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არასრულფასოვანია, რადგან მკვლელობის შემდეგ… როცა ვიღაცას მოკლავს… ის უკვე სხვა ადამიანი ხდება. ჩვენთან მათ, რა თქმა უნდა, გმირებს უწოდებენ და გარკვეული თვალსაზრისით არიან კიდეც გმირები. მაგრამ მე პაციფისტი ვარ. არ ვიღებ გმირობის ისეთ ფორმას, ისეთ მტკიცებულებას, როგორიც მკვლელობაა. ამიტომაც ჩემი წიგნები, ისინი… მათგან შეიძლება სიყვარულიც მიიღო და სიძულვილიც. მაგრამ მე მინდა, რომ ამ ყველაფრიდან ხალხმა სიყვარული მიიღოს, რადგან იცით… სიძულვილი ჩვენ ვერ გადაგვარჩენს… მხოლოდ სიყვარული.