ტაო-კლარჯეთი – პირველი ბეჭედი პასპორტში

ტაო-კლარჯეთში სამი ავტობუსით გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო და როგორც ადრეც ვახსენე, ცნობილ და თავის საქმის პროფესიონალ ხელოვან ადამიანებთან ერთად მომიწია მოგზაურობა. ეს ის ხალხი იყო, რომელიც თავს ქართულ ინტელიგენციას უწოდებს. ალბათ არიან კიდეც. როდესაც მსგავს ადამიანებს ახლოდან გაიცნობ, აუცილებლად გადაფასდება შენი წარმოდგენები ამა თუ იმ სუბიექტზე, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად დადებითისკენ, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით უარყოფითისკენ. ასეთ რეალობასთან პირისპირ დარჩენა მეტად სასარგებლოა. ადამიანად ყოფნას სწავლობ მათგანაც ვინც თავის პიროვნული მახასიათებლებით იმედი გაგიცრუა და მათგანაც, ვინც აღფრთოვანებაში მოგიყვანა. ჩვეულებრივი და გარდაუვალი პროცესია.

მაგრამ ჩემ გვერდით იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი თანამოაზრეები: გიო არაბული, ნინო ნადირაძე, ნუკრი ბერეთელი და ნინო ნეკერიშვილი. მათი იმედი მქონდა და ამ იმედგაცრუებებს არ შევუშინებივარ.

გამთენიას სამ საათზე უნდა დავდგომოდით გზას, მაგრამ არავის გაჰკვირვებია, რომ მხოლოდ 5 საათზე დაიძრა ჩვენი ავტობუსები. ერთ-ერთ ქალბატონს (წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო), პასპორტის წამოღება დაავიწყდა და ვიცდიდით, სანამ სახლში დაბრუნდა და ამ საჭირო ნივთით ხელდამშვენებული ისევ შემოგვიერთდა. თურქეთის საზღვარი დილით გადავკვეთეთ. ერთი ინციდენტი იქაც გველოდა, ერთ-ერთ პროფესორს ვადაგასული პასპორტი აღმოაჩნდა და სარფის საზღვრამდე მისული უკან თბილისში გამოაბრუნეს.

თურქმა მესაზღვრეებმა პასპორტში პირველი ბეჭედი ჩამირტყეს თუ არა, ღრმად ჩავისუნთქე და მარჯვენა ფეხით გადავედი საზღვარზე. საოცარი შეგრძნება დამეუფლა. პირველად ვტოვებდი საქართველოს, თუმცა ესეც პირობითად, ეს ბეჭედი ხომ საქართველოს დაკარგული ტერიტორიის მონახულების უფლებას მაძლევდა (რას არ მისცემდა თითოეული ჩვენგანი, პასპორტში მსგავსი ბეჭედით აფხაზეთში თუნდაც ერთი დღით ფეხის დადგმის უფლება რომ მოეპოვებინა).

ისევ ჩავსხედით ავტობუსში და გზას დავადექით. ლურჯი, ლურჯი ზღვა დაუსრულებლად. ასე იწყება თურქეთი ჩემს წარმოსახვაში. ავტობუსის ფანჯრიდან საოცრად სუფთა და კამკამა ზღვას მივჩერებოდი. საშინელი მარტოობის გრძნობა დამეუფლა და ამ პირველი მოგზაურობიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის მეუფლება ეს გრძნობა, როცა საქართველოს საზღვარს გავცდები ხოლმე.

ბათუმელი გიდები მოგვყვებოდნენ. სამივე ავტობუსში დანაწილდნენ. ჩვენი ავტობუსის გიდმა გვითხრა, სასტუმროში გაგიმართლათო (ორ სასტუმროში უნდა გავნაწილებულიყავით). ჩვენი სასტუმრო პატარა ხის შენობა აღმოჩნდა. გამართლება კი იმაში მდგომარეობდა, რომ მდინარის პირას ვიყავით და მთელი ღამე მდინარის ხმა ისე იფრქვეოდა ოთახში, იფიქრებდი გადაუღებლად წვიმსო. საოცარი სურნელი ჰქონდა იქაურობას. ეზოში კი დიდი აუზები იყო, სადაც უთვალავი ოქროს ტევზი დაცურავდა. დაღამებულზე ჩავედით და გამთენიას 7 საათზე გიდებმა კარზე ბრახუნით რომ გაგვაღვიძეს, გაჭირვებით გავახილე თვალი და ენით აუწერელი სილამაზის წინაშე აღმოვჩნდი. პირველი შთაბეჭდილება წარმოუდგენელი იყო. ასეთ დროს, უბრალოდ უნდა დაჯდე და ისუნთქო ცხვირითაც და თვალებითაც.

მანამდე კი ღამე სასტუმროს აივანზე მხიარული სუფრის გარშემო გავატარეთ. მარიამობა თენდებოდა. ჩვენს ჯგუფში აღმოჩნდნენ დათო არჩვაძე და ანსამბლ „მოძახილის“ ბიჭები. ქართულ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულები ტაო-კლარჯეთში გატარებული სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მღეროდნენ. სიმღერით იძინებდნენ და დილითაც, ნახევრად გამოუფხიზლებლები, სიმღერით გამოდიოდნენ თავიანთი ნომრებიდან. ჯერ ცალცალკე, მერე ერთად შეჯგუფდებოდნენ, გიტარები ხომ მუდამ თან ჰქონდათ და მღეროდნენ და მღეროდნენ. პირველ ღამეს ტრადიციულ ქართულ სუფრაზე სიმღერა და პოეზია ერთმანეთს ცვლიდა, ასე იყო მომდევნო ღამეებსაც. მახსოვს პირველ დღეს მე და ნინო ნადირაძე დასაძინებლად რომ წავედით, მთელი ღამე ჩაგვესმოდა როგორ კითხულობდნენ ლექსებს გიო არაბული და ნუკრი ბერეთელი, მგონი ასე გაათენეს სასტუმროს ეზოში. ძალიან დიდ ხანს ამ დღეების შემდეგ „ჩემი ტაოელები“, ასე ვეფერებოდით ერთმანეთს. იქ ჩვენ ერთმანეთი და ეს კურთხეული მიწა გვქონდა საზრუნავი და მოსაფერებელი და ვზრუნავდით კიდეც როგორც შეგვეძლო. იქ მე და ჩემი მეგობრები შევიცვალეთ, სხვა ადამიანებად გარდავისახეთ და არ ვიცი დანარჩენები რას იტყვიან ამაზე, მაგრამ მე პირადად მაშინდელი გვანცა მეტად აღარასდროს შემიგრძვნია საკუთარ თავში.

ტაო-კლარჯეთში ძირითადი ისტორიული ძეგლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებითაა განლაგებული და გამოდის რომ დღის მანძილზე ორ-სამ ძეგლს ნახულობ, მაგრამ სამსაგიეროდ დილის 8 საათზე გადიხარ სასტუმროდან და დაღამებამდე გზაში ხარ. საკმაოდ დამღლელი პროცესია, მაგრამ რა არის ეს დაღლა იმ სიხარულთან შედარებით, რაც წინ გელის. თუმცა მწუხარებასთან შეზავებული სიხარულია უფროა ეს და ხშირად ვერც საზღვრავ, რომელი უფრო ჭარბობს.

ავტობუსი მიუყვება გზას, სულ უფრო ზევით და ზევით ადიხარ ზღვის დონიდან და შენს თვალწინ იშლება არნახული სურათები, არნახული ბუნება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ როცა ოდესღაც ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიულ შემადგენლობაში იყო, ეს მხარე იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავისი სილამაზით საქართველოს სხვა კუთხეებს შორის. ამ საოცარი სანახაობის ხილვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და სიამაყის გრძნობაც არც თუ იშვიათად მეუფლებოდა, მაგრამ პარალელურად ვგრძნობდი, როგორ თანდათან მიმძიმდებოდა გული, და განუწყვეტლივ ვფიქრობდი, როგორ, როგორ მოვახერხეთ ამ ყველაფრის დაკარგვა. იგივეს ვხედავდი და ვკითხულობდი ჩემი მეგობრების თვალებში. ნუკრის განსაკუთრებულად შეცვლოდა სახე, ძალიან დიდი ტკივილის ლანდი ირეკლებოდა მის თვალებში. ყველაფერს ფოტოს უღებდა, ყვავილებს, ქვებს, ბალახს.

მერე იმაზეც იწყებ ფიქრს, რომ ის ხალხიც, რომელიც ახლა ამ ტერიტორიაზე სახლობს, შენი მტერია. მინდოდა ამაყად მეცქირა მათთვის, ნიშნისმოგებით და ეს ყველაფერი იმის მაუწყებელი ყოფილიყო, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ ცხადია ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება. ხალხი, ადამიანები. განა მათ რამე დაგიშავეს?! იქ დასახლდნენ, სადაც დაასახლეს ან სადაც გზად გამოიარეს. მსგავსი რამეები ბევრად ზევით წყდება, მიწაზე ბევრად ზევით.

პირველი გაჩერება დოლისყანაში იყო. ტაძარი ადგილობრივი ბავშვებით იყო სავსე. ველოსიპედებზე იყვნენ შემომსხდარნი და ტაძრის მთელ ტერიტორიაზე დააგელვებდნენ. მახსოვს ყველა როგორ აღვშფოთდით ამით. რეალურად კი, ისინი ჩვეულებრივი გლეხის ბავშვები იყვნენ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმ მიწაწყლის ისტორიის შესახებ, სადაც ცხოვრობენ, არც ამ ტაძარზე ჰქონდათ დიდი წარმოდგენა. მათთვის ეს ჩვეულებრივი მიტოვებული ნანგრევი იყო, სადაც რატომაც არ უნდა ეთამაშათ. ის კი არა, ერთი-ორმა თურმე ფულის გაკეთებაც კი მოინდომა ტაძარში შესვლის უფლების გასაცემად, მაგრამ ცხადია მათ წამოწყებას არავინ აჰყვა.

შემდეგი გაჩერება „ხანცთა“ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი ჯგუფის ასაკოვანმა წევრებმა დაღლილობა მოიმიზეზეს და კატეგორიულად მოითხოვეს სასტუმროში დაბრუნება. ახალგაზრდები გაოგნებულები ვიყავით, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ჯგუფი არ დაანაწევრეს და ყველანი სასტუმროში წაგვიყვანეს. ასე დავკარგეთ „ხანცთის“ ხილვის ბედნიერება.

ოშკმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც კი მიუახლოვდები ტაძარს, მაშინვე ხედავ, რა თქმა უნდა, როგორი უზარმაზარია, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციები მაშინ გეუფლება, როცა ტაძარში შედგამ ფეხს და შიდა სივრციდან ზემოთ აიხედავ. ტაძარი სანახევროდ ჩამონგრეულია, მაგრამ წარმოუდგენლად გრანდიოზული და ენით აუწერელი. გიო არაბულმა მახსოვს ოშკის დანახვისას რატი ამაღლობელის ლექსი მოიგონა:

„რახან შენ დგახარ. თან ხარ, თან არ ხარ.

ქვა ხარ და ქვაში ხმა ხარ და გავხარ

აღმავალ ლოცვას, რომელსაც ამხელ

და რომლის დროსაც ტანიდან გახვალ

შენ იმხელა ხარ.“

„მოძახილის“ ბიჭებმა მრავალჟამიერი დასძახეს.

როცა ამ მოგზაურობაზე ვწერდი, სრულიად შემთხვევით „ფეისბუქზე“ ბუბა კუდავას ფოტალბომს წავაწყდი „ტაო-კლარჯეთი (ფოტოემოციები)“. გული ამიჩქარდა და სასწრაფოდ გავხსენი. განა შეიძლება ტაო-კლარჯეთზე ფიქრობდე, წერდა და არ გახსოვდეს ეს ადამიანი. ბუბა კუდავას სახელი მუდმივად ტაო-კლარჯეთს უკავშირდება, მუდმივად იქაა, ყველა კუთხე-კუნჭული იცის, ყველა ქვას ეფერება და უვლის. მე ამას არასდროს შევსწრებივარ, მაგრამ ამის მეტი რა მსმენია. ალბათ ასე ეწირებიან ადამიანები იდეას, მისიას, სამშობლოს. ფოტოალბომში თითოეულ ფოტოს პატარა ჩანახატი ახლდა. ოშკისადმი მიძღვნილი სიტყვები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა:

„ერთ ცხოვრებაში რამდენჯერ უნდა ეწვიო კაცი ოშკის ტაძარს, არ ვიცი. არც პათეტიკა მიყვარს და არც კატეგორიული მოწოდებები, მაგრამ მგონია, რომ ვისაც ოშკი არ უნახავს, მას ქართული კულტურის შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც ქრისტიანობაზე იმ ადამიანს, სახარება რომ არ წაუკითხავს. ოშკი სახარებასავითაა. დიდია ოშკის პირველი წაკითხვის ემოციები, მაგრამ მასთან ყოველი მისვლა სულ ახალს და ახალს გაპოვნინებს.“

იშხნის გუმბათმა შეიძლება სრულიად დაგამუნჯოს. მსგავსი ფერის გუმბათი არც არსად შემხვედრია, სრულიად უნიკალურია. არ ვიცი ამ ფერს ლურჯი უნდა ერქვას თუ არა საერთოდ და თუ უნდა ერქვას, ესე იგი აქამდე არ გვცოდნია ლურჯი რა ფერია.

იშხანში ღვთისმშობლის პატარა ხატი დავტოვე, ლოდებს შორის მივმალე და ამ ტაძრის მფრაველობა შევთხოვე. დიდი ემოციური წნეხისგან მიღებული წამიერი გადაწყვეტილება იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ამ საქციელზე, განვიცდიდი, არ ვიცოდი რამდენად მართებული იყო ხატის ასე უპატრონოდ მიტოვება, სადაც არავინ იზრუნებს მასზე. ალბათ არც იყო მართებული.

თორთუმის ჩანჩქერი – უდაოდ დიდი სანახაობაა. წლების მერე თორთუმი კაბადოკიაში მოგზაურობისას გამახსენდა, როდესაც იჰლარას ხეობაში ჩავედით. რაღაცით ჰგავს ეს ორი ადგილი ერთმანეთს. თუმცა თორთუმი იმითაც იყო საინტერესო, რომ პირველად შევავლე თვალი მხატვარს, რომელიც იჯდა და ალბათ ჩანჩქერს ხატავდა. ისიც ჩვენი ჯგუფის წევრი იყო, მოგვიანებით ერთ ავტობუსშიც აღმოვჩნდით, სადაც მე და ჩემი მეგობრები ლექსებს ვკითხულობდით, ხან ჩვენსას, უფრო ხშირად კი სხვისას. იქ წავიკითხე პირველად ჩემი ახალი ლექსი „მე თასმინი ვარ“, რომელიც ებრაელთა გენოციდს ეძღვნება და მოგვიანებით ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა კიდეც. მაშინ ის მხატვარი მოვიდა და ამ ლექსის ჩანაწერი მთხოვა. დიდხანს კითხულობდა, მერე დამიბრუნა და მადლობა მითხრა. ასე დასრულდა ჩვენი ნაცნობობა. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ფეისბუქზე მომძებნა და შეხვედრაც მთხოვა (კიდევ ერთი მაგალითი, როგორ უჭირთ თანამედროვე ბიჭებს გოგოებთან ელექტრონული საშუალებების გარეშე ღია ურთიერთობა), გავიგე, რომ, როდესაც ტაო-კლარჯეთიდან დავბრუნდით, იმდენად გამოჰყოლოდა ჩემი ლექსის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება, სანამ ნახატად არ გადავაქციე, იქამდე ვერ ამოვისუნთქეო. თუმცა ჩვენი „მეგობრობა“ არც „ფეისბუქზე“ და არც მის მიღმა არ აეწყო და ის ნახატი დღემდე არ მინახავს.

ხახულის მონასტერში ახლა უკვე მეჩეთია, თუმცა შიგნით შესვლა ვერ მოხერხდა, მხოლოდ გარეგნულად დავათვალიერეთ. მეჩეთია პარხალის მონასტერშიც. შიდა სივრცის დიდი ნაწილი მომწვანო-სალათისფრად არის გადაღებილი. თუმცა ამაზე არანაკლებ შებღალულად მომეჩვენა „ოთხთა“, სადაც არც მეჩეთია, არც მისი კედლების გადაღებვა უცდია ვინმეს, სამაგიეროდ აქ მრავლად იპოვით ქართულ წარწერებს, სწორედ ისეთებს სამშობიაროების კედლებზე რომ ტოვებდნენ ხოლმე გახარებული მამები: „აქ დაიბადა ..“ და სახელი და გვარი. ტაძრის კედლებზეც ასეთი წარწერები იყო: „აქ ვიყავით …“ ჩამოთვლილი სახელები და აუცილებლად ქვეშ მითითებული თარიღი.

შენ თვითონ თუ არ უპატრონე, მოუარე და იბრძოლე შენთვის ძვირფასის გადასარჩენად, სხვა შენ მაგივრად ამას არასოდეს გააკეთებს. ჩვენ კი ქართველებს ხშირად გვემართება, მტრის რისხვას გადარჩენილს საკუთარი ხელით რომ ვანადგურებთ ხოლმე.

ისევ ბუბა კუდავას ფოტოალბომს ვათვალიერებ –  ხანცთა, ბანა, ნუკა-საყდარი, თუხარისი, ვაშლობი, თამარის არხი, ხეოთი, ჩანგლი, ერუშეთი, შატბერდი, ქაჯთა ქალაქი, გარყლობის ციხე, კავკასიძეების ციხე, ანჩა – ამათგან არც ერთი არ მინახავს, ისე წამოვედი ტაოდან. ეს ნიშნავს, რომ უკან დასაბრუნებლად საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს.

Image

Leave a comment